ავტორი:

"რატომ მოიტყუეთ? რამდენი წლის ხართ, როგორ უნდა იცხოვროთ ამით?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გამომძიებელს დაუპირისპირდა: რა მოხდა სასამართლოში

"რატომ მოიტყუეთ? რამდენი წლის ხართ, როგორ უნდა იცხოვროთ ამით?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გამომძიებელს დაუპირისპირდა: რა მოხდა სასამართლოში

"მატყუარა მოწმე პოლიციელი. დანარჩენი ვიდეოში" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ ტელეწამყვანი უპირისპირდება გამომძიებელს, რომელმაც, მისი თქმით ცრუ ჩვენება მისცა.

საქმე ეხება დაკავებულ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი მინდაძეს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა. 21 წლის გიორგი მინდაძეს მიმდინარე აქციების დროს პოლიციელზე, კერძოდ გდდ-ს თანამშრომელზე თავდასხმას ედავებიან.

  • სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტი ეკატერინე ყუფარაძე და შსს-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე. სწორედ მას დაუპირისპირდა ნანუკა ჟორჟოლიანი.

“რატომ მოიტყუეთ, რომ უწყებით მოვიდა გამოძიებაში, როდესაც წილკანში აიყვანეს სპეცოპერაციით? მოიტყუეთ! წილკანში აიყვანეს სპეცოპერაციით და თქვენ უთხარით, რომ უწყება გაუგზავნეთ და ისე მოვიდა პოლიციის სამმართველოში. თქვენ ხართ გამომძიებელი და სასამართლოზე თქვით, რომ მოვიდა უწყებით...

მატყუარა ხართ მეთქი. გეუბნებით, რომ წილკანში დააკავეს, მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ და სახლიდან გაიყვანეს. არ გრცხვენიათ? რამდენი წლის ხართ, როგორ უნდა იცხოვროთ ამით მართლა მაინტერესებს,“ - მიმართავს ჟორჟოლიანი სოფიკო ლოლაძეს.

  • გამომძიებელი კი მას პასუხობს, რომ არ მოუტყუებია.

“არ მომიტყუებია, წარმოდგენილია მასალები. სიმართლე ის არის, რომ გიორგი მინდაძე უწყების საფუძველზე გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. არ დაუკავებიათ და მიწოდებთ მატყუარას,“ - მიმართავს ჟორჟოლიანს ის.

დაკავებული გიორგი მინდაძე

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტი ეკატერინე ყუფარაძე და შსს-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე.

სოფიკო ლოლაძის თქმით, 2024 წლის 29 ნოემბერს გამოძიება დაიწყეს პოლიციელზე თავდასხმის შესახებ, საგამოძიებო ჯგუფმა დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ისვრის გიორგი მინდაძე პიროტექნიკას და “პოლიციელზე თავდასხმას ახორციელებს“. სოფიკო ლოლაძის თქმით, პოლიციელმა შედეგად ფეხი დაიზიანა, შემთხვევა კი 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.

სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა მოწმე სოფიკო ლოლაძე ჰკითხა, დაათვალიერა თუ არა, როგორც გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი, რაზეც მან უპასუხა, რომ არა, შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგან “ჩავთვალეთ რომ იმ ეტაპზე არ იყო საჭირო“.

“გამოძიების პროცესში იდენტიფიცირდა გდდ-ს თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ბრალდებულმა მის მიმართ განახორციელა პიროტექნიკის სროლა და დაზარალებულმა როგორც მახსოვს, მიიღო მარჯვენა ფეხის დაზიანება.

  • გიორგი მინდაძეს კი უწყება ჩაბარდა და თავისივე ფეხით გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში“, - განაცხადა სოფიკო ლოლაძემ.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულის დედა, ნანი წულაია. როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოწმის სახით დაკითხულმა შსს-ს გამომძიებელმა, სოფიკო ლოლაძემ სასამართლოს სხდომაზე მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მისი შვილი გიორგი მინდაძე უწყების საფუძველზე მივიდა პოლიციაში. ნანი წულაიას თქმით, მისი შვილი პოლიციელებმა სინამდვილეში მაშინ დააკავეს, როდესაც ახლობელთან სტუმრად იყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.