ვახტანგ ფანჩულიძემ (ბურნუთა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა") გუშინ საღამოს პოსტი დაწერა, რომ მუშთაიდის ბაღის დირექციამ გაათავისუფლა სამსახურიდან, სადაც 10 წელი მუშაობდა.
ფანჩულიძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა. ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან მსახიობი ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე რამდენჯერმე გამოჩნდა.
AMBEBI.GE ვახტანგ ფანჩულიძეს დაუკავშირდა:
- 3 მარტს გამათავისუფლეს სამსახურიდან, მიზეზად მითხრეს, კარუსელზე, შენ სადაც მუშაობ, ბევრი ბავშვები არ მოდიანო. ამიტომ არ აქვს შემოსავალიო. წლიური შემოსავალი 3 ათასი ლარი აქვს და შენი ხელფასი კი წელიწადში 4 ათასი ლარია და წაგებაშიაო კომპანიაო. მე ვუთხარი, ამ კარუსელზე ცოტა ბავშვები რომ მოდიან ჩემი ბრალია-მეთქი? ეს არის თქვენი ბრალი, კარუსელი რომ გაუმართავია-მეთქი. მეორე კარუსელი გვაქვს გემები, სადაც ბევრი ბავშვები არიან. ამჟამად იქ ოპერატორი არ ჰყავთ, ცარიელია. ვუთხარი, თუ მიზეზი ეგ არის, მაშინ ეს კარუსელი დახურეთ და სადაც ათი ათასი ლარი შემოდის თვეში, იქ გადამიყვანეთ-მეთქი. თუ სხვა მიზეზი არ არის-მეთქი. არ გადამიყვანეს. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკური ნიშნით.
მუშთაიდის ბაღის უფროსს ალეკო ქევხიშვილს დაურეკა ალეკო ნიკოლაიშვილმა - ყოფილი წყალბურთელია, ახლა კი ფედერაციის თავმჯდომარე, ამ ხელისუფლების ფავორიტია. მან დაავალდებულა, რომ მე გავეშვი სამსახურიდან. თუ ასე არ არის, მაშინ რატომ არ გადამიყვანეს მეორე კარუსელზე. იქ ახლა არავინ მუშაობს, ცარიელია და ადამიანს ეძებენ, რომ უნდა მიიღონ. რაღა სხვა მიიღონ, მე გადამიყვანონ.
- რამდენი წელი მუშაობდით, როგორ დაგემშვიდობათ გუნდი?
- 10 წელი ვიმუშავე, გუნდი კარგად დამემშვიდობა, მათ რა უნდა ქნან, ყველას ეწყინა, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. გაუკვირდათ, გული დასწყდათ. დირექციასაც ეუბნებოდნენ, ცარიელი კარუსელი ხომ არის, ფული რომელსაც შემოაქვსო. ეს ხომ მარტივია, მე გამიშვეს პოლიტიკური ნიშნით მე ხომ წინააღმდეგი ვარ დიქტატურის, უმუშევრობის, ტანჯვა-წამების, რასაც აკეთებს ეს მოძალადე უზურპატორი მთავრობა. ამიტომ მოინდომეს ჩემი გამწარება და გამიშვეს სამსახურიდან.
- აქციებზე სიარულის პერიოდში თუ მოუცია სამსახურში ვინმეს შენიშვნა?
- აქციებზე სისტემატურად დავდივარ. ექვს საათზე სამსახურის მერე მივდივარ და თერთმეტამდე ვრჩები და მივდივარ სახლში. ეს იცოდა დირექციამ.
- ახლა რა უნდა ქნათ, სად იშოვით სამსახურს?
- ყველგან ვკითხულობ და სულ ახალგაზრდები უნდათ. არსად არ უნდათ 69 წლის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჯანზე ვარ და არაფერს ვუჩივი. ყველა მიცნობს. მაგრამ მესმის მაგრამ ახალგაზრდა უნდათ ყველგან. 60 წლის ზევით არავინ აღარ გიღებს სამსახურში და პენსია მაინც ჩამოწიონ მამაკაცებზე 60 წლამდე. ახლა მე სად ვიშოვი ახალ სამსახურს. ჩემი ხელფასი იყო 400 ლარი. გამონათქვამი რომ არის, საბანი სადამდეც გაგწვდება იქამდე გაიყოლეო. ახლა რა უნდა ვქნა, სახელმწიფო უბიძგებს ადამიანს დანაშაულისკენ. ახლა მაგას როგორ ვიკადრებ.
გარშემო ყველა გაოცებულია, არავის ეგონა რომ გამიშვებდნენ. ძალიან დიდი ავტორიტეტი მქონდა, ხალხი მოდიოდნენ და სურათებს იღებდნენ ჩემთან, მეუბნებოდნენ თქვენი გულისთვის მოვდივარო. ოჯახი, სიყვარული, ადამიანი, ხანშიშესული ამათთვის ეს სიტყვები არ არსებობს. ივანიშვილმა თავის დონეზე დაიყვანა მთელი საქართველო. 69 წლის ადამიანს უშვებენ რომელსაც 400 ლარი აქვს ხელფასი და იციან ვერაფერს ვეღარ იშოვის. ამათ ვერ წარმოუდგენიათ, ადამიანი რომელსაც აქვს 400 ლარი, იქიდან რამეს ვერ შეინახავს. კაპიკი არ მაქვს შენახული, ეს ფული ერთი კვირა თუ გეყოფა ადამიანს.