რა არის კამპილობაქტერია და რა მიიჩნევა მის გამომწვევ მიზეზად? - ამ საკითხზე გვესაუბრება ქართველი მეცნიერი მაია მეტრეველი, რომელმაც 2019 წელს საქართველოში კამპილობაქტერიოზის გამომწვევის ბაქტერიოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის მეთოდები დანერგა. სურსათთან ასოცირებული პათოგენის მნიშვნელოვანი კვლევა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში“ ტარდება, სადაც საქართველოში პირველად განხორციელდა კამპილობაქტერიის (Campylobacterspp.) კვლევა ნაწლავური ინფექციების მქონე ჰოსპიტალიზირებულ ბავშვებსა და ქათმებში (როგორც ინფექციის ძირითად რეზერვუარსა და წყაროში). მეცნიერმა ამავე კვლევის ფარგლებში მოახდინა საქართველოში იზოლირებული Campylobacter spp.-ის შტამების მოლეკულურ-გენტიკური დახასიათება და ანტომიკრობული მგძნობელობის პროფილების შესწავლა გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი მაია მეტრეველი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეაფსების სამსახურის უფროსია და წარმატებით თანამშრომლობს გერმანული და ამერიკული სამეცნიერო აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
როგორც ირკვევა, კამპილობაქტერია საუკუნის ბაქტერიათა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და სიხშირით ის ნომერ პირველია ევროპაში. "საქართველოში კამპილობაქტერია ჯერჯერობით 1000-დან 6 შემთხვევაში ვლინდება და მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მისი ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა“, - აღნიშნავს მაია მეტრეველი ambebi.ge-სთან საუბარში:
- რა არის კამპილობაქტერია და რა ითვლება მის გამომწვევ მიზეზად?
- კამპილობაქტერია დიარეებისა და გასტროენტერიტების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად იდენტიფიციერებადი ბაქტერიაა მსოფლიოში. ეს ბაქტერია მრავალი შინაური და ველური ცხოველის გასტროინტესტინალურ ტრაქტშია გავრცელებული, მაგრამ ადამიანების ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფრინველის ხორცის მოხმარებას უკავშირდება. ბოლო წლებამდე საქართველოში მისი ლაბორატორიული კვლევა არ ხდებოდა და შედეგად უცნობი იყო ამ პათოგენის ტვირთი სურსათის მიერ ინფექციათა შორის. კამპილობაქტერიოზი, უმეტესად, თვითმილევადი დაავადებაა, თუმცა მწვავე შემთხვევები საჭიროებს ჰოსპიტალიზირებას. ამ პათოგენს ვსწავლობდი თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ ბავშვთა კონტინგენტში. კვლევის შედეგებით, კამპილობაქტერიოზი აღმოჩნდა სიხშირით მეორე ინფექცია დიარეული სნეულებების მქონე ბავშვებში და გასროენეტერიტების გამომწვევი ლიდერი ბაქტერია სკოლამდელ ბავშვთა პოპულაციაში, სადაც მისმა წილმა 42% შედგინა. კამპილობაქტერიოზის ინციდენტობა ბავშვთა პოპულაციაში საკმაოდ მაღალია და ყოველ 1000 ბავშვზე 6 შემთხვევას შეადგენს.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის კვლევამ აჩვენა ქართული შტამების მაღალი რეზისტენტობა ციპროფლოქსაცინისა და ტეტრაციკლინის მიმართ, როგორც კლინიკურ, ასევე ფრინველის შტამებში. წარმოდგენილმა კვლევამ გამოავლინა კამპილობაქტერიოზის ენდემურობა ქვეყანაში. მისი შედეგები, საინტერესოა როგორც სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორებისთვის. ჩემთვის ერთადერთ სირთულეს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ამ კვლევის ასათვისებლად 3 თვე გერმანიაში მომიწია წასვლა, 3 თვე - აშშ-ში, ჯორჯიის უნივერსიტეტში და 6 თვე ჩემი მცირეწლოვანი შვილების დატოვება მომიწია.
- უფრო კონკრეტულად, რა სიმპტომები ახასიათებს კამპილობაქტერიას, როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ამ მიმართულებით საჭიროებს კვლევას?
- ბაქტერიას ახასიათებს დიარეა, ზოგჯერ - სისხლიანი, მაღალი ცხელება, იშვიათად - ღებინება. დაავადების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს პარალიზება, ამას გილენ-ბარეს სინდრომი ჰქვია. ლაბორატორიულ კვლევაზე თვითონ ინფექციური კლინიკა აგზავნის ანალიზს ლუგარის ლაბორატორიაში - თავდაპირველად ინფექციური იკვლევს თავის ლაბორატორიაში და თუ მისთვის ცნობილ პათოგენურ ბაქტერიებზე პასუხი უარყოფითია და მკურნალობას შედეგი არ აქვს, მერე აგზავნის ნიმუშს ლუგარში კამპოლობაქტერიაზე საკვლევად.
ლაბორატორიული კვლევა თუ არ ჩაატარე, ვერ მიხვდები, რომ კონკრეტულად კამპილობაქტერიასთან გვაქვს საქმე. სიმპტომები იგივეა, რაც სხვა პათოგენური ბაქტერიების, მაგალითად, შიგელას ან სალმონელას დროს. ასეთი ავადმყოფები კლინიკაში როცა შეჰყავთ, ექიმი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით იწყებს მკურნალობას, მაგრამ შედეგი არ აქვს, დიარეა გრძელდება... ჩვილებში დიარეა ძალიან საშიშია, ვინაიდან სწრაფად ხდება გაუწყლოება და პაციენტი მძიმდება. ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მირეკავდა და მთხოვდა გამოგზავნილი ნიმუშების პასუხების დაჩქარებას, საქმე თვეების ბავშვს ეხებოდა და პაციენტი ძალიან უმძიმდებოდათ, რადგან დიაგნოზი არ იცოდნენ და არასათანადო ანტიბიოტიკით მკურნალობდნენ. საბედნიეროდ, შემთხვევა კარგად დასრულდა - ბავშვს კამპილობაქტერია აღმოაჩნდა და სწორი მკურნალობის შემდეგ, ორ დღეში ჯანმრთელი გაწერეს .
- რა გზებით ხვდება ბაქტერია ორგანიზმში?
- უმეტესად მაპროვოცირებელი ქათმის უმი ხორცია, მაგალითად, ადამიანმა ქათამი მოამზადა, ჯერ უმ ხორცს შეეხო და მერე ამ ხელით სხვა ნივთს, ადამიანს... ქათამთან ასოცირებული შემთხვევები ყველაზე ხშირია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანები შინაური ცხოველებისგან - ძაღლის, ან კატისგან ინფიცირდებიან. ეს ბაქტერია ცხოველების ნაწლავებში ბუნებრივი მიკრობიოტის ნაწილია. საჭიროა ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახს პატარა ბავშვები და იმუნოდეპრესიული წევრები ჰყავს. სახლი არ უნდა დაბინძურდეს შინაური ცხოველების ფეკალიებით (დაინფიცირების წყარო ფეკალიებია ), რადგან ბავშვი იატაკზე ხოხავს და მერე ხელს პირში იდებს. ასევე, ბავშვებს უნდა მოვარიდოთ ძირს დაგდებული საწოვარები, სათამაშოები... როგორც წესი, ასეთი ინფექცია ერთხელ თუ დაემართა ბავშვს, მერე იმუნიტეტი უვითარდება და მისით აღარ ავადობენ.
- თერმულად დამუშავებული ხორციც ხომ არ წარმოადგენს საფრთხეს?
- თერმული დამუშავება კლავს ბაქტერიას, რა თქმა უნდა, თუ უკვე შემწვარს, ან მოხარშულ ქათამს უმი ხორცით დაბინძურებული ჩანგლით არ შეეხები, ასევე, სამზარეულოს ზედაპირზე ან ნიჟარაში დარჩენილი ბაქტერიები ხილს, ან ბოსტნეულს თუ არ დააბინძურებს, რასაც უმად მივირთმევთ.
- დაავადება გადამდები თუა?
- როცა ადამიანი დაინფიცირებულია და სათანადო ჰიგიენას არ იცავს, შეიძლება კამპილობაქტერიით ოჯახის სხვა წევრებიც დაინფიცირდნენ. ის ფეკალურ- ორალურ გზით გადადის.
- დღეს ყველაზე გავრცელებულ სხვა ბაქტერიებზე რას იტყვით, ამასთან, როგორ შეიძლება დაინფიცირების რისკების თავიდან აცილება?
- სურსათისმიერი პათოგენური ბაქტერიებიდან ხშირია შიგელა და სალმონელა. ამ ბაქტერიებით სურსათის დაბინძურება ხდება მისი წარმოების პროცესში, რაც ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობაა, თუმცა თერმულად სათანადო დამუშავება და კარგი სამზარეულო პრაქტიკა მნიშვნელოვანია ინფექციის თავიდან ასაცილებლად.