ავტორი:

“მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, ილოცონ ამ განსაცდელის სწრაფი გადალახვისთვის“ - ხულოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა

“მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, ილოცონ ამ განსაცდელის სწრაფი გადალახვისთვის“ - ხულოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურაში მდებარე მეჩეთი მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული.

  • ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი იყო.

mecheti

აღნიშნულთან დაკავშირებით “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაცია“ განცხადებას ავრცელებს.

“სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში, ხანძრის შედეგად, მეჩეთის დაწვის გამო.

მეჩეთი მხოლოდ სალოცავი ადგილი არ არის. იგი ჩვენთვის სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და განათლების კერაა. ეს მძიმე დანაკარგი გულს გვტკენს, თუმცა გვწამს, რომ მეჩეთი მხოლოდ კედლებისგან არ შედგება. ის ცოცხლობს მორწმუნეთა გულებში, სადაც ღვთისადმი რწმენა და ერთგულება სუფევს.ვლოცულობთ, რომ უზენაესმა ალლაჰმა მოგვმადლოს ძალა და შესაძლებლობა, რათა სულ მალე აღვადგინოთ იგი და კვლავ განაგრძოს “ჯემაღ'ეთმა" ღვთიმსახურება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, ილოცონ ამ განსაცდელის სწრაფი გადალახვისთვის და გვერდში დაუდგნენ ჩვენს ძმებსა და დებს, რათა სულ მალე ავაგოთ ახალი მეჩეთი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

mecheti

ეთნოლოგ რუსლან ბარამიძის ცნობით, “შენობის აგების თარიღი XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისია. თავდაპირველად მეჩეთი სოფელ პაქსაძეებში მდებარეობდა, შემდეგ დაუშლიათ და სამ სოფელზე – პაქსაძეები, ბეღლეთი და დიდაჭარა – გაუნაწილებიათ. დიდაჭარის ჯამე 1828 წელს ლაზ ოსტატებს შეუმკიათ. დიდაჭარაში შენობა 2002 წლამდე იდგა. ახალი შენობის აგების შემდეგ ის ამავე ხეობის ზედა ნაწილში, სოფელ საციხურისათვის გადაუციათ“.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა 2006 წლიდან.

წყარო