ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე დარჩა.
მამაკაცი "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდება.
"ოთხი-ხუთი თვის წინ დაოჯახდა, ათ დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ. რემონტი ჰქონდათ სახლში დაამთავრეს, სიმამრს ელოდებოდნენ, შაბათს უნდა ჩამოფრენილიყო. გიგის 22 წლის ძმა ჰყავს და პატარები კიდევ გოგო და ბიჭი. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს, არაჩვეულებრივი ხალხი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველა. ბებია ემიგრანტი ჰყავს".
ასევე ცნობილია, რომ ზარანდია 2 წლის წინ ბაიკით მოჰყვა ავარიაში. მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის გარკვეული პერიოდი მკურნალობის პერიოდს გადიოდა.
გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი სოცქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ზარანდიას დედას მიმართავს:
"მახსოვს, მაშინ, ავარიის დროსაც, როგორ იყავი, როგორ ებრძოდი ამდენ ტკივილს… მაშინაც ვერ გელაპარაკებოდი სათანადოდ, მაგრამ ახლა... ახლა კი საერთოდ ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომლებიც რამეს შეცვლიდა. გუშინ ტელევიზიით ვუყურებდი კადრებს – მანქანა ამოჰყავდათ და გულში გავიფიქრე: **"ვაი მის ოჯახს"… რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ოჯახის ვაი იქნებოდა... რა ვიცოდი, რომ ეს ტკივილი ასე ახლოს დაგვადგებოდა…" - წერენ ახლობლები.
"გუშინ, მეტეხის ხიდთან რომ მანქანა გადავარდა, ქალაქში შექმნილ საცობზე დავიწუწუნე, გაუაზრებლად… დღეს დილას კი ვიგებ, რომ ის ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი ჩემი ბიძაშვილის შვილის მეუღლეა.ახლად დაქორწინებულები იყვნენ, ბავშვს ელოდებოდნენ, ქორწილი უნდა გადაეხადათ და ბევრი გეგმა ჰქონდათ ცხოვრებაში! რით განუგეშო ბავშვო, არც კი ვიცი, ფეხქვეშ მიწა გეცლება და ფეხზე როგორ უნდა დადგე!" - წერს კიდევ ერთი ახლობელი.
წაიკითხეთ ასევე: