[ქვეყნიდან წასასვლელად] სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც, გამოვიყენე, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სისტემა რეალურად მორყეულია, არ მუშაობს. არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა და დასძინა, რომ მეტ დეტალს „ნამდვილად ვერ იტყვის“.
მან გადაცემაში გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლების მმართველობითი სისტემა და თქვა, რომ "ასეთ სისტემაში არ არის არანაირი გამართულობა, ვერანაირად ვერ იმუშავებენ ეფექტურად ვერც მესაზღვრეები, ვერც პოლიციელები, ვერც ვერავინ".
გიორგი ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება საქართველოს დატოვების შემდეგ.
მისი თქმით, ქვეყანა 10 საათისა და 23 წუთის წინ დატოვა.