წუხანდელი ღამიდან გადაუღებლად თოვს შიდა ქართლში, რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, ყველაზე უხვი ნალექი ხაშურის მუნიციპალიტეტშია.
როგორც “ინტერპრესნიუსთან“ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, შედარებით პრობლემური ზონები სწორედ ხაშურის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის დასახლებული პუნქტების მიმართულებითაა.
“უხვი ნალექია რეგიონში, თუმცა, ყველაზე უფრო საყურადღებო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებია, სადაც თოვლის საფარი შედარებით მაღალია. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია ღამის საათებიდან, სხვა ტექნიკასთან ერთად, 9 ერთეული მძიმე ტექნიკაც მუშაობს, მათ შორის - მუხლუხოებიანი ტრაქტორები და ინტენსიურად იწმინდება გზები.
ხაშურის მუნიციპალიტეტში გვაქვს მაღალი ზონის სოფლები, სადაც ამ დროისთვის მისასვლელი გზები ჩაკეტილია, ყველაფერი კეთდება, რომ დღის ბოლომდე შევძლოთ აღნიშნული გზების გაწმენდასაც, თუმცა ინტენსიური თოვა გრძელდება, რაც ართულებს მდგომარეობას. ვიყენებთ სრულ ტექნიკურ რესურსს, რომ რეგიონის არცერთი სოფელი არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. რაც შეეხება მოსახლეობის ენერგორესურსებით უზრუნველყოფას, ამ დროისთვის არ გვაქვს შეფერხებები“, - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.