ავტორი:

ცხრა დაკარგული სტუდენტი, რომლებიც შვებულების დროს გაუჩინარდნენ, დანაწევრებულები იპოვეს - მექსიკაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები

ცხრა დაკარგული სტუდენტი, რომლებიც შვებულების დროს გაუჩინარდნენ, დანაწევრებულები იპოვეს - მექსიკაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები

ცხრა დაკარგული სტუდენტი, რომლებიც შვებულების დროს სამხრეთ მექსიკაში გაუჩინარდნენ, გზატკეცილის პირას დანაწევრებულები აღმოაჩინეს.

  • სტუდენტების ნეშტები მიტოვებული მანქანის საბარგულში, სან ხოსე მიაუატლანში იპოვეს, რომელიც პუებლას და ოახაკას შტატების საზღვარზე, მექსიკის დედაქალაქიდან 175 მილში მდებარეობს.

ცხრიდან ხუთი სტუდენტის ნეშტები სისხლით გაჟღენთილი ტენტის ქვეშ იყო მოთავსებული, ხოლო დანარჩენი ოთხი - საბარგულში.

უფრო მეტიც, საბარგულში სამართალდამცავებმა ორი მოკვეთილი ხელი და ჩანთა აღმოაჩინეს, რომელშიც დამატებით რვა წყვილი ხელი იყო მოთავსებული. ცხრავე მსხვერპლი 19-დან 30 წლამდე ასაკის იყვნენ, მათგან 5 მამაკაცი და 4 ქალი.

სტუდენტები ტლაქსკალას შტატიდან იყვნენ და 27 თებერვალს, ოახაკას პლაჟებზე მოგზაურობისას გაუჩინარდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ, 2 მარტს, მათ მანქანა, მუქი ნაცრისფერი Volkswagen Vento სამართალდამცავებმა მოძრაობით გადატვირთულ Cuacnopalan-Oaxaca-ს გზატკეცილზე აღმოაჩინეს.

მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია, მხოლოდ მეცხრე მსხვერპლის ვინაობაა ჯერ უცნობი.

ჯერჯერობით ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.

პუებლას შტატის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლის სათვალთვალო კამერების კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება აღნიშნული მანქანა გზატკეცილზე, იმ ადგილას, რაც იმ გვამების აღმოჩენის ლოკაციიდან 90 მილითაა დაშორებული.

პროკურატურა კონფიდენციალურობის დაცვის მიზეზით დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

"ამ დროისთვის ვერაფერს გავამხელთ. არსებობს რამდენიმე სამძებრო მიმართულება, მაგრამ მათი გამჟღავნება შეუძლებელია“, - განაცხადა პროკურატურის ხელმძღვანელმა, იდამის პასტორ ბეტანკურტმა.

  • მექსიკაში ძალადობა უკიდურესად მაღალ ნიშნულზეა, 2023 წელს 30,000-ზე მეტი მკვლელობა დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობაც ნარკოკარტელებთან იყო დაკავშირებული.

კარტელები მოწინააღმდეგეებისა და საზოგადოების ტერორიზებისთვის სასტიკ მეთოდებს იყენებენ. 2018 წელს გუადალახარაში ფილმის გადაღებისას სამი სტუდენტი შემთხვევით ერთ-ერთი დაჯგუფების მფლობელობაში არსებულ სახლს იღებდა. ისინი კარტელ CJNG-ის წევრებმა გაიტაცეს და მოკლეს.

კარტელები ხშირად ტოვებენ ნეშტებს საჯარო ადგილებში, რათა შიშის გავრცელება გააძლიერონ. მკვლელობების ასეთი სასტიკი ფორმები ახალი წევრების ფსიქოლოგიური გაწვრთნის ნაწილადაც გამოიყენება.

მექსიკაში 2020 წლისთვის 63,428 მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 92,658 ადამიანის ნეშტია დამარხული.

წყარო