ავტორი:

რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის 90-ე დღეს (ფოტოები)

რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის 90-ე დღეს (ფოტოები)

პარლამენტის წინ აქცია ლოზუნგით - “არა რუსულ ოკუპაციას" მიმდინარეობს.

  • სხვადასხვა ლოკაციიდან რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა, საიდანაც მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

პირველ გიმნაზიასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში უკვე ადგილზე იმყოფება.

“დღეს საზოგადოება, რომელიც დგას აქ 90 დღე, არ ეპუება, არ ეგუება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად უწყობენ. ყველაფერი სცადეს - წყლის ჭავლები, ტყვიები, ძალადობა, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები, კიდევ ძალადობა და კიდევ შეურაცხყოფა, მაგრამ დგანან… დგას მზია ამაღლობელი, დგას თემურ ქათამაძე, ყველა ის დგას, ვინც დღეს პატიმარია. დგანან და იდგებიან, სანამ ჩვენ აქ ვიდგებით. ეს არის მაგალითი 25 თებერვლის მერე, რომ ქვეყანა კიდევ დგას და იდგება იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ და არ მივცემთ საშუალებას დღეს რუსულ რეჟიმს, რომ აქ ისევ რუსული ოკუპაცია დააწესოს.

ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ შიდა რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? - არც არაფერს, ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 90-ე დღეა უწყვეტად გამოდიან. მათ უცვლელი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ფოტოები: ვანო გორგიშვილი, გიორგი ჟამერაშვილი - ინტერპრესნიუსი