ავტორი:

რა იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეს? - გაიგეთ, ხართ თუ არა რისკჯგუფში

რა იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეს? - გაიგეთ, ხართ თუ არა რისკჯგუფში

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები, განსაკუთრებით კოლორექტალური კიბო, გლობალურად ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო მასშტაბით და განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ეს ტენდენცია შეიძლება აიხსნას ცხოვრების ისეთი სტილის მიღებით, რომელიც გულისხმობს არაჯანსაღ კვებას, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასა და სიმსუქნეს.

დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმატებული მკურნალობის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მას პირველ და მეორე სტადიაზე სიმპტომები, ფაქტობრივად, არ გააჩნია და სწორედ ამიტომ უფრო ხშირად დაგვიანებული დიაგნოსტირება ხდება ხოლმე.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების რისკ-ფაქტორები და სიმპტომები, რომ დაავადების თავიდან აცილება ან დროული დიაგნოსტირება შეძლონ. ამ საკითხზე დეტალურად გვესაუბრება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიის სპეციალისტი და ზოგადი ქირურგი გიორგი გოგინაშვილი.

რომელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეები?

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები კლასიფიცირდება, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეპითელური ქსოვილიდან განვითარებული სიმსივნეები ანუ ადენოკარცენომა და ასევე არის სტრომიდან განვითარებული კიბო, რომელსაც გასტროინტენსტინური სტრომული სიმსივნე ეწოდება. არსებობს სხვა სახის სიმსივნეებიც, როგორიცაა, მაგალითად, ლეიომიომა, მაგრამ ის შედარებით უფრო იშვიათია.

სიმსივნეები გვხვდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერ ნაწილში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეებია: მსხვილნაწილავის ანუ კოლორექტალური კიბო და კუჭის კიბო. გარდა ამისა შეიძლება შეგვხვდეს: ღვიძლის კიბო, პანკრეასის კიბო, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარის კიბო, წვრილი ნაწლავის კიბო, ეზოფაგუსის კიბო და სხვა.

როგორ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების დიაგნოსტირება და რატომ ითვლება ენდოსკოპია ოქროს მეთოდად?

დიაგნოსტირება ხდება ენდოსკოპიური კვლევით. კვლევის დროს როდესაც გადაგვარებულ ლორწოვან გარსს ვხედავთ, ვიღებთ ბიოფსიას და ველოდებით ჰისტომორფოლოგიურ დასკვნა. სწორედ ეს გახლავთ დიაგნოზი.

ენდოსკოპიური კვლევა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს ვიკვლევთ. საყლაპავის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის კვლევის დროს გასტროსკოპიას ვაკეთებთ, მსხვილნაწლავის კვლევის დროს კი - კოლონოსკოპიას.

მართალია თუ არა, რომ ენდოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია სიმსივნის I ან II სტადიის აღმოჩენა აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტებში?

ენდოსკოპიის საშუალებით, დაავადების აღმოჩენა შესაძლებელია ნებისმიერ სტადიაზე. 1 მმ უბნის დარღვევაც თუ დაფიქსირდა, ვიღებთ ბიოფსიას და ვატარებთ მორფოლოგიურ კვლევას. ამ შემთხვევაში პრობლემა სულ სხვა რამ არის. როგორც წესი, საწყის ეტაპზე დაავადება სრულად უსიმპტომოა. შესაბამისად, ძალიან დაბალია კვლევაზე მომართვიანობა. სწორედ ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევები, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დაავადება ოჯახურ ანამნეზში აქვს.

ვისთვის და როდის არის აუცილებელი პროფილაქტიკური კვლევის ჩატარება?

თუ პაციენტს აქვს ოჯახური ანამნეზი, მან 40 წლის ასაკში უნდა ჩაიტაროს კვლევა. იმის მიხედვით, თუ რა შედეგს მოგვცემს ენდოსკოპია, დაიგეგმება შემდგომი გამოკვლევა. ეს ძალიან ინდივიდუალურია და შეიძლება იყოს 6 თვე ან 5 წელი.

გარდა გენეტიკური წინასწარგანწყობისა, ვინ არიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის რისკჯგუფში?

რისკჯგუფში არიან ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები. ამ შემთხვევაში იგულისხმება არყის, კონიაკისა და ლუდის ხშირი მომხმარებლები. ერთ-ერთი ძირითადი რისკფაქტორია მჯდომარე ცხოვრების წესი, რაც თავის მხრივ დეფეკაციის სიხშირეს ამცირებს. იშვიათი დეფეკაცია კი მსხვილი ნაწლავის სიმსივნის მაპროვოცირებელი ძირითადი მიზეზია.

რისკჯგუფში ასევე შედიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში რეგულარულად მოიხმარენ გაზიან სასმელებს, არაჯანსაღ საკვებსა და თამბაქოს.

როგორ უნდა მოემზადონ პაციენტები ენდოსკოპიური კვლევისთვის?

კვლევის ჩატარებამდე 8-10 საათის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს სასმელი და საკვები. 2-3 დღის განმავლობაში კი უნდა დაიცვას სპეციალური დიეტა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ. კოლონოსკოპიის ჩატარებისთვის აუცილებელია სპეციალური პრეპარატის დახმარებით მოხდეს ნაწლავის დაცლა. აღნიშნული მედიკამენტის შესახებაც ინფორმაციას ჩვენ გავცემთ, როდესაც პაციენტი კვლევაზე ეწერება. ეს ყველაფერი აუცილებელია, რომ თითოეული უბნის დეტალური დათვალიერება მოხდეს.

ბოლო პერიოდში იმატებს თუ არა დაავადების ახლადგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა?

ახლადგამოვლენილი სიმსივნეების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ავადობის შემთხვევები მამაკაცებსა და ქალებში თითქმის თანაბარია. გამომწვევი მიზეზი კი, როგორც უკვე გითხარით, ცხოვრების არასწორი წესია.

R