რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"დღის მეორე ნახევარში პუტინი კრემლში აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტს, გუნბას შეხვდება“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემების თანახმად, 1-ელ მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ ხმების 54,73% მიიღო და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი“ გახდა.
ბადრა გუნბა 1981 წლის 14 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. ასაკის გამო არ მონაწილეობდა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში.
უმაღლესი ეკონომიკური განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრა და 2003 წელს დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - ბუღალტერიისა და აუდიტის სპეციალობით.
2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის აგვისტომდე გუნბა სარატოვის საქალაქო ადმინისტრაციის საფინანსო კომიტეტის სოციალური სექტორის დაფინანსების განყოფილებისა და მართვის აპარატის წამყვანი სპეციალისტი იყო.
მისი კარიერა დაიწყო სარატოვის ადმინისტრაციის ფინანსურ განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 2004 წლიდან 2006 წლამდე. 2007 წელს გუნბამ დაიცვა დისერტაცია და მიიღო დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში.
2007 წლის სექტემბერში აფხაზეთში დაბრუნდა და 2009 წლის იანვრამდე აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა.
2009 წლის იანვრიდან 2011 წლის ოქტომბრამდე დე ფაქტო კულტურის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2011 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე ე.წ. კულტურის მინისტრი იყო.
2015 წლიდან კი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.
2020 წლის 7 თებერვალს ასლან ბჟანიას გუნდში პოლიტიკურმა პარტიებმა, "აიტაირამ“ და "ამცახარამ“ იმავე წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად რეკომენდაცია ბადრა გუნბას გაუწიეს.
2020 წლის 22 მარტს კი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
2024 წლის 19 ნოემბრიდან 2025 წლის 3 მარტამდე იყო თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანია საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა.
აფხაზური მედიის თქმით, ბჟანიას წასვლის შემდეგ, ბადრა გუნბა განიხილებოდა, როგორც კომპრომისული ფიგურა, რომელსაც მხარს უჭერდნენ, როგორც რუსული მხარე, ასევე "ინვესტორები და ოფიციალური პირები“, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას აფხაზეთში.
2025 წლის 2 მარტს გაიმარჯვა აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და მისი ე.წ. ინაუგურაცია 3 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მის ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია კრემლის პოლიტტექნოლოგებმა დაგეგმეს და განახორციელეს. ის მიიჩნევა რუსეთთან "საინვესტიციო შეთანხმებისა" და ე.წ. აპარტამენტების პროექტის მომხრედ, რის გამოც მოუწია ბჟანიას დე ფაქტო თანამდებობიდან წასვლა.
ის თავის მთავარ პრიორიტეტებად მიიჩნევს საშინაო პოლიტიკის სოციალური ორიენტაციის შენარჩუნებას, ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების საკადრო რეზერვის ფორმირებას და ე.წ. საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას. ლაპარაკია, რა თქმა უნდა, "აფხაზეთის მთავარ მოკავშირე" - ოკუპანტს რუსეთზე.
გუნბას ჰყავს მეუღლე და 2 ვაჟი - 16 და 12 წლის.
შეგახსენებთ, გასული წლის 30 ოქტომბერს რუსეთმა და თვითგამოცხადებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა შეღავათებსა და რუსეთის ფედერაციიდან ინვესტორებისთვის მხარდამჭერ ზომებს - ორგანიზაციების ქონებასა და მოგებაზე გადასახადების გადახდისგან 8 წლით, ასევე საბაჟო გადასახადებისგან (ზოგიერთ შემთხვევაში) გათავისუფლებას. აფხაზეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს გარიგება უზრუნველყოფდა, ე.წ. რესპუბლიკის ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ადგილობრივ ბიზნესს დაარტყამდა, ბიუჯეტში "ერთი კაპიკი“ არ შეიტანდა და "ოლიგარქიის გაფართოებას“ გამოიწვევდა.
ამ საინვესტიციო ხელშეკრულებამ აფხაზეთში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, შენობის მიმდებარე ღობე დაანგრიეს და ხელისუფლების ცნობით, ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიო კომპანიის დაკავება სცადეს. შედეგად, "ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად“, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უარი თქვა რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირებაზე. 2025 წლის თებერვლის დასაწყისში, ბადრა გუნბასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გამოაცხადა, რომ მხარეები გადახედავენ საინვესტიციო შეთანხმებას.