"გუშინ რაც მოხდა თეთრ სახლში და შემდგომ აშშ-ს გადაწყვეტილება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის თაობაზე, ბევრ რამეზე მეტყველებს" - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომზე დებატებმა უსიყვარულობა დანერგა ხალხში.
"დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში. რუსეთ-უკრაინის ომმა დიდი დაპირისპირება ჩვენს საზოგადოებაშიც გამოიწვია. გუშინ რაც მოხდა თეთრ სახლში და შემდგომ აშშ-ს გადაწყვეტილება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის თაობაზე, ბევრ რამეზე მეტყველებს.
ისეთი რეალობა დადგა, რომელსაც ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ვერ წარმოიდგენდა, არ გაუთვლიათ ასეთ შედეგზე. მეორე ნაწილს კი ჰქონდა მხედველობაში, სხვის იმედზე ასეთი მასშტაბური ომის წარმოება, დიდ რისკებთან რომ იყო დაკავშირებული.დიდი პოლიტიკა, ღრმა გათვლებს, სპეციფიკურ ინფორმაციას და უნარებს მოითხოვს.
სამწუხაროდ, სხვათა შორის, ამ თემაზე დებატებმა დიდი უსიყვარულობა დანერგა ზოგადად ხალხში, მათ შორის ახლობელ ადამიანთა შორისაც. ვფიქრობ ბევრ შეკითხვაზე, რაც საზოგადოებას აშფოთებდა, პასუხი გაცემულია და არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთ პატივისცემისკენ. დიდი მარხვა მოახლოვდა და მადლობა შევწიროთ უფალს, ქვეყანაში მშვიდობისთვის და შევთხოვოთ მადლი, რომ ჩვენს სულშიც დაიმკვიდროს სიმშვიდემ" - წერს ჯაღმაიძე.