ავტორი:

ტრამპმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება - "ეს არ არის დახმარების სრული შეწყვეტა, ეს არის პაუზა"

ტრამპმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება - "ეს არ არის დახმარების სრული შეწყვეტა, ეს არის პაუზა"

3 მარტს დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გასულ კვირაში მომხდარი ღია კონფლიქტის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაჩერა უკრაინისთვის ყველა სახის სამხედრო დახმარება.

"პაუზა" გასტანს მანამ, ვიდრე ტრამპი დაადგენს, რომ უკრაინის ლიდერებს გულწრფელად სურთ მშვიდობა, - იუწყებიან Bloomberg-ი და Fox News-ი, მათზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო "როიტერსიც".

"ეს არ არის დახმარების სრული შეწყვეტა, ეს არის პაუზა", - ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის ამ სიტყვებს Fox News-ი ავრცელებს.

გამოცემა Bloomberg-ი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ, ანონიმურად დატოვებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პაუზა გავრცელდება აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ არის - მათ შორის გადაზიდვის პროცესში მყოფ, საჰაერო და საზღვაო ხომალდებზე, ან პოლონეთის სატრანზიტო სივრცეებში განთავსებულ შეიარაღებაზე. წყაროს ცნობით, ტრამპმა თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს დაავალა პაუზის აღსრულება.

"პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ მშვიდობისკენ არის მოწოდებული. ჩვენ გვჭირდება ამ მიზნის ერთგულება ჩვენი პარტნიორებისგანაც“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომლის კომენტარსაც ციტირებენ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები და ამერიკული მედია.

თავად ტრამპს ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია და თეთრი სახლიდან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.

ახალი სამხედრო მარაგების გარეშე, უკრაინას, სავარაუდოდ, საკმარისი იარაღი წლის შუა რიცხვებამდე მიჰყვება, რათა ამჟამინდელი ტემპით გააგრძელოს რუსეთთან ბრძოლა, - აცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები. ეს ნაწილობრივ განპირობებულია ბაიდენის ადმინისტრაციით, რომელმაც მკვეთრად გაზარდა კიევისთვის იარაღის მიწოდება ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე, - აღნიშნავს WSJ.

CNN იტყობინება, რომ აშშ-ს ოფიციალური პირის შეფასებით, გარკვეული დრო დასჭირდება, ვიდრე სამხედრო დახმარების შეჩერების შედეგები ბრძოლის ველზე აისახება, მაგრამ რადგან მარაგი ამოიწურება, ეფექტი სერიოზული იქნება.

"არსებობს შესაძლებლობების უფსკრული, რომელსაც ევროპა თავისით ვერ შეავსებს“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, დაძაბულობა მოჰყვა 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მომხდარ მძაფრ შელაპარაკებას, რომლის დროსაც ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ზელენსკი საჯაროდ და მწვავედ გაკიცხეს. ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა უკრაინის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების გარეშე.

იხილეთ ასევე: