ავტორი:

"ეს იყო საჩუქარი" - მაკრონის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს სიტყვა ბრიტანეთის პრემიერმაც შეუსწორა: რა მოხდა ლიდერების შეხვედრისას?

"ეს იყო საჩუქარი" - მაკრონის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს სიტყვა ბრიტანეთის პრემიერმაც შეუსწორა: რა მოხდა ლიდერების შეხვედრისას?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ კირ სტარმერსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა ცოტათი "დაძაბული“ გახდა.

  • "იცით, ისინი (ევროპელები) ფულს გასცემენ და იბრუნებენ ფულს. ჩვენ არ ვიღებთ ფულს უკან“, - განაცხადა ტრამპმა უკრაინის დახმარებაზე საუბრისას, რა დროსაც კირ სტარმერმა სწრაფად შეუსწორა სიტყვა ტრამპს:

"ჩვენ ყველაფერს არ ვიბრუნებთ. ვგულისხმობ, საკმაოდ ბევრი საჩუქრად გადაეცა. იყო გარკვეული სესხები, მაგრამ ძირითადად, ფაქტობრივად, ის იყო საჩუქრად გაცემული" , - უპასუხა სტარმერმა.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ჰგავდა მომენტს, რომელიც კვირის დასაწყისში მოხდა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სცადა შეესწორებინა ტრამპისთვის განცხადებები უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერის შესახებ.

  • "მშვიდობა უნდა მოვიგოთ, ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის", - ამის შესახებ კირ სტარმერმა დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომელსაც აღნიშნავენ უკრაინაში და მსოფლიოში.

ამასთან, სტარმერის განცხადებით, ფსონები ძალიან მაღალია და მოკავშირეები ერთად იმუშავებენ, რათა კარგ შეთანხმებას მიაღწიონ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილეს გეგმა, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება, რომელიც მკაცრი და სამართლიანი იქნება და რომლის ფორმირებაშიც უკრაინა დაეხმარება და რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ძალა, შეაჩეროს პუტინი "მეტისთვის დაბრუნებისგან".

“დღემდე გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს და ახლა ფოკუსირებულები ვართ, რომ მყარი დასასრული მოვუტანოთ უკრაინაში ბარბაროსულ ომს. ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენს ღრმა და პერსონალურ ჩართულობას, რომ მშვიდობა მოიტანოთ და მკვლელობები შეაჩეროთ. მომენტი შექმენით უდიდესი შესაძლებლობისთვის, რომ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ.

შეთანხმებას, რომელსაც ჩემი აზრით, აღნიშნავენ უკრაინაში და მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის მიზანი. მაგრამ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ. ცნობილი გამოთქმაა გაერთიანებულ სამეფოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - რომ "მშვიდობა უნდა მოვიგოთ". და ეს უნდა გავაკეთოთ ახლა, ვინაიდან, ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს. ვთანხმდებით, რომ ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის.

ასე რომ, ფსონები ძალიან მაღალია და ერთად მუშაობას ვაპირებთ, რათა კარგ შეთანხმებას მივაღწიოთ. დღეს განვიხილეთ გეგმა, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც მკაცრი და სამართლიანი იქნება, რომლის ფორმირებაშიც უკრაინა დაგვეხმარება, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ძალა შეაჩეროს პუტინი მეტისთვის დაბრუნებისგან,” - განაცხადა სტარმერმა.

სტარმერმა გაიმეორა, რომ ბრიტანეთი მზად არის, უკრაინაში ხმელეთზე ჯარისკაცების და ცაში თვითმფრინავების გასაგზავნად.

ასევე, სტარმერს ჰკითხეს, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სანდო. სტარმერმა კი უპასუხა, რომ მისი შეხედულებები რუსეთის პრეზიდენტზე კარგად არის ცნობილი.

  • ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ის მალე მოხდება, თუ ის მალე არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, უჭერს თუ არა ის მხარს ნატოს მე-5 მუხლს და ფიქრობს თუ არა, რომ ის შესაძლოა ამოქმედდეს, თუ ევროპელი მშვიდობისმყოფელები უკრაინაში განლაგდებიან.

“მხარს ვუჭერ [ნატოს მე-5 მუხლს], არა მგონია, რომ მის ასამოქმედებლად რაიმე მიზეზი გვექნება. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული მშვიდობა გვექნება და ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ის მალე მოხდება.

თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს. და ჩვენ ის ორი მიზეზის გამო გვსურს. პირველი - ადამიანურ დონეზე მინდა - მინდა, რომ ჯარისკაცებს აღარ ესროლონ, ვინაიდან დიდწილად ეს ჯარისკაცებს მოსდით, ქალაქები განადგურდა. და არ მინდა მილიარდობით, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის გადახდა უაზრო ომში, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ეს არც პრემიერ-მინისტრს [სტარმერს] სურს და არც არავის,” - განაცხადა ტრამპმა.

სხვა ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ტრამპს, აპირებს თუ არა ის 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მისთვის ბოდიშის მოხდას “დიქტატორის” დაძახებისთვის.

“ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება ხვალ, ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს. დიდი პატივისცემა გვაქვს. დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ. ბევრი [სამხედრო] აღჭურვილობა და ბევრი ფული მივეცით მათ და მათ ძალიან მამაცად იბრძოლეს, რაც არ უნდა იფიქროთ. ნამდვილად იბრძოლეს. ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ეს აღჭურვილობა და ისინი ძალიან მამაცები არიან ამ მხრივ" , - განაცხადა ტრამპმა.