კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) ჯანდაცვის მუშაკების ინფორმაციით, უცნობმა დაავადებამ, რომელიც პირველად სამ ბავშვს აღმოაჩნდა, ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 16 თებერვლის მდგომარეობით, პროვინცია ეკვატორის შორეულ სოფლებში დაავადების ორი აფეთქების შედეგად, 431 შემთხვევიდან 53 სიკვდილით დასრულდა.
"შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ზუსტი მიზეზი უცნობი რჩება", - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, ტარიკ ჯაშარევიჩმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მან აღნიშნა, სოფლებს შეზღუდული სამეთვალყურეო შესაძლებლობები და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა აქვთ.
ბიკორის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, სერჟ ნგალებატოს თქმით, სიმპტომების დაწყებიდან, რომელთა შორისაა ცხელება, ღებინება და შინაგანი სისხლდენა, სიკვდილამდე ინტერვალი უმეტეს შემთხვევაში 48 საათია და "სწორედ ესაა ყველაზე შემაშფოთებელი".
13 შემთხვევის ნიმუშები უარყოფითი აღმოჩნდა ებოლასა და მარბურგის ვირუსზე, მაგრამ ჯანმოს განცხადებით, ჯანდაცვის გუნდები ადგილობრივად იკვლევენ სხვა პოტენციურ მიზეზებს, მათ შორის მალარიას, საკვებით მოწამვლას, ტიფს, მენინგიტს ან სხვა ვირუსულ ჰემორაგიულ ცხელებებს.
ადრეული აფეთქება, რომლის დროსაც12 შემთხვევიდან 8 სიკვდილით დასრულდა, სოფელ ბოლოკოში 21 იანვარს გამოვლინდა.
ეს აფეთქება სოფელში, იმავე თვის დასაწყისში ხუთ წლამდე ასაკის სამი ბავშვის სიკვდილს უკავშირდება. სიმპტომები, მათ შორის ცხელება და სისუსტე, ჰემორაგიულ ნიშნებში გადაიზარდა, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა და სისხლის ღებინება.
ანგარიშების თანახმად, ბავშვებმა ავად გახდომამდე მკვდარი ღამურა შეჭამეს.
დანარჩენი შემთხვევები ბოლოკოში და ახლომდებარე სოფელ დონდოში აღმოაჩინეს და თითოეული მსგავსი სიმპტომებით ხასიათდებოდა.
ჯანმოს განცხადებით, ორ კლასტერს შორის კავშირი ჯერჯერობით არ დადგენილა.
"ვიკვლევთ, არის თუ არა ეს სხვა ინფექცია ან რაიმე ტოქსიკური აგენტი. უნდა ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს და რა დონეზე შეუძლია ჯანმოს მხარდაჭერა", - განაცხადა ჯაშარევიჩმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი აფეთქებები წარსულშიც მომხდარა.
დეკემბერში კონგოში გამოვლენილი ავადმყოფობა, საბოლოოდ მალარიად იდენტიფიცირდა.