თბილისის საქალაქო სასამართლომ იუმორისტი ქართლოს ნატროშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატროშვილს მიმდინარე აქციებზე გზის გადაკეტვას ედავება.
დაცვის მხარის თქმით, კი ნატროშვილის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების საფუძველი არ არსებობს, ამიტომ სასამართლოში იშუამდგომლა, რომ ნატროშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცემოდა.
თავად ქართლოს ნატროშვილის თქმით, გზის გადაკეტვის მოტივით ის უკვე ორჯერ არის დაჯარიმებული 5 000-5 000 ლარით 11-13 თებერვალს. ამჯერად კი, მას შსს ედავება გასული წლის ნოემბერში პარლამენტთან გზის გადაკეტვას, როდესაც მისვე თქმით, "პარლამენტში თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობდა".
"ლირიული გადახვევა მინდა გავაკეთო ბატონო მოსამართლე. 28 ნოემბერს, ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე, რომ არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩემში ჯერ მიშა გავარდა და მერე წავედი მე აქციაზე”, - მიმართა ქართლოს ნატროშვილმა მოსამართლე კობა ჩაგუნავას.
საბოლოოდ კი, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შსს-ს შუამდგომლობა გაიზიარა და იუმორისტ ქართლოს ნატროშვილს ამჯერად, 500 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.