ავტორი:

"სიბერეს არ ვეპუები, უცებ მოვექეცი კიბის თავში... სიღარიბეში, უმამოდ გაზრდილი ქალი ვარ" - გაიცანით 85 წლის ბებო, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიარა

"სიბერეს არ ვეპუები, უცებ მოვექეცი კიბის თავში... სიღარიბეში, უმამოდ გაზრდილი ქალი ვარ" - გაიცანით 85 წლის ბებო, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიარა

"ნუ გეშინიათ ხალხო, გავმაგრდეთ, ეს თოვლი მალე წავა, მალე მოვა გაზაფხული და კარგად ვიქნებით ყველა" - რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით, ციცო ბებოს, ვიდეომ, რომელიც ამ სიტყვებითა და კარგი სიმღერის თანხლებით, იმერეთის მაღალმთიან სოფელში სიმღერ-სიმღერით თოვლის სახლის სახურავს, მთელი საქართველო მოიარა. იმერელ ბებოს ყველა მოეფერა და მისი ახლოს გაცნობის სურვილიც გაუჩნდა.

AMBEBI.GE მას დაუკავშირდა:

- როგორ ხართ?

- არა მიშავს, კარგად ვარ, კარგად!

- ერთი ვიდეოს გავრცელების შემდეგ მთელი საქართველოს ბებო გახდით, ყველამ შეგიყვარათ...

- გმადლობთ შვილო, რა გავაკეთე ისეთი, რა ვიცი, აბა მითხარით. ზამთრის წესია თოვლი, ადრე 2 სახლს ვთოვლიდი ხოლმე, ახლა ერთიც მიჭირს. "თოვლო, ითოვე, ითოვე, მთა ბარს ჩააცვი სუდარა, /ყინვა, ქარი და ნამქერი, ზამთრის წესია მუდამა".

- გვიამბეთ თქვენზე

- ვარ ციცინო კამკამიძე, 85 წლის. ვცხოვრობ ხარაგაულის რაიონის სოფელ საბეში. სიღარიბეში, უმამოდ გაზრდილი ვარ. მამაჩემი 1941 წელს, ომში დაიღუპა, დედას მე და ჩემი ძმა დავრჩით და გაგვზარდა გაჭირვებაში. ერთადერთი ძმა საბჭოთა სავალდებულო სამსახურში დაიღუპა. მას შემდეგ შრომასა და გაჭირვებაში ვარ და კი მოვედი აქამდე. მყავს ერთი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები. საბე ძალიან ლამაზი სოფელია, ადრე უფრო დიდი იყო, ახლა იმდენი აღარ ვართ. კარგი მდინარე გვაქვს, მთა, ბუნება და ხალხი კიდევ საუცხოო.

- საქმიანობა რომ არ გეზარებათ ცხადია, მაგრამ მთლად სახურავის გადათოვლა თუ შეგეძლოთ არ გვეგონა...

- დამხმარე განა არ მყავდა, მაგრამ მიჩვეული რომ ვარ შრომას, ვერ მოვითმინე. მშვენივრად გადმოვთოვლე, მომეხმარნენ კიდეც. ზაფხულობით უფრო აქტიურად ვსაქმიანობ, ზამთარში - ნაკლებად. დილას უთენია ვდგები, ჯერ ძროხასთან, ჩემს ლამაზასთან ჩავდივარ ბოსელში, რომ მოვუარო. ქათმებიც მყავს. ადრე ბევრი ძროხები მყავდა, თხებიც, ახლა აღარ შემიძლია. ჩვენ სოფელში ადრე იცოდა ხოლმე დიდთოვლობა, მერე მივეჩვიეთ, რომ აღარ მოდიოდა, ახლა კარგი მაგარი თოვლი მოვიდა, 2 მეტრი, მაგრამ გავუმკლავდებით, არ შევშინდებით. დღეს მზე გამოვიდა, კარგი ამინდია, მარტიც მოდის, აგერ გაზაფხულიც დგება და ფონს გავალთ. წინათ ასე იცოდნენ ხოლმე თქმა, დიდთოვლობის შემდეგ კარგი მოსავალი იცისო, ახლაც ასე იქნება.

- როცა არ შრომობთ, დროს როგორ ატარებთ სოფელში?

- ლხინია, ჭირია, ერთად ვართ . ყველას ისე ვუყვარვარ, თვალში რომ ჩავუვარდე, თითს არ ამოისვამენ. ახლა თოვლი რომაა ვერ გადავდივართ და გადმოვდივართ ერთმანეთთან, იმხელა თოვლია გვირაბები გვაქვს გათხრილი, ბოსლამდის ძლივს გავკვალეთ გზა.

- სიმღერა როდის შეგიყვარდათ?

- სიმღერა ბავშვობიდანვე მიყვარდა და ვმღეროდი, ვუკრავდი გარმონზე, დოლზე გიტარაზე. ახლა აღარ მახსოვს, ბევრი გაჭირვების გადამტანი რომ ვარ, დამავიწყდა.

- მარტო ცხოვრობთ?

-შვილი მყავს, ჩემი გოგო ხან მიდის, ხან მოდის. ადრე მარტოც ვცხოვრობდი, მაშინ შემეძლო...

- რას უჩივით?

- ცოტა გული, წელიც... სიბერეს არ ვეპუები. მაგარი ვარ მაინც.

- ის მითხარით ის ცნობილი ვიდეო, სახურავზე რომ ახვედით, ქვემოდან ვინ გიღებდათ?

- ჩემი ქალიშვილი. მას ცოტა წონა აქვს და ვერ ამოდის, მე მჩატე ვარ და იმიტომაც მოვექეცი კიბის თავში. ამ ვიდეოთი იმდენი ადამიანის სიყვარული ვიგრძენი, მთელმა მსოფლიომ გაიგო ჩემი ამბავი. ყველა მომეფერა. არ ვიცი რით დავიმსახურე ამხელა სიყვარული, გაიხარეთ ხალხო, ჩემ მხნედ მოიყარეთ. თქვენი გამოცემის მეშვეობით მთელ საქართველოს ვეტყვი, რომ კარგად უნდა იყოთ, ჯანმრთელად, საქმე არ უნდა დაიზაროთ, ერთიანობა და ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს. მშვიდობა იქნეს და ყველაფერს მოევლება. დედის დღესაც მოგილოცავთ წინასწარ.