რამდენიმე დღეა, რაც გურია სტიქიას ებრძვის - დიდთოვლობამ რეგიონის ოცამდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. სტიქიის ზონაში სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს მოხალისეთა ჯგუფებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სოფელ-სოფელ დადიან (ძირითადად ფეხით) და საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებენ სტიქიასთან პირისპირ დარჩენილ მოსახლეობას.
დღესდღეობით სტიქიის ეპიცენტრში უკვე ათეულობით მოხალისე იმყოფება და მათი რაოდენობა იზრდება, ადგილზე მუშაობს მათ მიერ შეყვანილი მძიმე ტექნიკა, შექმნილია სპეციალური შტაბები, ახალგაზრდებმა ადგილზე ჩაიყვანეს ბურანები, რომლის მეშვეობითაც მიუვალ ადგილებში მისვლას ახერხებენ. კეთილი ადამიანები კილომეტრებს გადიან, რომ ხალხს მცირე საკვები მაინც მიაწოდონ. მოხალისეთა შორისაა ფოტოხელოვანი და მოგზაური მიქაელ (მიქა) ქავთარაძე, რომელსაც Ambebi.ge ესაუბრა:
გურიაში მოხალისეები რამდენიმე სოფელში ვიყავით, მათ შორის სილაურში. მთაზე გზა ადის და იქ ერთი, ბოლო მოსახლე ორი ძმა ვნახეთ (მერე გავიგეთ, სამნი ყოფილან. მესამე ძმა შშმ პირია). მათ ისეთი დიდი სიხარული გამოხატეს, იმხელა იმედი ჩაესახათ, ვიღაც რომ ავიდა და მოიკითხა, ამას ვერ აღგიწერთ. გაუკვალავ თოვლში ცოტა ძნელია ბევრი რამის ზურგით ატანა, საახალწლო ნობათივით გამოგვივიდა.
ადამიანებს იმედი მიეცათ, გვითხრეს, თქვენამდე არავინ მოსულაო. არ დამითვლია, რამდენ ოჯახში ვიყავით, ხან ჯიპებით დავდივართ, უმეტესად - ფეხით. როგორც არ უნდა იყოს, მანქანით მაინც ძნელია ყველგან მისვლა, ამიტომ ფეხით გვიწევდა სიარული, რამაც დიდი დრო წაიღო. რამდენიმე ოჯახს სახლის წინ პატარა კვალი ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც გარეთ არც გამოუხედავთ - ყველას არ აქვს იმის თავი და შესაძლებლობა, ეზო და ქუჩა გაწმინდოს. სახლები თოვლშია ჩაფლული და ჩვენ ცოტა იმაში გაგვიმართლა, რომ გაუკვალავი თოვლი გაყინული იყო და იმხელაზე არ ეფლობი. ახალ მოთოვილზე, ასეთ დიდ და გაუკვალავ თოვლში ბახილებია საჭირო, რაც ბევრს არ აქვს.
ყველაზე სწრაფად და კარგად გადაადგილება მოთხილამურეებს შეუძლიათ. ჩვენ როგორ და სანამდეც შევძლებთ, მოსახლეობას დავეხმარებით. ხალხი ძირითადად მედიკამენტებს (ძირითადად, სიცხის დამწევს, გაციების, წნევის, ტკივილგამაყუჩებლებს ითხოვს, მოგეხსენებათ, სოფლებში უმეტესად ასაკოვანი ხალხია დარჩენილი) და სანთლებს ითხოვს. ძირითადად ისეთი პროდუქტები გადავანაწილეთ, რაც მარტივად მოსამზადებელია - პური, ძეხვი, კვერცხი, ზეთი, სუპები... ადგილზე სხვა მოხალისეებიც იყვნენ, ყველანი ერთობლივად ვეხმარებოდით. გურიაში ბევრი მოხალისეა, იქ ჩადიან, მაგრამ ვანსა და ხარაგაულსაც ძალიან უჭირს. ხარაგაული ისედაც მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს და ახლა კიდევ სტიქიაც დაემატა... ბიჭებმა რაც გაარკვიეს, ვანისა და ხარაგაულის რამდენიმე სოფელს არ აქვს გაზი, დენი და კავშირის გარეშე არიან დარჩენილები. ინტერნეტი მგონი, არც ჰქონიათ, უგზოობაცაა, თავისთავად... რამდენიმე მეგობარი იმერეთში გადავდივართ, სადაც მოხალისეთა ჯგუფებს შევუერთდებით.
ახლა თეთნულდის ბაზაზე ავდივართ, დავლაგდებით, ცოტა სულს მოვითქვამთ და იმერეთის სოფლებში გადავნაწილდებით.
მოგეხსენებათ, ბიჭებმა ანგარიში დადეს, სადაც ვისაც რა შეუძლია, იმას რიცხავს, ნაწილმაც თავისი ხარჯებით ჩავიტანეთ პროდუქტი, მგონი, საკმარისი მოგროვდება.
თავდაპირველად მე და ჩემი მეგობარი, თორღვა ქაფიანიძე წავედით, გზადაგზა კი სხვებს შევუერთდით, ძალიან ბევრი მოხალისეა გურიაში. ახლა უკვე იმერეთს უჭირს და იქაა საჭირო დახმარება. ანგარიში მივუთითეთ იმერეთისთვის, ალბათ იქაც იქნება რაღაცა შეგროვებული. სირთულეები ნამდვილად არ გვაშინებს, უბრალოდ, მეტი აღჭურვილობა კარგი იქნებოდა“.
ანგარიშის ნომერი:
GE94BG0000000826362100