ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის", ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.
რამ გამოიწვია ახალგაზრდების პროტესტი?
32 წლის დევიდის თქმით, არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, რას ნიშნავს ეს მილიონობით გერმანელისთვის, რომლებიც ან მიგრანტებისთვის, ან რასობრივად განსხვავებულნი არიან, როგორც ის.
დევიდი იმ მრავალთა შორის იყო, ვინც CDU-ს (ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი) გემის ფორმის მქონე შტაბ-ბინის გარეთ არჩევნების შედეგების გასაცნობად შეიკრიბნენ. პარტიის ერთგული წევრებისგან განსხვავებით დევიდი იქ არა საზეიმოდ, არამედ საპროტესტო მიტინგში მონაწილეობის გამო მივიდა.
იქ იყო 32 წლის გიან მეხერილიც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ამომრჩეველთა ნახევარმა გადაწყვიტა, ხმა ან CDU/CSU ბლოკისთვის, ან AfD-სთვის მიეცა.
"ეს ნიშნავს, რომ ფაშისტების კოალიცია კონსერვატიულ პარტიასთან შესაძლებელია, ეს დიდი საფრთხეა" - თქვა მან.
კვირას საღამოს მერცმა კვლავ განაცხადა, რომ "არავითარი კითხვა" არ არსებობს უკიდურეს მემარჯვენე პარტიასთან კოალიციაში შესვლის შესახებ. თუმცა მილიონობით გერმანელისთვის, რომლებიც AfD-ს უპრეცედენტო საფრთხედ მიიჩნევენ, ეს მხოლოდ მცირე ნუგეშია. განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, სადაც ხშირად მიგრანტების საწინააღმდეგო რიტორიკა ისმოდა, მაშინ, როცა ისეთი საკითხები, როგორიცაა ქვეყნის დაავადებული ეკონომიკა, გაუარესებული ინფრასტრუქტურა თუ საცხოვრებლების კრიზისი, თითქმის იგნორირებული იყო.
"კამპანია სავსე იყო რასისტული გადახვევებით რეალური პრობლემებისგან, რომლებიც გვაქვს,"- თქვა 19 წლის ფლომ.
"ვიტყოდი, რომ AfD სასაცილო მონსტრია" - თქვა 32 წლის ვილი შულცმა.
21 წლის შარლოტას აზრით კი არჩევნებმა გერმანიის ფრაგმენტირებული პოლიტიკური ლანდშაფტი გამოაჩინა. მერცს შეიძლება, კოალიციის შესაქმნელად ერთი ან ორი პარტია დასჭირდეს, სავარაუდოდ, სოციალ-დემოკრატები და შესაძლოა, მწვანეებიც.
"არ ვიცი, რა სახის კოალიცია გვექნება ახლა, მაგრამ ვფიქრობ, ახალი კანონების მიღება და პოლიტიკის გაგრძელება გერმანიაში ადვილი არ იქნება," - აღნიშნა შარლოტამ.
მისი თქმით, შედეგების გადამწყვეტი ის ერთი მეხუთედი იყო ამომრჩევლებისა, რომლებმაც ხმა უკიდურეს მემარჯვენეებს მისცეს. AfD განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
"ნეტავ ასე არ იყოს, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ პოლიტიკოსები ახლა ვერ ხედავენ. ამიტომ, ხმას AfD-ს აძლევენ", - ხაზს უსვამს შარლოტა.
ჯერ კიდევ სანახავია, რას ნიშნავს ეს შედეგი ახლა მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ეკონომიკური ძალისა და ევროკავშირის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნისთვის, იმ ფონზე, რომ ამჟამად ევროპა დონალდ ტრამპის პირობებში ტრანსატლანტიკური ალიანსის რღვევასა და ევროპული უსაფრთხოების მოახლოებულ საფრთხეებს ებრძვის.
"კამპანია ძირითადად მიგრაციას ეხებოდა, არაფერს სხვას, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპთან და პუტინთან დიდი პრობლემები გვაქვს," - თქვა შარლოტამ.