რატომაა საშინელი ცოლი თეა ადეიშვილი

რატომაა საშინელი ცოლი თეა ადეიშვილი

ერთგული, არაპუნქტუალური, პრანჭია, ცოტა ეჭვიანიც, მიამიტი, ცოლი არაკლასიკური ქართული გაგებით, გულწრფელი, ცოტა ზარმაციც - ასეთია ტელეჟურნალისტი თეა ადეიშვილი. არ უყვარს სიურპრიზები. გარკვეული და წინასწარ განსაზღვრული ურჩევნია ყველაფერი. ამიტომ ჩვენი საუბრის თემაზეც წინასწარ შევთანხმდით.

- როცა შენს ხასიათზე გეკითხებიან, პირველ რიგში, რა გახსენდება?

- ერთგულება.

- სულსწრაფი ხარ?

- არა, სულსწრაფი არ ვარ, მსუნაგი ვარ (იღიმის).

- მაგალითად, გირეკავს მეგობარი და გეუბნება, რომ შენთვის მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი, რომ ტელეფონით ვერ გეტყვის ამას. მოთმინებით ელოდები, როდის შეხვდები თუ?..

- გული დამწყდება, მაგრამ ველოდები მოთმინებით.

- როცა გაქებენ, წითლდები?

- არ ვიცი, რა ფერი მედება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს ქება მეკუთვნის თუ გადაჭარბებულია. თუ გადაჭარბებულია და აფერისტობას აქვს ადგილი, არ მსიამოვნებს. თუ ვიცი, რომ ეს ქება ნამდვილად დავიმსახურე, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ძალიან მსიამოვნებს.

- როგორი კომპლიმენტი უფრო გსიამოვნებს: "რა ლამაზი იყავი" თუ "რა კარგი სიუჟეტი გამოგივიდა"?

- ეს ასაკზეა დამოკიდებული. იყო დრო, როცა ძალიან მსიამოვნებდა, როდესაც ჩემს გარეგნობას უსვამდნენ ხაზს; მერე ძალიან მინდოდა, ლამაზთან ერთად, ეთქვათ, ჭკვიანი ხარო; ახლა მირჩევნია, მითხრან, ლამაზი ხარო (იღიმის).

- ყოველთვის გჯერა ქალის ნათქვამი კომპლიმენტის?

- კომპლიმენტებს სქესის მიხედვით არ ვყოფ. მჯერა იმ ქათინაურის, რომელიც ახლოსაა რეალობასთან. მაგალითად, თუ მეუბნებიან, - ლამაზი გოგო ხარ, მაგრამ გასუქდიო, - ეს რეალობასთან ახლოსაა. თუ მეუბნებიან, - სულ არა ხარ გასუქებულიო, ე.ი. უბრალოდ, ვუყვარვარ ამ ადამიანს და არ უნდა, ჩემი ნაკლი დაინახოს ან მეპირფერება. ზოგადად, ქალების მჯერა.

- თვითონ არასდროს გითქვამს ქათინაური უბრალოდ ზრდილობისთვის, კეთილგანწყობილების გამოსახატავად?

- არა. ზრდილობისთვის შეიძლება მოვიკითხო ადამიანი, მაგრამ რა კარგად გამოიყურები და შენზე ლამაზი არავინაა-მეთქი, არასდროს მითქვამს.

- რას გსაყვედურობენ მეგობრები?

- იმას, რომ ვიგვიანებ და გავსუქდი.

- პუნქტუალური არა ხარ?

- არა.

- შენს პროფესიაში ეს რამდენად მომგებიანია?

- ნაკლებად, მაგრამ დროის შეგრძნება მიჭირს, ოღონდ მთლად უყურადღებოც არა ვარ ამ მხრივ. თუ მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული დაგვიანება-არდაგვიანება და ვიცი, რომ ამით საქმეს გავაფუჭებ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დავაგვიანო.

- მაღვიძარასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ნორმალური. დიდი გოგო ვარ უკვე. იყო დრო, როცა დედა მაღვიძებდა, ახლა ქმარი მაღვიძებს. როცა მარტო ვარ და მე ვარ პასუხისმგებელი, თავად ვახერხებ გაღვიძებას.

- ქმარი ახსენე და აქვე გკითხავ, როგორი ცოლი ხარ?

- ქართველი ცოლი, "მძიმე კლასიკური" გაგებით, არა ვარ ანუ - წინსაფარაფარებული და თავწაკრული არ ვხვდები სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს. ხაჭაპურის ცომში ხელებჩაწყობილს იშვიათად მნახავთ, უფრო სწორად, საერთოდ ვერ მნახავთ, იმიტომ, რომ საერთოდ არ ვიცი ხაჭაპურის გამოცხობა. საჭმელების გაკეთება ვიცი, უბრალოდ, ამისთვის დრო ძალიან ცოტა მაქვს. ხანდახან ვაკეთებ, თან - სიამოვნებით. ისეთი ღიპიანი კაცების გაგებით (ღიპიანი კაცი ცუდად ვახსენე, არ მიწყინონ კარგმა ღიპიანმა ადამიანებმა), რომლებსაც ცოლი მხოლოდ სამზარეულოსა და საწოლში წარმოუდგენიათ, საშინელი ცოლი ვარ. არ ვაუთოებ, არ ვალაგებ, არ ვრეცხავ. თუმცა ამ ყველაფრის გაკეთება ვიცი.

- მაშ, ვინ აკეთებს?

- დამხმარე ქალი მყავს, რომელიც ყველა პრობლემას მიგვარებს. საჭმელს ძალიან იშვიათად ვჭამთ სახლში, მაგრამ ხანდახან კერძის მომზადებაც მინდება. მაგალითად, წუხელ ქათამი შევწვი და ბაჟე გავაკეთე... იმ გაგებით და მსოფლმხედველობით, რა გაგებაც ჩემს ქმარს აქვს, კარგი ცოლი ვარ, იმიტომ, რომ მეგობრები ვართ, საერთო ინტერესები გვაქვს, ერთგული ვარ; საინტერესო ადამიანები ვართ ორივე, ბევრ რამეზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ.

- ქალების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნები, რომელიც მუდმივად საყვედურობს ქმარს?

- არის რაღაცები, რაზეც შეიძლება საყვედური ვუთხრა ჩემს ქმარს, მაგრამ იმდენ რამეში აქვს უპირატესობა, მინუსების ხაზგასმა არც ღირს.

- მაინც, მაინც?

- მაგალითად, სიყვარულის დღე მისთვის არაფერს ნიშნავს. ქალები რომანტიკულები ვართ და გვჭირდება ასეთი დღეების აღნიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ სიურპრიზები არ მიყვარს, გული მწყდება, ასეთ დღეებს რომ არ აქცევს ყურადღებას ჩემი ქმარი.

- რატომ არ გიყვარს სიურპრიზები?

- იმიტომ, რომ წინასწარ არ ვიცი, რა იქნება. მირჩევნია, ვიცოდე, გავთვალო წინასწარ, ვიდრე ველოდო და მერე არ მომეწონოს.

- გქონია მომენტი, როცა არ მოგწონებია?

- მქონია, მაგრამ ზრდილობიანი ადამიანი ვარ და ვცდილობ, ეს არ შევიმჩნიო ხოლმე. თუმცა ჩემი ემოციურობა "მყიდის", სახეზე მაწერია, მართლა გამიხარდა თუ ზრდილობის გამო "გამიხარდა".

- ეჭვიანი ხარ?

- მეგობრებთან ურთიერთობაში უფრო ეჭვიანი ვარ - მეშინია, ჩემზე მეტად მეორე მეგობარი არ უყვარდეთ. ჩემი პირველი ქმარი იყო ეჭვიანი. იმდენად მძულს ეს თვისება, რომ ყველანაირად ვებრძვი ამას ჩემში. შეიძლება, ვარ ეჭვიანი, მაგრამ იმდენად მოთოკილი მაქვს ეს გრძნობა, რომ გარშემო მყოფებს არ შევაწუხებ. დიდხანს იყო ეს გრძნობა შემაწუხებელი ჩემთვის და ამდენად, კარგად ვიცი, რა აუტანელია.

- დავუშვათ, მეუღლემ დაგირეკა და გითხრა, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდის და იმავე საღამოს ერთ-ერთ კაფეში გოგონასთან ერთად ნახე...

- ძალიან ზრდილობიანად მივესალმები მასაც და მის თანმხლებ გოგონასაც და შემდეგ სახლში გამოვკითხავ იმ გოგონას ვინაობას.

- იქ თავს შეიკავებ?

- რა თქმა უნდა. აბა, იმ ქალს ვაგრძნობინებ, რომ გავბრაზდი?! თავმოყვარეობა არ მომცემს ამის ნებას. ეჭვიანობა, გარკვეულწილად, უთავმოყვარეო ადამიანების სენია. თუ შევამჩნიე, რომ იქ საქმიანი საუბრის გარდა, ფლირტია, რა თქმა უნდა, გავბრაზდები. თუ გრძნობებსა და სიყვარულზეა ლაპარაკი, მოვაგვარებთ გაყრის ამბავსაც (იღიმის).

- ასე ადვილად დათმობ? მებრძოლი არ ხარ?

- საერთოდ არ ვარ მებრძოლი.

- როცა გრძნობ, რომ ხელიდან გისხლტება სიყვარული, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში აშენებდი, არაფერს მოიმოქმედებ?

- რა უნდა ქნა, თუ მას არ უყვარხარ, ძალით ხომ ვერ შეაყვარებ თავს?! უაზრობაა ყველაფერი. არ უყვარხარ და რად გინდა? თავისუფლება უნდა მისცე, მარტო უნდა დატოვო და თვითონ გადაწყვიტოს, ვისთან ურჩევნია. აქ მარტო სიყვარულზე არ არის ლაპარაკი, ღირსების საკითხია: შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ ღირსება ვერ დათმო. თუ ღირსებას დათმობ, საკუთარი თავი აღარ გეყვარება. ხოლო თუ საკუთარი თავი აღარ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ.

- შენ რომ შეგიყვარდეს სხვა?

- გავეყრები. იცი, რა, საკუთარ თავს არ უნდა მისცე ამის უფლება, თორემ იმდენი საინტერესო ადამიანია ჩემ გარშემო... მე ყველა ჩემი რესპონდენტი მიყვარს, ერთი კვირა ვგიჟდები მათზე. ყველა ასეთი სიყვარულისთვის ოჯახი რომ დავანგრიო...

- მიამიტი ხარ?

- კი, ეს ჩემი ნაკლია.

- მაგალითად, გირეკავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და პრესსამსახურის უფროსობას გთავაზობენ; არ გადაამოწმებ?

- თუ არ გადაამოწმებ, ეგ მიამიტობა არ არის, ეგ უკვე სისულელეა. სულელი ნამდვილად არა ვარ. ასე არ ხდება - დაგირეკონ და შემოგთავაზონ. იქ მთელი საინტერესო პროცედურაა, ფინჯან ყავასთან ერთად. თუმცა, ზოგადად, რატომღაც მჯერა ადამიანების, ალბათ იმიტომ, რომ თვითონ არ ვარ მატყუარა.

- ზარმაცი ხარ?

- შეიძლება, ვინმემ ასე ჩათვალოს, ისევ ჩემი პუნქტუალობის გამო, მაგრამ იმდენს ვშრომობ და იმდენს ვმუშაობ, ზარმაცი ნამდვილად არ ითქმის ჩემზე. ნელი ვარ, ძალიან ნელი, მაგრამ არა ზარმაცი. თუმცა, მიზანსწრაფულიც არ ვარ.

- სად გირჩევნია დასვენება?

- თუ ვისვენებ, სახლში მირჩევნია, მარტო, საერთოდ არ ავდგები საწოლიდან და მთელი დღე წიგნს ვიკითხავ. ოღონდ პარალელურად ტელევიზორი უნდა იყოს ჩართული.

- პრანჭია ხარ?

- კი. ყველას ვეპრანჭები - მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს.

- ეს კარგია?

- ზოგჯერ არა, ვიზღუდები იმის გამო, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს ვიზუალურ მხარეს. ყოველთვის ფორმაში ყოფნას ვერ ვახერხებ.

- სარკეში საკუთარ თავთან გილაპარაკია?

- საკუთარ თავთან არა, სხვებთან მილაპარაკია, ასე ვთქვათ, რეპეტიციას გავდივარ ხოლმე (იღიმის). ზოგჯერ მანქანაში ვლაპარაკობ ასე. ბევრს შეიძლება, ამის გამო გიჟიც ვგონივარ, მაგრამ ასეც ხდება.

- როცა მარტო რჩები საკუთარ თავთან და არც თამაში გიწევს, რას ეუბნები თეას?

- რატომ ვერ ხდები-მეთქი?!.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები