კომპანია Blue Origin-ი გაზაფხულზე კოსმოსში ეკიპაჟს გააგზავნის, რომელიც მხოლოდ ქალებისგან იქნება დაკომპლექტებული. ეკიპაჟის წევრებს შორის პოპ-ვარსკვლავი კეტი პერიც იქნება.
ბორტზე მომღერალს კიდევ 5 ქალი შეუერთდება: Blue Origin-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, CBS-ის წამყვანი გეილ კინგი, NASA-ს ყოფილი სარაკეტო მეცნიერი აიშა ბოი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიან ფლინი. ეკიპაჟს სათავეში ლორენ სანჩესი ჩაუდგება.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 1963 წლის შემდეგ, როცა კოსმოსური ხომალდის ბორტზე მხოლოდ ქალები იქნებიან. მაშინ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, კოსმოსში საბჭოთა ასტრონავტი ვალენტინა ტერეშკოვა მარტო გაფრინდა.
გაშვების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. Blue Origin-ის განცხადებით, ეს გაზაფხულზე მოხდება. კეტი პერი 23 აპრილიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ტურნეს გეგმავს, ამიტომ ფრენა, სავარაუდოდ, ამ თარიღამდე შესრულდება.
ფრენა ჩვეულებრივ დაახლოებით 11 წუთი გრძელდება. ხომალდი სრულიად ავტონომიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორტზე პილოტები არ არიან. ის მგზავრებს კარმანის ხაზის მიღმა გაიყვანს.
Blue Origin-ის დამსახურებით, 2021 წელს კანადელი მსახიობი უილიამ შატნერი გახდა ყველაზე ხნიერი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. იმავე წელს კოსმოსში თავად ჯეფ ბეზოსმაც იფრინა.