სპორტულმა კომენტატორის სანდრო ცნობილაძის ქალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათ სახლში ჩხრეკა "ქალის მიმართვის საფუძველზე" განხორციელდა.
ნატა ცნობილაძე წერს:
"ვინც მამაჩემს იცნობს მჯერა გავრცელებულ ინფორმაციას ( გული მერევა და ვერც კი ვიმეორებ რის გამო შემოვარდნენ სახლში), არავინ დაიჯერებს. მამაჩემი არის კაცი, რომელმაც როდესაც დედა წამართვეს მე და ჩემი ძმა მთელი სულით და გულით დაგვიცვა, გაგვზარდა, თეთრი არ დაიშურა იმაში რომ შემდგარი ადამიანები ვყოფილიყავით.
მამაჩემი ის კაცია, რომელმაც ყველაფერი თავის ზურგზე გადაიტანა და არავის გააბედინა რამე ზედმეტი ეთქვა. მამაჩემი არის ადამიანი, რომელიც მის სამშობლოს არასდროს ღალატობს და თავისუფალი დრო როგორც კი გამოუჩნდება აქციაზე დგას.
მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ათასი სიბინძურე ნახა, და მაინც არის შესანიშნავი პიროვნება.სანდრო ცნობილაძე, მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც კბილებით დაგვიცვა მე და ჩემი ძმა, რომელსაც არასდროს უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის, ოჯახისთვის.ჩვენი ოჯახის ისტორია ვინც იცით, ყველა ხვდებით ვინ არის მამაჩემი.
რაც ვარ, ვარ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ სანდრო ცნობილაძეა მამაჩემი და რამდენი ბრძოლაც არ უნდა დამჭირდეს, მის სახელს არავის შევალახვინებ. ჩვენ კარგად ვართ, ჩვენ მაგრად ვართ, ისე როგორც ჩვენს ოჯახს შეეფერება".
ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.
ჩხრეკის პროცესს ადვოკატიც დაესწრო. თავად ცნობილაძე აღნიშნულს საპროტესტო აქციებზე მის აქტიურობას უკავშირებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, რას ეძებენ მის სახლში. ცნობილაძის თქმით, ჩხრეკაზე დილით შევიდნენ და ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი.
წაიკითხეთ ასევე: