მთვარეზე კერძო კოსმოსური ხომალდი Blue Ghost წარმატებით დაეშვა - რის შესწავლას გეგმავენ მეცნიერები?

მთვარეზე კერძო კოსმოსური ხომალდი Blue Ghost წარმატებით დაეშვა - რის შესწავლას გეგმავენ მეცნიერები?

დღეს მთვარის ზედაპირზე კერძო კოსმოსური ხომალდი Blue Ghost-ი დაეშვა და რიგით მეორე კომერციული მოწყობილობა გახდა, რომელმაც მთვარის ზედაპირს უვნებლად მიაღწია.

Blue Ghost-მა დედამიწა 15 იანვარს დატოვა. ის ამერიკულმა ფირმამ, Firefly Aerospace-მა მთვარეზე არსებული უზარმაზარი კრატერის შესასწავლად გაგზავნა, რომელიც დედამიწიდანაც კი ხილულია.

  • პროექტი აშშ-ს კოსმოსური სააგენტო Nasa-სა და კერძო კომპანიების თანამშრომლობით განხორციელდა.

მთვარის მიმართულებით თავისი კოსმოსური ხომალდი, სახელად Athena, კიდევ ერთ ფირმას ჰყავს გაგზავნილი, რომელიც დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსთან უახლოეს დღეებში დაეშვება.

Blue Ghost-ის მთვარის ორბიტაზე შეუფერხებლად დაშვება ტეხასის შტატში მდებარე Firefly-ს შტაბ-ბინაში მყოფმა თანამშრომლებმა სასიხარულო შეძახილებითა და ტაშით აღნიშნეს. პლანეტარული მეცნიერების მკვლევარი და დოქტორი სიმეონ ბარბერი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კოსმოსური ხომალდის უვნებლად დაშვება ისტორიული მომენტია და ამბობს: "მათ აჩვენეს მთვარის ზედაპირზე დაშვების ისეთი ტექნოლოგია, რომელიც აპოლოს მისიის შემდეგ დავიწყებული იყო".

დოქტორი ბარბერის თქმით, მთვარე სხვადასხვა კერძო კომპანიებისთვის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს, რადგან სურთ, რომ ის მომავალში დანარჩენი კოსმოსის შესასწავლად გამშვებ პუნქტად გამოიყენონ.

"მთვარეზე წასვლის შემთხვევაში, შეგვეძლება ვისწავლოთ, თუ როგორ ვმართოთ რობოტული ინსტრუმენტები კოსმოსისა და მთვარის მკაცრ გარემოში. მთვარეზე ხან ცხელა, ხან ძალიან ცივა, ძალიან მტვრიანია და დიდი რადიაციაა",- დასძინა დოქტორმა.

ბარბერის თქმით, Apollo 14-ის შემდეგ იმიტომ აღარ გაუგზავნიათ მთვარეზე კოსმონავტები, რომ ხარჯები კოლოსალური იქნებოდა: "მაშინ ასტრონავტები მთვარეზე მხოლოდ ორი დღით დარჩნენ, რადგან სხვა შემთხვევაში ხარჯები უკვე მილიარდ დოლარს აღწევდა",- აცხადებს დოქტორი ბარბერი BBC-თან ინტერვიუში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა