ავტორი:

"იარაღი იმ დრომდე გვეყოფა, ვიდრე ევროპა გააძლიერებს უკრაინის დახმარებას" - როგორ აისახება ომზე ტრამპის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება?

"იარაღი იმ დრომდე გვეყოფა, ვიდრე ევროპა გააძლიერებს უკრაინის დახმარებას" - როგორ აისახება ომზე ტრამპის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება?

"ველოდებით სიტუაციის უკიდურესად გართულების, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ომის ლიდერს, რომელსაც არასდროს მიუტოვებია თავისი ხალხი და არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც თავისუფალი სამყარო თავისად მიიჩნევს", - განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა "ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებს, ავტომანქანებს, საბრძოლო მასალასა და რაკეტებს შეეხება, რომელიც უკრაინაში გასაგზავნად მზად იყო.

როგორ იმოქმედებს ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინელების ბრძოლის ხარისხზე, რა მოლოდინები და განწყობებია შექმნილი ახლა ქვეყანაში, ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ "ქართული ლეგიონის“ მეთაური გვესაუბრება:

- პრეზიდენტ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული შეხვედრა არანაირად არ შეეფერებოდა დიპლომატიის სტანდარტებს. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც კრიტიკოსი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ტრამპისა და ვენსის შეტევამ ზელენსკიზე უკრაინელი ხალხი კონსოლიდირება მოახდინა. ახლა ისინიც კი ზელენსკის უჭერენ მხარს, ვინც მის ოპოზიციაში იყვნენ. ვითარება მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ, კარგია - ევროპული ქვეყნები აქტიურდებიან, შეერთებული შტატების იმედად აღარ იქნებიან, საკუთარ უსაფრთხოებაზეც მეტად იზრუნებენ და უკრაინის დახმარების თვალსაზრისითაც მეტს გააკეთებენ.

- სამხედრო ანალიტიკოსების ვერსიით, უკრაინელებს საბრძოლო მოქმედებებისთვის საბრძოლო მასალების მარაგი მხოლოდ ზაფხულის ბოლომდე ეყოფათ. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ?

- დღეის მოცემულობით, ტრანზიტში მყოფი შეიარაღება, რომელიც უკვე პოლონეთშია, უკან - შეერთებულ შტატებში უნდა გაიგზავნოს. ამას გარდა, შეჩერდება რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ყველა კიბერ-ოპერაცია. ჩემი აზრით, ეს არის ტრამპის კაპიტულაცია, რუსეთის წინაშე და რუსული პროპაგანდისტული მანქანის უდიდესი მიღწევა, ცივილიზებულ სამყაროში. თუ რუსეთმა უკრაინაში თავის მიზანს მიაღწია, ამით ძალიან ცუდი პრეცედენტი შეიქმნება მსოფლიოში.

რაც შეეხება უკრაინაში არსებულ შეიარაღებას, მე მგონია, რომ ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი მართებული არ არის, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ იარაღი იმ დრომდე გვეყოფა, ვიდრე ევროპული ქვეყნები გააძლიერებენ უკრაინის დახმარებას.

- უკრაინას უკვე აქვს ასეთი გამოცდილება - 2023 წლის შემოდგომიდან 2024 წლის გაზაფხულის ბოლომდე ამერიკისგან სამხედრო დახმარებას ვერ იღებდა, რადგან ტრამპის მომხრე კონგრესმენი ექვსი თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით ბლოკავდნენ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 61 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას. რა სირთულეები შეგექნათ მაშინ ფრონტის ხაზზე და რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ?

- ამ გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უკრაინელებს ამერიკელების დახმარების გარეშეც შეუძლიათ ბრძოლა. იბრძოლეს კიდეც, თუნდაც ომის დასაწყისში. "ქართული ლეგიონი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსებს 2022 წლის თებერვალში, ჰოსტომელის აეროპორტში წინააღმდეგობა გაუწია და კიევის აღებაში ხელი შეუშალა. ეს ადასტურებს იმას, რომ საკუთარი ოჯახის და შვილების დაცვის მოტივაცია ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი იარაღი. ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ქვებითაც იომებს, თუ საჭირო იქნება.

- სხვათა შორის, 28 თებერვლის სკანდალურ შეხვედრაზე ტრამპმა ზელენსკის წამოაძახა, რომ სწორედ მან მიაწოდა კიევს "ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსები.

- კი ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ამერიკული იარაღი არ არის შეუცვლელი, არსებობს ანალოგები, რომელთა მოწოდება ევროპასაც შეუძლია. ასე რომ მთავარია, ევროპამ გამოხატოს პოლიტიკური ნება და დაგვეხმაროს.

- უკრაინის ოფიციალური ცნობებით, ამერიკული სამხედრო დახმარება მხოლოდ 20%-ს შეადგენს იმისა, რასაც უკრაინის არმია მტრის შესაჩერებლად იყენებს - 25% სამხედრო დახმარებას ევროპა აწვდის, ხოლო 55%-ს თავად უკრაინაში აწარმოებენ. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკული 20%-იანი სამხედრო დახმარება უნიკალურია, მას ვერც ევროპული დახმარებით ჩაანაცვლებენ და ვერც უკრაინულ ქარხნებში დაამზადებენ.

- არსებობს ამერიკული იარაღის კატეგორია, რომელიც უნიკალურია, მაგალითად "პეტრიოტის" საჰაერო სისტემა - მიმ 104, მაგრამ გერმანულ და ფრანგულ შეიარაღებაში არსებობს "პეტრიოტების" ანალოგები. ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე უნდა გამოიცადოს. უნდა ითქვას, რომ უკრაინის ომი არის პრეცედენტი, როდესაც მთელი მსოფლიოს იარაღი ბრძოლის ველზე გამოიცადა. შესაბამისად, უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან, რომელი იარაღი როგორ მუშაობს.

- ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ის სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც უკრაინის გენშტაბი დასავლელი პარტნიორებისგან იღებს...

- დიახ, რა თქმა უნდა,სადაზვერვო ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის. სამწუხაროდ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკული მხარე ამ მიმართულებითაც აღარ გაგვიწევს დახმარებას. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველანაირ ლოჯისტიკურ დახმარებას შეგვიწყვეტენ, ასევე უკვე ითქვა, რომ შეგვიწყვეტენ დახმარებას კიბერ ოპერაციბის თვალსაზრისითაც. კარგი ის არის, რომ "სტარლინკი" არ გაითიშება. ყოვე ლშემთხვევაში, ილონ მასკი იფიცება, რომ ამას არ აპირებს, რადგან საბაბი არ აქვს - პოლონეთი ყოველთვიურად იხდის უკრაინული "სტარლინკების" სააბონენტო მომსახურებას - 2, 5 ათას დოლარზე მეტს თითოეულ ტერმინალზე.

- ასეთი საფრთხეების ფონზე, გავრცელდა პრეზიდენტი ზელენსკის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ უკრაინა მზად არის იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში მოაწეროს ხელი, ტრამპმაც დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება მოწეროს შეთანხმებას ხელი, თუმცა, აშკარაა, რომ ტრამპი ცდილობს ზელენსკი აიძულოს, რომ მოაწეროს ხელი იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე...

- ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ამერიკელი ხალხის იმედი მაქვს.

- როგორც ვიცი, თქვენ მეგობრები გყავთ ამერიკელ კონგრესმენებს შორის. როგორია მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ჩემს მეგობრებს შორის არიან "რესპუბლიკელი“ სენატორები, რომლებიც დიდი წუხილს გამოთქვამენ ტრამპის ასეთი პოლიტიკის გამო.

- თქვენ მითხარით, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ უკრაინის ვეტერანთა საქმეთა მინისტრთან, ნატალია კალმიკოვასთან, რა იყო თქვენი შეხვედრის მიზანი?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენ განვიხილეთ მოხალისეების მხარდაჭერის საკითხები, მათი სამართლებრივი სტატუსი, გარანტიები და ვეტერანთა საზოგადოებაში ინტეგრაცია. ქალბატონმა კალმიკოვამ გვითხრა, რომ უკრაინა აღიარებს "ქართული ლეგიონის“ მებრძოლების მსხვერპლს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათი სამსახური იყოს პატივი და ასევე, დაცული იყოს ამ ბიჭების უფლებები, ასევე ყველაფერს გააკეთებს, გარდაცვლილი მოხალისეების ოჯახების მხარდასაჭერად.

- ალბათ, უკრაინელებს აინტერესებთ, ამერიკული დახმარების შეწყვეტის შემთხვევაშიც გააგრძელებენ თუ არა ქართველი მებრძოლები მათ მხარდაჭერას.

- მათ უკვე იციან, რომ "ქართული ლეგიონი“ ბოლომდე იბრძოლებს, იმისდა მიუხედავად, მიაწვდიან თუ არა დახმარებას მათ ამერიკელები. ჩვენ გვაქვს ბრძოლის მოტივაცია, იმიტომ, რომ ჩვენ უკრაინაში ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ოჯახებს ვიცავთ რუსული აგრესიისგან.

იხილეთ ასევე: