ჭაბუა ამირეჯიბის 5 მოთხრობა და ეტიუდი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ 5-ტომეულში გააერთიანა და გამოსცა კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედება, რომელიც მოიცავს როგორც მის უკვდავ რომანებს, ისე მოთხრობებსა და ეტიუდებს.
პირველ ორ ტომში შესულია XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „დათა თუთაშხია“, მესამე ტომში - „გიორგი ბრწყინვალე“ და ფრაგმენტები, მეოთხე ტომი მოთხრობებს, ეტიუდებსა და ჩანაწერებს აერთიანებს, ხოლო მეხუთე ტომის სახით გამოიცა ჭაბუა ამირეჯიბის ავტობიოგრაფიული რომანი - „გორა მბორგალი“.
სერიას თან დართული აქვს მწერლის შვილის, ქუცნა ამირეჯიბის დოკუმენტური ფილმი „ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟთა პროტოტიპები“.
მკითხველთა ფართო წრეები კლასიკოს მწერალს თავისი რომანებით იცნობს, ამიტომაც გთავაზობთ 5 ეტიუდსა და მოთხრობას, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებაზე კიდევ უფრო სიღრმისეულ წარმოდგენას შეგიქმნით:
1. „მე თვითონ!...“
„მე თვითონ“ მოგვითხრობს კაცისა და ბუნების ჭიდილზე, მისი და ორი ფოცხვერის სასიკვდილო ბრძოლაზე, რომელშიც ერთი შეხედვით უფრო ძლიერმა, მარდმა და მოხერხებულმა უნდა გაიმარჯვოს, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაფერი შემთხვევითობაა.
როგორია კაცის ბუნება? - შეიძლება სიკვდილს გადარჩეს, მაგრამ საყვედურს მაინც არ დაიშურებს გადამრჩენელისთვის.
2. „ძია შოთას ბადია“
„დედაც მართალი იყო და მამაც. დედამ უმაღლესს თავი მიანება იმიტომ, რომ „შვილებს გადაჰყვა“ და „თავი დაიღუპა“, _ ასე ამბობდა ბებო. მერე მამამ დააწყებინა სწავლა. ჩვენი მეზობელი დეიდა მარო და დედაჩემი დაუსწრებელზე სწავლობდნენ. „ეს მომაშორებინა როგორმე თავიდან“, _ იტყოდა ხოლმე დედა ორგანულ ქიმიაზე. რა თქმა უნდა, დედას სადილისთვის არ ეცალა... არც მამას ეცალა! მამას არასოდეს ეცალა. დილით სამსახურში მიდიოდა, ნასადილევს _ მეორე სამსახურში. მამა სულ საქმეს აკეთებდა და დედამ ტყუილად უთხრა: შენი გაკეთებული საქმე ვის გაუგონიაო. თუ საქმეს არ აკეთებდა, მაშ, ფულს რატომ აძლევდნენ?
ასე არ ხდება, ამაში დარწმუნებული ვიყავი.“
მოთხრობა გვიყვება ერთი ოჯახის ისტორიას, ტიპურ ქართულ ყოფას, სადაც ბევრი ჩვენგანი ამოიცნობს საკუთარ თავს.
3. „მუციოს სცევოლა“
„ჩემი დის, ქეთინოს ამხანაგი, ლილი, ოციოდე წლის პრანჭია გოგო იყო. მე მისი აქამდე არაფერი ვიცი, დედაჩემი იტყოდა ხოლმე, _ გათხოვება უნდა, ლამის გაგიჟდესო. ლილის დედა ამბობდა, _ ჩემი შვილისთანა ნიჭიერი
გოგო ძნელად მოიძებნებაო; ხომ შეიძლება უნიჭიერეს გოგოს გაგიჟებით უნდოდეს გათხოვება? ნამდვილად ვიცი, კაკოსაც ეპრანჭებოდა და ლევანსაც და თუ კიდევ ვინმე გამოუჩნდებოდა, საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა. საძრახისად არ ვამბობ, მერე რა, ყველა გოგო ასეთი არ არის?“
მოთხრობის მთავარი პერსონაჟი გვიამბობს ერთ ზაფხულს მომხდარ ისტორიას, როცა ოჯახით ზღვაზე ისვენებდა. გვაცნობს სხვადასხვა პერსონაჟს, რომელთაც თავიანთი საზრუნავი ჰქონდათ და გულწრფელად გვიზიარებს მათ მოყოლილ დაუჯერებელ ამბებსა და მის თავს გადამხარ ერთ ისტორიას.
4. „ველოსიპედი“
ბიჭს ძალიან უნდა ველოსიპედი, მამამ ეს იცის, საყიდელი ფულიც აქვს, თუმცა სასურველის მიღწევას სულ სხვაგვარი ემოციები და გამოცდილება მოაქვს, როცა ამას თავად ახერხებ. სწორედ ამიტომ, ბიჭმა საამქროში უნდა იმუშაოს და შეიძინოს მონიკელებული, წკარუნაზიანი ველოსიპედი...
„მე მქონდა საკუთარი შრომით ნაშოვნი, ველოსიპედის საყიდლად განკუთვნილი შვიდას ოცი მანეთი მაგიდის უჯრაში. უჯრა დაკეტილი იყო, გასაღები ჯიბეში მედო და მატარებელი აგარაკზე მიგვაქროლებდა მე და მამას“, - გვიამბობს ბიჭი, თუმცაღა მის ცხოვრებაში მოულოდნელად სხვა ადამიანების საჭიროებებიც ჩნდება. მან არჩევანი უნდა გააკეთოს, სხვა ადამიანებს გაუმართოს ხელი, თუ თავისი შრომით დამსახურებული ველოსიპედი შეიძინოს.
5. „ჩემი მეჯღანე ბიძა“
ახალგაზრდამ ტექნიკუმში დაბარებული მშობელი უნდა მიიყვანოს, თუმცა რას იზამს, როცა ერთი ცხოვრებისგან დაჩაგრული მამიდა ჰყავს თბილისში? მშობლები დაეღუპნენ, მათ კუთვნილ სახლში სხვები შესახლდნენ, თავად მამიდასთან და ბიძებთან ერთად საკუჭნაოში დაბინავდა და უკიდურესად მძიმე ყოფას ებრძვის... გაჭირვებასა და მშობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ახლა ესეც დაემატა, ვინმე უნდა იპოვოს, ვისაც ტექნიკუმში ლუკაშვილს შეახვედრებს...
R