ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში 2 ადამიანი დაჭრეს - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა: რა მოხდა ე.წ. საარჩევნო უბანზე

ოკუპირებულ აფხაზეთში 2 ადამიანი დაჭრეს - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა: რა მოხდა ე.წ. საარჩევნო უბანზე

ოკუპირებულ აფხაზეთში "საარჩევნო უბანზე” თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" პროექტი, “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

  • მათი ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაიონის ქალაქ განთიადის სკოლა N2-ში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანზე მოხდა დაახლოებით, 19:30 საათზე, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიჭრა, ასევე დაზიანდა "საარჩევნო“ ურნა და დოკუმენტები.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელები ადგილიდან მანქანებით მიმალვას ცდილობდნენ.

ე.წ. სამართალდამცავებმა ბლოკ-პოსტი “მუსერა” გადაკეტეს, მაგრამ თავდამსხმელები გაჩერების შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, “საარჩევნო უბანზე” თავდასხმაში დაახლოებით, 20 ადამიანი მონაწილეობდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.

ცნობისთვის გუშინ, 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პოსტზე ორი კანდიდატი იყრის კენჭს - ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა, 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ - 36.92%.