ინდოეთის უტარახანდის შტატში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამშენებლო ბანაკი მთლიანად თოვლში დაიმარხა. ტერიტორიაზე იმ დროს 54 მუშა იმყოფებოდა. მაშველებმა 46 მათგანის გადარჩენა მოახერხეს, 8 დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია თითქმის 60 საათს გაგრძელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზვავმა ლითონის 8 კონტეინერი მოიყოლა. უტარახანდის შტატის ხელმძღვანელმა პუშკარ სინგ დამიმ მადლობა გადაუხადა მაშველებს რთულ პირობებში გაწეული ძალისხმევისთვის. სამაშველო პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ვერტმფრენი.
გადარჩენილი მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მედიკოსების ყურადღების ქვეშ რჩებიან.
გაურავ კუნვარმა, მანას სოფლის საბჭოს ყოფილმა წევრმა, BBC-ს განუცხადა, რომ ტერიტორია, სადაც ზვავი ჩამოწვა, "მიგრაციული" იყო და მას მუდმივი მაცხოვრებლები არ ჰყავდა.
"ზამთარში იქ მხოლოდ სასაზღვრო გზებზე მომუშავე მუშები რჩებიან“, - თქვა მან.