ავტორი:

"თეომ მითხრა, რომ პირველად იყო თელავში" - როგორ დაწერა თეონა ქუმსიაშვილმა სიმღერა თელავზე, რომელიც ბოლო კვირებში თავიდან გაჰიტდა და რას იხსენებს ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის მეგობარი

"თეომ მითხრა, რომ პირველად იყო თელავში" - როგორ დაწერა თეონა ქუმსიაშვილმა სიმღერა თელავზე, რომელიც ბოლო კვირებში თავიდან გაჰიტდა და რას იხსენებს ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის მეგობარი

2010 წლის 22 ივლისს საქართველო მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა. იმ დღეს ავტომობილი, რომელშიც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყო 3 მცირეწლოვანი ბავშვი. მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი ადგილზე დაიღუპნენ.

ავარიისას ასევე დაიღუპა თეონას და - ნათია. თეონას მეუღლის, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და ვაჟი - მამუკა. ტრაგედიას გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ.

  • ეკა ყარაულაშვილი თეონა ქუმსიაშვილის მეგობარი იყო. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იმ საბედისწერო დღეს, შესაძლოა ისიც იქ ყოფილიყო, რომ არა წინა დღეს შეცვლილი მარშრუტი და თეონასი და ეკას შეხვედრის სამი დღით გადადება.

ეკა თელავში ცხოვრობს, სამედიცინო განათლებისა და კლინიკაში მუშაობის მიუხედავად, წლების წინ, პროფესიაზე უარი თქვა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. ახლა თელავში "წმინდა ძმები კარბელაშვილების სახელობის ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლაში“ ხალხურ სიმღერას, გალობას და ხალხურ საკრავებს ასწავლის.

თეონა თბილისში გაიცნო, მეორე შეხვედრისას უკვე დამეგობრდნენ. ცნობილი სიმღერა თელავზე, რომელსაც როლანდ ოქროპირიძის შესრულებამ ახალი სიცოცხლე შესძინა, თეონამ ეკასთან სტუმრად ჩასვლიდან ერთ კვირაში დაწერა. ეკა ამბობს, რომ მასზე, როგორც გარდაცვლილზე საუბარი უჭირს და მისთვის თეონა დღესაც ცოცხალია, თუმცა გარდაცვალების შემდეგ, გარკვეული დრო მისი სიმღერების მოსმენა უჭირდა...

- ეკა, როგორ გაიცანით თეონა?

- მაშინ თბილისში ვცხოვრობდი და კლინიკაში ვმუშაობდი. პარალელურად ხალხურ საკრავთა სკოლაში, ნუკრი კელაპტრიშვილთან სალამურის დაკვრას ვსწავლობდი. უზომოდ მიყვარდა სალამური, ხმას რომ გავიგებდი, ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ასაკით ჩემზე უმცროსი მოსწავლეები სწავლობდნენ, პირველივე დღეს მითხრა ბატონმა ნუკრიმ, მოდი, მოდი, შენგან კარგი მასწავლებელი დადგებაო. უზომოდ თბილი გარემო იყო, ერთი საათი რომ მივიდოდი, გაკვეთილი ოთხ-ხუთ საათს გრძელდებოდა. ერთ დღეს, თეონა სხვა გოგონებთან ერთად ბატონი ნუკრის სანახავად მოვიდა, მათ უკვე ნასწავლი ჰქონდათ სალამურის დაკვრა და მასწავლებელს შემოუარეს, ეს იყო 2005 წელს. პირველად მაშინ ვნახე.

მეორედ შეხვედრისას თეონა და კიდევ რამდენიმე გოგონა ჩემთან სახლში წამოვიყვანე. იმ ღამეს, ლამის გავათენეთ, მთელი ღამე მღეროდა თეონა. როგორც მერე აღმოჩნდა, ერთ-ერთ მეგობარს ხელის პატარა კამერა ჰქონდა წამოღებული, პიანინოზე დადო და თურმე ჩუმად ჩართო. იმ ღამის ნამღერი სიმღერები, ხალიჩის ფონზე, დღეს იუთუბზე დევს და უამრავი მნახველი ჰყავს. ბევრი სიმღერა დაგვრჩა მაგ საღამოდან.

- შემდეგ როგორ დამეგობრდით?

- მე უკვე პარალელურად თელავში დავიწყე მუშაობა. შაბათ-კვირას მშობლებთან მაინც ჩავდიოდი და მასწავლებელმა მითხრა, მოდი, რამდენიმე ბავშვი აიყვანე და სალამურის დაკვრა ასწავლეო. მაშინ, თელავში არსებობდა ცეკვის ანსამბლი "ორონთა“, რომლის ხელმძღვანელიც სერგო ჭიჭიაშვილი იყო. ანსამბლი სოლო კონცერტისთვის ემზადებოდა და მე ჩავერთე, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად სალამურზე ნომრებს ვამზადებდით, ასევე ცეკვებს ვაფორმებდით. ერთ-ერთ კონცერტზე თეონა და რამდენიმე გოგონა ჩამოვიყვანე.

მაშინ თეომ მითხრა, რომ პირველად იყო თელავში. ძალიან ლამაზად ჩაიარა იმ საღამომ. სამი დღე დავრჩით, გოგონებს ქალაქი დავათვალიერებინე. ერთ კვირაში თეონამ დამირეკა და მითხრა, რომ თელავზე სიმღერა დაწერა. საოცრად ასრულებდა, მიხარია, რომ ამისი ჩანაწერიც არსებობს. უნიჭიერესი ადამიანი იყო, ყველა სიმღერას, ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად მღეროდა.

მახსოვს, ერთხელ არტ გენზე მივდიოდით ჩარგალში, მე პირველ ხმას ვეუბნებოდი. გამგზავრებამდე გავიმღერეთ, შემდეგ ავტობუსში რომ ჩავსხედით, იქ კიდევ სხვანაირად იმღერა, სცენაზე კიდევ განსხვავებულად. წარმოიდგინეთ, თეონას ეს შეეძლო, იმიტომ, რომ საოცარი იმპროვიზაციის უნარი ჰქონდა. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო.

ეკა და თეონა, მეგობრის ბავშვის ნათლობაში

- როდესაც თელავზე სიმღერა მოისმინეთ, ალბათ განსაკუთრებული ემოცია გქონდათ.

- რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა. ზოგადად, მეგობრები თეოთი ვიყავით მოცულები. ძალიან კარგი ჩანაწერები შემოგვრჩა, მაგრამ ცოცხლად სიმღერა კიდევ სხვა იყო, ეს უნდა მოგესმინათ. სიმღერით გელაპარაკებოდა და ის ემოცია შენში შემოჰქონდა. ღვთიური ხმა ჰქონდა.

არ შეიძლება იყო მომღერალი და მას მიბაძო, ეს ხმა მისგან მოდიოდა და ამას ვერავინ გაიმეორებს. სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, სიმღერაში სიმღერას აცოცხლებდა.

- მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაოჯახებული.

- დიახ, მე რომ გავიცანი, თეოს ჯერ ოჯახი არ ჰყავდა. თუმცა მისი დაოჯახების ისტორიის მომსწრეც ვარ. ერთხელ უკვე თელავში ვიყავი, რომ მეგობარმა დამირეკა, ფანდური მათხოვეო. რომ ვკითხე, ვისთვის უნდოდა, თეონასთვისო. გამიკვირდა, თეონა თელავშია და მე არ ვიცი-თქო. აღმოჩნდა, რომ გელამ სოფელ ახაშენში მშობლებთან რთველში ჩამოიყვანა და თურმე ცოლად მოყვანას აპირებდა. ბოლოს ვეღარ დამალეს და მეც დამპატიჟეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ რთველში მივდიოდი და ასე გავხდი მომსწრე როგორ შემოიყვანა გელამ სახლში თეონა. ვითომ რთველში წასული თეონა დაოჯახდა. ძალიან უყვარდა გელა. რომ ეუბნებოდნენ მეორე შვილიც მალევე გააჩინეო, აბა, რისთვის გავთხოვდი, ქართული ერი უნდა გამრავლდესო. ძალიან უყვარდა მთაც.

- ტრაგედიამდე ბოლოს როდის შეხვდით.

- თეონას ჩემთან ერთად სიმღერა უნდა ჩაეწერა. მითხრა, რომ ერთი კვირით რეპეტიციისთვის მასთან სიონში ავსულიყავი. უკვე წასასვლელად ვემზადებოდი, როდესაც წინა დღეს მითხრეს, რომ პატრიარქი თუშეთში ჩამობრძანდა და შემდეგ ხევსურეთში უნდა გადასულიყო დასალოცად. ჩვენი მგალობლები თუშეთში მიდიოდნენ და მეც მათთან ერთად წავედი, რომ პატრიარქს დავხვედროდი, თეონა კი ხევსურეთში წავიდა. სამი დღით გადაიწია ჩვენმა შეხვედრამ... მე რომ მეორე დილას თეონასთან წავსულიყავი, მეც ვიქნებოდი იმ მანქანაში, მთაში წამიყვანდნენ. მხოლოდ იმან გადამარჩინა, რომ პატრიარქის დასახვედრად წავედი.

- როგორი იყო ის თეონა, რომელსაც თქვენ იცნობდით?

- მოსიარულე სიყვარული იყო, შეეძლო ისე მოფერებოდა ყველაფერს… ამბობდა ემიგრანტებისთვის დავწერე სიმღერა, რომ სხედან და სამშობლო ენატრებათო. ტკივილიანი სიყვარული იცოდა, საოცრად შეეძლო წერა, მთელ სულსა და გულს დებდა. თელავსაც ისე მოეფერა რომ სამუდამოდ დარჩა ჩვენს ქალაქს ეს სიმღერა.

- გარდაცვალებაზე არასოდეს უსაუბრია?

- არა, მაგრამ როდესაც დისკი ჩაწერა, ასეთი სახელი დაარქვა "ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“ - წლების შემდეგ გავიაზრეთ. ძალიან ხალისიანი იყო, რაც არ უნდა პრობლემა და გაჭირვება ჰქონოდა, შენ არ მოგახვევდა, პირიქით, გამხნევებდა, იუმორითა და ხალისით მოგიყვანდა ხასიათზე.

- როგორ გაიგეთ ტრაგედიის შესახებ?

- ტელევიზიით, შემდეგ მეგობარმაც დამირეკა. მაგ დღის გახსენება დღემდე მიჭირს. საკუთარ თავს დავაჯერე, რომ თეონა ცოცხალი იყო. ეკატერინეს მეძახდა დ იმ დღეებში სულ ყურში მესმოდა მისი ხმა. ფარივით გავიკეთე, ჩემთვის თეონა ცოცხალი დავტოვე. დღემდე მაქვს ეს განცდა, მაგრამ თეოს გარდაცვალების შემდეგ, ძალიან რთული იყო მისი სიმღერების მოსმენა. შევხვდებით ალბათ იმ ქვეყნად…