ავტორი:

"ბოლოს და ბოლოს, ვიღაც ძლიერ რუსს დაუპირისპირდა" - როგორ დასცინეს "ოსკარის" ცერემონიაზე ტრამპ-პუტინის "მეგობრობას" და კიდევ რა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა

"ბოლოს და ბოლოს, ვიღაც ძლიერ რუსს დაუპირისპირდა" - როგორ დასცინეს "ოსკარის"  ცერემონიაზე ტრამპ-პუტინის "მეგობრობას" და კიდევ რა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა

ლოს-ანჯელესში გაიმართა ამერიკის კონოაკადემიის პრიზით, "ოსკარით“ დაჯილდოების 97-ე ცერემონია. პრესტიჟული კინოპრემია ოცზე მეტ ნომინაციაში გაიცა.

კინოაკადემიამ 2024 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა რეჟისორ შონ ბეიკერის "ანორა“, რომელიც ახალგაზრდა ბრუკლინელი სექს-მუშაკი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რუსი ოლიგარქის ვაჟიშვილზე დაქორწინდება, თუმცა როდესაც სიახლეს მისი მშობლები იგებენ, ქორწინების ანულირებას განიზრახავენ.

ცერემონიის წამყვანმა, კონან ო'ბრაიენმა ამ ფილმზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დონალდ ტრამპის გულთბილ ურთიერთობაზე იხუმრა:

"იცით, "ანორას" კარგი ღამეს აქვს... დიახ, ეს შესანიშნავია. ეს მაგარი ამბავია. უკვე ორი გამარჯვება. როგორც ჩანს, ამერიკელები აღფრთოვანებულნი არიან, რომ ბოლოს და ბოლოს, ვიღაც ძლიერ რუსს დაუპირისპირდა".

აუდიტორიამ იცოდა, რას გულისხმობდა წამყვანი და ო’ბრაიენი ხმამაღალი აპლოდისმენტებით დაასაჩუქრეს. ო'ბრაიენმა თავისი ხუმრობების უმეტესობიდან პოლიტიკა გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ იშვიათი პოლიტიკური ხუმრობისას მას ტრამპის სახელი არ გამოუყენებია, ეს არც სჭირდებოდა.

კომიკოსის ხუმრობამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე, Truth Social-ზე განაცხადა:

"ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ პუტინზე ფიქრში და უფრო მეტი - მიგრანტთა სექსუალურად მოძალადე ჯგუფებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებზე და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ხალხზე ფიქრში - რათა ევროპას არ დავემსგავსოთ!"

ტრამპს შოუ-ბიზნესის საზოგადოების დიდი ნაწილისადმი არაერთხელ გამოუხატავს ზიზღი. ფილმი პრეზიდენტის კარიერის ადრეული წლების შესახებ, The Apprentice, ორი ჯილდოსთვის იყო წარდგენილი, თუმცა ვერცერთი "ოსკარი" ვერ მოიპოვა. ნომინანტი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის რანგში, სებასტიან სტენი ადრიენ ბროდისგან დამარცხდა ფილმში The Brutalist, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში, ჯერემი სტრონგი, რომელიც როი კონს თამაშობს, A Real Pain-ის კირიან კალკინთან დამარცხდა.

ტრამპს საკამათო ფილმი არ მოეწონა და თავისი დამოკიდებულების შესახებ ხმამაღლა საუბრობდა. ABC News-ის ცნობით, მან ალი აბასის ფილმს კინოთეატრებში გამოსვლისთანავე, ოქტომბერში, "ყალბი და უგემოვნო" უწოდა. "ეს არის იაფფასიანი, ცილისმწამებლური და პოლიტიკურად საშინელი შურისძიება, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოვიდა, რათა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური მოძრაობა, MAKE AMERICA GREAT AGAIN დააზიანოს!" - წერდა იმჟამად ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი.

ო'ბრაიენი არ იყო ღონისძიების ერთადერთი მონაწილე, ვინც პოლიტიკურ განცხადებები გააკეთა.

წარმდგენებმა და შემსრულებლებმა ახსენეს მრავალფეროვნების მნიშვნელობა, იმიგრაცია, ისრაელურ-პალესტინური პრობლემა, უკრაინა... მოკლედ, გასაკვირი არ იქნება, თუ პრეზიდენტი ტრამპი "ოსკარის ცერემონიას გააკრიტიკებს, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის წლევანდელი დაჯილდოება კრიტიკისას მაინცდამაინც უხეში არ ყოფილა.

დერილ ჰანამ, როდესაც საუკეთესო მონტაჟის ჯილდოს წარსადგენად სცენაზე ავიდა, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და წარმოთქვა ეროვნული დევიზი: "დიდება უკრაინას!" რასაც დარბაზი აპლოდისმენტებით შეხვდა.

ფილმის No Other Land შემქმნელებმა, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის გამარჯვებულებმა, ჯილდოს მიღებისას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკეს. პალესტინელ-ისრაელელი კოლექტივის მიერ გადაღებული ეს ფილმი გვიჩვენებს ისრაელის ჯარისკაცების მიერ ოკუპირებული პალესტინური სოფლის განადგურებასა და ალიანსს, რომელიც პალესტინელ აქტივისტ ბაზელსა და ისრაელელ ჟურნალისტ, იუვალს შორის ყალიბდება.

"არსებობს განსხვავებული გზა, პოლიტიკური გადაწყვეტა ეთნიკური უპირატესობის გარეშე, ეროვნული უფლებების დაცვით ჩვენი ორივე ხალხისთვის," - თქვა იუვალ აბრაჰამმა, - "და სანამ აქ ვარ, უნდა ვთქვა, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ამ საშუალებას ბლოკავს."

ზოი სალდანამ - საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვებულმა ფილმისთვის Emilia Pérez, თქვა: "ბებიაჩემი ამ ქვეყანაში 1961 წელს ჩამოვიდა. ვამაყობ, რომ ოცნებების, ღირსებისა და მშრომელი ხელების მქონე ემიგრანტი მშობლების შვილი ვარ. დომინიკური წარმოშობის პირველი ამერიკელი ვარ, რომელმაც აკადემიის ჯილდო მოიგო და ვიცი, რომ უკანასკნელი არ ვიქნები. ვიღებ "ოსკარს" როლისთვის ფილმში, რომელშიც ესპანურად ვსაუბრობ, ვმღერი... ეს ბებიაჩემს, აქ რომ ყოფილიყო, ძალიან გაახარებდა..."

იხილეთ ასევე: