ავტორი:

წლის პარტნიორი კომპანია - რა შედეგებით დაბრუნდა “სოლუქსი“ ესპანეთში გამართული აუდიოვიზუალური სისტემების გამოფენიდან

წლის პარტნიორი კომპანია - რა შედეგებით დაბრუნდა “სოლუქსი“ ესპანეთში გამართული აუდიოვიზუალური სისტემების გამოფენიდან

"სოლუქსი" მომხმარებელს საჯარო და კერძო სივრცეებში აუდიო-ვიზუალურ გაფორმებას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანია ლიდერ საერთაშორისო მომწოდებლებთან თანამშრომლობს და პერიოდულად ესწრება საერთაშორისო ღონისძიებებს. სოლუქსის წარმომადგენლები წელს ბარსელონაში აუდიოვიზუალური სისტემების უმსხვილეს გამოფენაზე იმყოფებოდნენ. რა სიახლეებით დაბრუნდა ბრენდი ესპანეთიდან და რას ჰპირდება სამომავლოდ მომხმარებლებს, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ნინო დევაძეს ვესაუბრეთ.

  • მოგვიყევით უფრო მეტი ღონისძიების შესახებ. რა შემადგენლობის დელეგაცია სტუმრობდა ღონისძიებას თბილისიდან?

ინტეგრირებული სისტემები ევროპაში (ISE 2025) - ეს არის აუდიოვიზუალური და სისტემური ინტეგრაციის ერთ ერთი უდიდესი გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად ესპანეთში ტარდება. წელს ღონისძიებას 170-მდე ქვეყნის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ISE 2025 მნიშვნელოვანი პლატფორმაა პროფესიონალებისთვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები, გამოიკვლიონ რევოლუციური ტექნოლოგიები და დაამყარონ ახალი გრძელვადიანი კავშირები. წლევანდელი ღონისძიება იმითაც გამორჩეული იყო, რომ ინოვაციების წარმოდგენისა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც სფეროში დიდი ხნის მომუშავე კომპანიებს, ასევე პიონერებს. სხვადასხვა სივრცეში განსხვავებული აქტივობები მიმდინარეობდა, მათ შორის უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შეჯიბრი. ღონისძიებას წელს რეკორდული რაოდენობის დამსწრე ჰყავდა.

ღონისძიებაზე სოლუქსიდან კომპანიის დამფუძნებლები და საპროექტო მიმართულების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართული კონკრეტული გადაწყვეტილებების შეთავაზებაში და მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია თანამედროვე ტენდენციების შესახებ. ჩვენთვის ბევრი ტექნოლოგიური სიახლე აღმოჩენა იყო და გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ამ მნიშვნელოვანი გამოფენის მონაწილეები ვყოფილიყავით.

  • ვის შეხვდა ქართული მხარე და რა სახის მოლაპარაკებებში იყავით ჩართული?

ჩვენ შევხვდით აუდიოვიზუალური მიმართულებების თითქმის ყველა წამყვან ბრენდს, გავამყარეთ არსებული ურთიერთობა ბრენდებთან, რომელთანაც თანამშრომლობის მრავალი წლის გამოცდილება გვაქვს, გავეცანით მათ სიახლეებს. ასევე, გვქონდა შეხვედრები იმ ბრენდებთანაც, რომელთანაც ვგეგმავთ ურთიერთობის დამყარებას, შევთანხმდით დისტრიბუციაზე და ურთიერთობების განვითარების გზებზე. ვფიქრობ, ეს სიახლეები დაეხმარება სოლუქსს, გადავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე და უფრო მალე მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. გარდა ჩვენი სერვისების განვითარებისა, გვსურს, ბაზარზე მსოფლიო სტანდარტების შესახებ ცნობადობა ავამაღლოთ ჩვენს ქვეყანაში და ამით მომხმარებლის ნდობაც გავზარდოთ.

  • რა იყო ღონისძიებაზე დასწრების მთავარი მიზანი და რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა სოლუქსისთვის?

ჩვენი მთავარი მოტივაცია არსებულ ბრენდებთან ურთიერთობის განმტკიცება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაცნობა იყო. გვინდა, დროულად შემოვიტანოთ ქართულ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიები, მსოფლიოს ფეხი ავუბათ სიახლეების დანერგვაში. დღეს საქართველოში ამ მიმართულებით არც თუ ისე ბევრი ბრენდია წარმოდგენილი. ინოვაციური ტექნოლოგიები აუდიოვიზუალური გახმოვანების მიმართულებით, საქართველოში არ არსებობს, არ არის მრავალფეროვანი არჩევანი და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ.

მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი განათებისა და გახმოვანების სისტემები კი არის მაქსიმალურად გაციფრულებული, თანამედროვე, გამართული. გვსურს, რომ დავიმატოთ ახალი ბრენდები, სიღრმისეულად გავეცნოთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს აუდიო-ვიზუალური მიმართულებით, ავითვისოთ და დავნერგოთ საქართველოშიც.

  • Biamp-ის წლის პარტნიორი კომპანია გახდა სოლუქსი. რას ნიშნავს ეს კომპანიისთვის და რა სარგებელს მოუტანს სამომავლოდ?

Biamp არის ლიდერი ბრენდი პროფესიონალური აუდიოვიზუალურ სისტემების მიმართულებით, რომელიც ქართულ მხარესთან წლებია თანამშრომლობს. გასული წელს შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, ბრენდმა სოლუქსს 3 ტიპის ჯილდო გადასცა: გავხდით წლის პარტნიორი საქართველოში, მივიღეთ დისტრიბუციის სიგელი, ასევე, დააჯილდოვეს მიმართულების ხელმძღვანელი. ეს ხაზს უსვამს წინა წლის წარმატებულ შედეგებს, რომელიც მასშტაბური იყო კომპანიისთვისაც და შესრულების მაღალი ხარისხითაც გამოირჩეოდა.

  • მსგავს ღონისძიებებში ჩართვას რა მიზანი აქვს?

"სოლუქსი" ხშირად არის წარმოდგენილი საჯარო გამოფენებზე, ბაზრობებზე, თემატურ ფესტივალებზე, კონფერენციებსა და ვორქშოპებზე. გუნდის წევრები ესწრებიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებსა და ტრენინგებს.

აუდიოვიზუალური მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვილი ბრენდების მხარდაჭერა. გამოფენაზე არამარტო სიახლეებს და მსოფლიო ინოვაციების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, ასევე ვაცნობთ საკუთარ თავსაც, კომპანიის შესაძლებლობებს და საქართველოს ბაზრის პოტენციალს. ისინიც დაინტერესებული არიან მსგავსი ბაზრების ათვისებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი კომპანია რა მიმართულებით მუშაობას, რომ კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, ვიცოდეთ, რომელ ბრენდს მივმართოთ, რომელ კომპანიასთან დავამყაროთ ახალი კავშირები. ასევე, ჩვენი მიზანია, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობადობა საქართველოში, რომ იცოდნენ, რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული აუდიო-ვიზუალური სისტემები, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის სწორად გამართვა და რა ეფექტის მიღებაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით კი, საერთაშორისო გამოცდილება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

  • რომელ ბრენდებთან თანამშრომლობს კომპანია ახლა და რა პოტენციალი არსებობს საერთაშორისო ბაზარზე სოლუქსისთვის?

წლებია ვთანამშრომლობთ გიგანტ კომპანიებთან, რომლებიც ბევრ წარმატებულ ბრენდს აერთიანებენ. ასეთებია: ETC, ROBE, Biamp, Hkaudio , JBL pro, AKG, JTS, presonus, dpa, k-array, shure. თანამშრომლობის პოტენციალი უსაზღვროა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. გვინდა, რომ რეგიონში მთავარი პარტნიორები ვიყოთ ბრენდებისთვის და განვავითაროთ ბრენდის და მიმართულებების შესახებ ცოდნაც და სერვისიც.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, მუდმივად ინფორმირებული ვიყოთ მსოფლიო ტენდენციების შესახებ და ავუწყოთ ფეხი სიახლეებს. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდის გაძლიერებაც. ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად გადამზადებას გადიან უცხოელი პარტნიორების მხრიდან, რათა მომხმარებლებს პროფესიონალური მომსახურება გაუწიონ.

  • რა ეტაპზეა სოლუქსი, როგორც ბრენდი და რა არის თქვენი 2025 წლის მთავარი მიზანი?

ბრენდს დიდი ისტორია აქვს, უკვე 20 წელზე მეტია არსებობს. გვაქვს მუდმივად გამოწვევები, მაგრამ რაც მთავარია, გვყავს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები და შესაბამისად, ძლიერი გუნდი. ჩვენი მიზანია, საქართველოს აუდიოვიზუალური ბაზარი ავითვისოთ მაქსიმალურად, და ქართველ მომხმარებელს გავუმარტივოთ წვდომა ამ მიმართულებების მთავარ ბრენდებთან, გაზრდილი ასორტიმენტით და პროფესიონალური ინტეგრაციით. კომპანია სრულ მზადყოფნაშია, რომ შეასრულოს ნებისმიერი დონის პროექტი, მათ შორის, რთული დავალებაც. პროექტირება, მიწოდება, მონტაჟი , კონფიგურაცია, სისტემის გაშვება-დატესტვა - სოლუქსის სერვისი ამ ყველაფერს სრულად მოიცავს. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან თეატრები, საკონფერენციო დარბაზები, ტაძრები, სასტუმროები, რესტორნები და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა, კერძო პირებსაც ვუწევთ მომსახურებას, საჭიროებიდან გამომდინარე. მუდმივად ვცდილობთ, რომ სწრაფად მზარდ ბაზარს ყოველთვის თანამედროვე გადაწყვეტებით და მიდგომებით ვუპასუხოთ. სამომავლოდ, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილ და მაღალხარისხიან მომსახურებას შევთავაზებთ.

R