ავტორი:

აჭარის მთავრობის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა - "განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს"

აჭარის მთავრობის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა - "განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ახალი კულტურის სამინისტრო შექმნა და მინისტრად "ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ელისო ბოლქვაძე დანიშნა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. აღნიშნულ პოსტზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. ბოლო წლებში არაერთი მიღწევა გვაქვს კულტურის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება.

მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, მინისტრი ელისო ბოლქვაძე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ქალბატონი ელისო ბოლო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. ის გახლდათ კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ასევე, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩი. მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პარიზის უმაღლეს სახელოვნებო სკოლაში; გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი დადებითი სიახლე გვექნება.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. ქალბატონი მაია გააგრძელებს განათლების, ასევე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთანავე, როგორც ელისო ბოლქვაძემ წარდგენისას აღნიშნა, აჭარას აქვს უდიდესი პოტენციალი, სადაც კულტურა ყოველთვის იყო და ახლაც იქნება ძალიან განვითარებადი.

"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს... ბათუმი, აჭარა არის ის რეგიონი, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, სადაც კულტურა ყოველთვის იყო და ახლაც იქნება ძალიან განვითარებადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაკეთებთ და გავაგრძელებთ ძალიან საინტერესო პროექტებს, რადგან ბევრი რამ უკვე გაკეთებულია. ჩემთვის, როგორც უკვე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტში, ძალიან დიდი გამოცილება იყო საჯარო სამსახურში და ძალიან კარგად ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს კულტურას ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი გუნდისთვის. გუნდი მობილიზებულია, რათა კულტურა ეს იყოს უწყვეტი განვითარება, ჩვენი ქვეყნის გუშინდელი დღე, დღევანდელი და ხვალინდელი დღეც. ეს იყოს გამჭოლი ხაზი, რათა ჩვენ ახალგაზრდებსაც მიეცეთ საშუალება, მუდმივად იყვნენ შემოქმედებითი ზრდის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ბათუმი უნდა იყოს კულტურის მსოფლიო რუკაზე, ეს ჩვენ უკვე მივაღწიეთ, ბათუმს მიენიჭა იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების სტატუსი, ასევე ბათუმის ფესტივალი არის, იუნესკო-ს უწყვეტი ქუდის ქვეშ მოქცეული. ჩვენ გავაგრძელებთ იუნესკოსთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან მუშაობას. მთავარი ჩვენთვის რჩება ის, რომ კულტურა მივიდეს ყველგან, ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დიდი ნიჭის გამოვლენის. რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა ტალანტი და სახელოვანი ადამიანი გავზარდოთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბათუმს ისევ დავუბრუნდი“, - განაცხადა ბოლქვაძემ.