"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, 2025 წლის 26 თებერვალს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით განიხილავს 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეებს.
"სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება. დიდი პალატა ახლა განიხილავს, დაირღვა თუ არა წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლება მატერიალურ ნაწილში. ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით. შეკრება მანიფესტაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დადგენა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, რომლის განმავლობაშიც შენიღბული საპოლიციო რაზმების მიერ რამდენიმე ასეული ადამიანი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და უკანონო დარბევას. სხდომა საქართველოს დროით 26 თებერვალს, 12:15 საათზე გაიმართება.20 ივნისის მოვლენების მსხვერპლთა უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში დაიცავენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) იურისტები.
ამ თემას სტატუსით ეხმაურება 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. "გავრილოვის ღამისას" დაზარალებული მაკო გომური.
"fyi ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია.... იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები.
ნახევარ საათში 20 ივნისის საერთო საქმის განხილვა დაიწყება დიდ პალატაში.
უბრალოდ ჩვენს მოსასმენად და ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება.წარმატებები ჩვენ და გამარჯვება.