მას შემდეგ, რაც დიდთოვლობამ გურიის, აჭარის, ზემო აჭარისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონში პრობლემები შექმნა, სოფლებში ჩარჩენილმა მოსახლეობამ საკუთარი გასაჭირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში დაიწყო.
სწრაფად გავრცელდა ცნობები ოჯახების შესახებ. დათოვლილ სახლებში მოხუცები, მცირეწლოვანი ბავშვები და რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა უმწეო მდგომარეობაში იყვნენ.
25 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში დაიღუპა შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად, სახლის სახურავის გადათოვლისას გადავიდა.
სპეციალურ შესავსებ ფორმაში გურიის მოსახლეობა მათ ლოკაციას და მდგომარეობას წერს. მაგალითად, აცანაში, აკეთში, ქვემო აკეთში, ლესაში, კოკათში, მამათში და სხვა სოფლებში, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, ოჯახები საკვებს და პროდუქტებს ითხოვენ.
ამის ფონზე მოქალაქეები დიდთოვლობის და სტიქიური მოვლენებისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დაირაზმნენ. რეგიონული ხელისუფლების პარალელურად, სადაც სამაშველო ოპერაციებში ჯარიც ჩაერთო, დაზარალებულების დასახმარებლად გაეშურნენ “ოფრიუდერები“ და მოხალისე “გმირები“.
დღეს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს.
მოხალისე ბაკურ ხუბულავა, რომელიც დასახმარებლად ზემო ნატანებში იმყოფება, ვიდეო მიმართვას ავრცელებს მისი თქმით ადგილზე მისვლისას საჭიროა იმაზე მეტი პროდუქტი და საჭირო ნივთები, ვიდრე ვრცელდება ინფორმაცია.
“დიდი ნაწილის გავლა მოგვიწია ფეხით, ამიტომ ამისთვისაც მზად იყავით. ბევრი ინფორმაცია არ არის გავრცელებული, ამიტომ ერთ მისამართზე წასვლისას, მაქსიმალურად დაიტვირთეთ,“ - აცხადებს ბაკურ ხუბულავა.
“ბავშვის საკვები და წამლები მიტანილია აკეთში, ოჯახში. ასევე მაღაზიაში რომ საკვები იყო დატოვებული, მაგათთვის ეგეც მიაწოდეს. მამათში წასვლა გადაიდო რადგან ტრაქტორები და თავდაცვა ადის იქ და დღეს გახსნიან დიდი ალბათობით,“ - წერს ლადო მენთეშაშვილი.
“მოხალისეები ლანჩხუთში ჩავედით ორი მანქანით, რაღაცები დავტოვეთ და ადგილზე გვითხრეს რომ ოზურგეთს უფრო სჭირდება დახმარება. ოზურგეთის შტაბის საკონტაქტო თუ არსებობს, რამდენიმე მისამართზე ვაპირებთ გასვლას, რაც ლანჩხუთის შტაბში მოგვცეს და ოზურგეთთანაც რომ გვქონდეს კავშირი. გვაქვს პროდუქტები, წამლები და გვყავს ცოცხალი ძალაც,“ - წერს ბაკურ ხუბულავა.
“მამა დავითი სამშვიდობოზეა. სოფელი ნინოშვილი. აქედან მივდივართ ბავშვებთან მიგვაქვს საჭმელი და წამლები“, - წერს გიორგი გახელაძე.
გუშინ, საღამოს ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ მოხალისე “ოფროუდერებმა“ დიდ გაბარიტებიანი ავტომობილებით, სტიქიის ზონაში საკვები და სხვა საჭირო ნივთები, მედიკამენტები წაიღეს.
“პირველი ღამის პირველი ნახევარი. ვიყავით შემდეგ ლოკაციებზე:
სოფელი ნიგვზიანი - სოსო აფხაზავას ოჯახი.
ჯურუყვეთი - კახა მარგალიტაძის ოჯახი
აგარაკი - შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის ოჯახი. აღნიშნულ ოჯახებს დავუტოვეთ საკვები, მედიკამენტები, წყალი. პლუს ბავშვთა საკვები 0-1 წელი და საკვების ნაწილი დავტოვეთ ლანჩხუთში, საკოორდინაციო შტაბში სადაც ოქრო ხალხია შეკრებილი.
ვბრუნდებით ჯურუყვეთში, ერთ-ერთ ოჯახში საკვების პრობლემაა. იქიდან სავარაუდოდ შრომისკენ დავიძვრებით.
ერთ მონაკვეთზე ჩავრჩით თოვლში და მოგვიწია თხრა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ვაგრძელებთ მუშაობას. ძალა ერთობაშია!“ - წერს მოხალისე გიორგი წეროძე.
“ქუთაისიდან ჩამოსულები ვართ ჩოხატაურში", - წერს ჯგუფში ვალერი ვაშაკიძე, რომლის ცნობითაც, რამდენიმე ოჯახთან საჭირო ნივთების მიტანა უკვე შეძლეს.
“3-4 საათში ვიქნებით გურიაში თოვლმავლით და ამ ყველგანმავლით, ვისაც დახმარება გჭირდებათ, მოგვეცით კოორდინატები, გიშველით,“ - წერს ის.
“დღის ბოლოს შევაჯამებთ და მოგწერთ. ახლა ნატანებში მივდივართ მცირეწლოვანს უნდა ავუტანოთ საკვები პროდუქცია“, - დაწერა მოხალისე ნიკა ქუხილავამ.
“დენი არ აქვთ, 2-3 დღის საკვები, მაგრამ საკვებზეც აღარ არის ლაპარაკი, შეიძლება გაიყინონ, სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება.
იანგარიშეთ მეტი პროდუქტი და წამალი. მიდიხარ ერთ ოჯახში და გეუბნებიან, რომ კიდევ ხუთს უჭირს.
ჯერჯერობით მოვიარეთ მხოლოდ ზემო და ქვემო ნატანები. აქ კიდევ უნდა ამოვიდეს პროდუქტი და წამალი.
დახმარება გაეწიათ - გიორგი შუკაკიძეს (5 შვილი ჰყავს, ასე გვითხრეს. სიაში არ იყო);
დავით ლეჟავა და დედამისი - 5 სულიანი ოჯახი, ჰყავთ ჩვილი ბავშვი;
შალვა ნაკაიძე - ჰყავს შშმ პირი შვილი; 4 სულიანი ოჯახი;
ნინა ბოლქვაძე - ახლა მიჰყავთ ოზურგეთში ცოფის აცრაზე; მეორე მანქანით.
ასევე მოხუცი შვილი - ხომერიკები თუ არ ვცდები. მამა უსინათლო იყო.
ჩვენი მძღოლია გაგი, კასპიდან.
კოორდინაციის მხრივ მადლობა ლანჩხუთის და ოზურგეთის მოხალისეთა შტაბებს,“ - წერს ფარჯიანი.
იხილეთ ასევე: