თაგო სოფელია აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ულამაზესი ადგილი თვალწარმტაცი ხედებით. სოფელს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს - გლემპინგ თაგო ხდის... როგორც აჭარის უამრავი სოფელი, დღეს თაგოც დიდთოვლობას ებრძვის.
როგორია ვითარება სოფელში, უფრო მეტი დეტალის გასაგებად ქალბატონ რუსუდანს დავუკავშირდით...
- ქალბატონო რუსუდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სახლის გადასათოვლად სახურავზე ახვედით...
- ომის ვეტერანი გარდაიცვალა გასულ წელს, მისი მეუღლე ონკოპაციენტია, დროებით სამკურნალოდაა ქალაქში წასული... ეს მათი სახლია. ჩემი სახლი ის არის, სადაც დროშა მოჩანს...
- ქალბატონისთვის რთული არ იყო ეს ყველაფერი?
- რა თქმა უნდა რთული იყო ქალისთვის, მაგრამ ვეცადე მაგალითი ვყოფილიყავი ჩემი ხალხისთვის. ამით სტიმული ყველას მივეცი, რომ მარტო არავინაა და ხალხს, მათ ერთიანობას ყველაფრის დაძლევა შეუძლია.
- დიდთოვლობას ებრძვით, როგორი ვითარებაა დღეს სოფელში?
- ხუთი დღეა გადაუღებლად თოვს, თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. უწყვეტად მოგვეწოდება ელექტროენერგია. პირადად მე ჩართული ვარ ახალგაზრდებთან ერთად მოსახლეობის დახმარებაში..გზა გაიწმინდა მაგრამ, უხვმა ნალექმა ჩაკეტა გზა, ამ წუთებში მუნიციპალიტეტიდან მოემართება ტექნიკა. სრულ სატელეფონო კონტაქტზე ვარ რაიონის მერთან, ხულოს მერი ჯამბულატ მელაძე ძალიან მიდგას გვერდით, მუდმივად მირეკავს. გუშინ დღის განმავლობაში დავეხმარეთ სახლების გადმოთოვლაში მარტოხელებს და შშმ პირებს... არსებობს ვიდეოებიც ამის შესახებ ჩემს ტიკ-ტოკ გვერდზე. დიდმა თოვლმა ნაწილობრივ რა თქმა უნდა გამოიწვია პრობლემები, მაგრამ მთის ხალხს მეტი გამძლეობა აქვს.
- კონკრეტულად რა პრობლემები?
- უხვმა ნალექმა შეაფერხა სასწავლო პროცესი, მე პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწევი.
- სახლები არ დანგრეულა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შეფერხება არ ყოფილა?
- არა, რადგან მიტოვებული სახლებიც ახალგაზრდების გვერდში დგომით გადავთოვლეთ, ადგილზე ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. ტყუილს არ ვიკადრებ... პირადად ჩემი ინიციატივით შევქმენი სოფლის საგანგებო შტაბი და სრულად მაქვს ინფორმაცია თითოეულ ოჯახზე, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ!
- როგორც ვიცი, თქვენ სოფლის რძალი ბრძანდებით, მცირეწლოვანი ბავშვების დედა..
.- დიახ, ორი მცირეწლოვანია, უფროსი მეზღვაურია...მე სახლთის ხეობიდან, სოფელ - ძმაგულიდან ვარ.