ახალი ზელანდიის ვაჭრობისა მომხმარებელთა საკითხების მინისტრმა, ენდრიუ ბეილიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ რაც ერთ-ერთი დისკუსიის დროს, თანამშრომელს "მკლავზე ხელი დაადო".
"ამის გამო ძალიან ვწუხვარ, დისკუსიის დროს ძალიან შორს წავედი და ხელი მკლავზე დავადე, რაც შეუსაბამო იყო“, - ამბობს გადამდგარი მინისტრი.
როგორც მედია წერს აღნიშნული ქმედების გამო მინისტრის წინააღმდეგ საჩივარი იყო შეტანილი.
ეს არის მეორე ბოდიში, რომელსაც ბეილი თავისი მინისტრობის განმავლობაში იხდის. მანამდე, გასული წლის ოქტომბერში ბეილის თანამშრომელმა დაწერა საჩივარი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბეილი სვამდა, მას ლანძღავდა და "ლუზერს" უწოდებდა.
ბეილიმ საპასუხოდ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სინამდვილეში მისმა თანამშრომელმა არასწორად გაიგო მისი სიტყვები.
მართალია, ის გადადგა მინისტრის თანამდებობიდან მაგრამ როგორც ამბობს, რჩება პარლამენტის წევრად და მოუთმენლად ელის, რომ ემსახუროს თავის ამომრჩეველს.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრისტოფერ ლუქსონის განცხადებით, "ხელის მოკიდების“ ინციდენტი 18 თებერვალს მოხდა, მალევე კი მან მინისტრისგან მიიღო განცხადება გადადგომის შესახებ. პრემიერის თქმით, ბეილს უნდა მიეცეს დრო ოჯახთან და თანამშრომლებთან ამ თემაზე სასაუბროდ.