2023 წლის 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 39 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა, რაც დღეს გაცილებით დიდი თანხაა.
განცხადებიდან ირკვეოდა, რომ დანაშაული მოხდა წლების წინ, კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა 2017 წელს ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ინვესტორი ქვეყნის ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელთან ბაჩიაშვილის ახლო ურთიერთობაზე ქართული მედია ხშირად წერდა.
საერთოდაც, ბაჩიაშვილი ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა მას მისი თანამონაწილეობით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დირექტორობა ანდო. 2013 წლიდან, 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, 2019 წლის მაისიდან კი, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც იგი ზედამხედველობას უწევდა ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას. სხვადასხვა დროს ლაპარაკი იყო მის ეკონომიკის და პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზეც კი, თუმცა საბოლოოდ ბაჩიაშვილი ფონდის მრჩეველთა საბჭოში დარჩა.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ იმხანად 28 წლის ახალგაზრდა მილიარდერის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და მასთან დაახლოებული პირი იყო.
2022 წლის აპრილში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით "ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი". იმ ადამიანებს შორის, ვისაც ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ანდობს, დასახელებული იყო გიორგი ბაჩიაშვილიც.
ის ასევე იკავებდა ექსპრემიერის მრჩევლის პოზიციას ბრალდებამდე ჯერ კიდევ თვეების წინ და სწორედ ამ რანგში მისცა ჩვენება სინგაპურში გამართულ პროცესზე, სადაც ივანიშვილისა და Credit Suisse Trust-ის დავა განიხილებოდა. მაშინ ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა იმ შეუსაბამობებზე, რის გამოც ივანიშვილი უპირისპირდება Credit Suisse Trust-ს (სინგაპური), რომელსაც ასობით მილიონის ინვესტიცია მიანდო.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი 2014 წელს Forbes-მა 30 წლამდე ყველაზე წარმატებულ ადამიანებს შორის დაასახელა. კერძოდ, ფინანსების მიმართულებით under 30-ში ბაჩიაშვილი 28 წლის ასაკში მოხვდა. მაშინ გამოცემა წერდა, რომ ბაჩიაშვილი $6-მილიარდიან კერძო ფონდს ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ დროინდელი საქართველოს მშპ-ს 40%-ს უდრიდა.
დღეს კი წაყენებული ბრალდებების და ფინიშისკენ გასული სასამართლო პროცესის ფონზე, ბაჩიაშვილი ქვეყნიდან ფარულად წავიდა, შსს-მა მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე - საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აღძრა. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, საზღვარგარეთ არიან მისი მშობლებიც - ალექსანდრე ბაჩიაშვილი და მარინა რამაზაშვილი.
2025 წლის 6 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 1 პირი - 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ დააკავა.
შსს-ს ვერსიით:
2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში "შუამავლის“ სახელით "გადამყვანს“ დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც მას გარკვეულ მისამართზე მისვლა სთხოვა;"გადამყვანი“ მივიდა ამ მისამართზე და იქ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი;
გიორგი ბაჩიაშვილმა მას თანხის სანაცვლოდ "ერთი პირის“ საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა - "გადამყვანიც“ დაეთანხმა.
"წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილი და შ.ქ. საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ. გამოძიებით დგინდება, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს, გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა.შ.ქ. მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, მესაზღვრე-კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება.
აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით, სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან, გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, გადასცა მას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა”, - ნათქვამია განცხადებაში. წაიკითხეთ სრულად
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
Linkedin-ის გვერდის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილის ბიოგრაფია ასეთია:
განათლება:
სამუშაო გამოცდილება:
როგორც ცნობილია, პროფესიით ფინანსისტი ბაჩიაშვილი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.
ის წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა. მისი მშობლები - ალექსანდრე ბაჩიაშვილი და მარინა რამაზაშვილი ექიმები არიან.
ასევე ჰყავს და ნინო ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი იყო და ამ სფეროში წარმატებული კარიერა ჰქონდა. ის ქართველ ბიზნესმენზეა გათხოვილი.
გიორგი ბაჩიაშვილი გოგონებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე არ შეუქმნია. მედია წერდა, რომ ის მოსკოვის ექს-ვიცე მერის სოსო ორჯონიკიძის ვაჟის, ნიკუშა ორჯონიკიძის მეგობარია.
ბაჩიაშვილი გატაცებულია ავტოსპორტით და უყვარს მოგზაურობა. ის არც ექსტრემალურ თავგადასავლებზე ამბობს უარს.
"ბიზნესპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც ბაჩიაშვილი წილს ფლობს ან დირექტორის პოზიციას იკავებს.
მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, გიორგი ბაჩიაშვილი ფლობს შპს "კეპლერ ინვესტმენტს“, რომელიც თავის მხრივ არის გარკვეული წილების მფლობელი სხვა 9 კომპანიაში.
გარდა ამისა, ბაჩიაშვილი არის რამდენიმე კომპანიის მეწილე და დირექტორი; კერძოდ, ის ფლობს შპს "რეზინას“ 50%-იან წილს; შპს "აი ქიუ სოფტის” 45.5%-ს; შპს "საქართველოს უძრავი ქონების მართვის კომპანიის“ 40%-იან წილს, ასევე ფიქსირდება შპს "ოტო-მოტოს“ მეწილედ; მასვე უკავია დირექტორის პოზიცია კომპანიაში "მეგა თრენდს“.
გარდა ამისა, რეესტრის მონაცემებით ბაჩიაშვილი არის შპს "მალონე ფაინენს ჯორჯიას“ დირექტორი, რომლის მფლობელიც ოფშორში რეგისტრირებულია კომპანიაა, ამიტომ საბოლოო ბენეფიციარის მიკვლევა რთულია.