ავსტრალიელი წყვილის, მიტჩელ რინგისა და ჯენიფერ კოლინის თქმით, თვითმფრინავის ბორტზე, იმ რიგში სადაც ისხდნენ, მგზავრი გარდაიცვალა. ეკიპაჟმა ცხედარი ვერ გადაიყვანა შესაბამის ადგილას და მგზავრების გვერდით, სკამზე მოათავსეს. მელბურნიდან ჰოჰაში 14-საათიანი ფრენის განმავლობაში გარდაცვლილი მათ შორის იყო.
შემთხვევა "კატარის ავიახაზების" რეისზე მოხდა.
ჯენიფერ კოლინი ჰყვება, რომ თვითმფრინავის პერსონალს მათთვის არ შეუთავაზებია სხვა ადგილას გადაჯდომა მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ არაერთი თავისუფალი ადგილი იყო.
მგზავრები იხსენებენ, რომ როცა თვითმფრინავი დაეშვა, მათ სთხოვეს, ადგილზე დარჩენილიყვნენ, სანამ სამედიცინო პერსონალი და პოლიცია ბორტზე ავიდოდა.
"ვერ ვიჯერებ, რომ გვითხრეს, დავრჩენილიყავით", - ამბობს მიტჩელ რინგი. მისი თქმით, ამ მგზავროობის შემდეგად უდიდესი ტრავმა მიიღეს.
"ჩვენ სრულიად გვესმის, რომ ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას ავიახაზებს საწყალი ქალის გარდაცვალებისთვის, მაგრამ ცხადია, რომ ამის შემდეგ უნდა არსებობდეს პროტოკოლი ბორტზე მყოფ მგზავრებზე ზრუნვისთვის", - თქვა ჯენიფერ კოლინმა.
კატარის ავიახაზებმა ბოდიში მოიხადა "უხერხულობისა თუ სტრესისთვის, რაც ამ ინციდენტმა გამოიწვია".
"მგზავრები სხვა ადგილებზე მოთავსდნენ, ეკიპაჟის წევრი კი გარდაცვლილ მგზავრთან იჯდა ფრენის განმავლობაში, დოჰაში დაშვებამდე. სამწუხარო რეალობაა, რომ მოულოდნელი გარდაცვალება ზოგჯერ მართლაც ხდება თვითმფრინავებში მთელი ავიაციის ინდუსტრიის მასშტაბით. ჩვენი ეკიპაჟი მაღალკვალიფიციურია, რათა ასეთი სიტუაციები რაც შეიძლება მეტი პატივისცემითა და ღირსებით მართოს", - ნათქვამია "კატარის ავიახაზების განცხადებაში.