ავტორი:

"ჩემი იაპონელი მეუღლისთვის სტიქიაზე აქაური რეაგირება ცოტა გაუგებარი იყო..." - რას ჰყვება ქართველი მსახიობი, რომელიც ცოლთან ერთად წლების წინ გურიაში გადასახლდა

"ჩემი იაპონელი მეუღლისთვის სტიქიაზე აქაური რეაგირება ცოტა გაუგებარი იყო..." - რას ჰყვება ქართველი მსახიობი, რომელიც ცოლთან ერთად წლების წინ გურიაში გადასახლდა

"მაგალითად 90-იან წლებში დიდთოვლობა ხშირად იყო. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენს რეგიონში თოვლი იშვიათი სულაც არ არის და ამიტომ მზადყოფნა უნდა ყოფილიყო შესაბამისი" - ამბობს ქართველი მსახიობი მიშა არობელიძე.

ის მისი იაპონელი მეუღლე ჩიკა ოგი რამდენიმე წელიწადია გურიაში ცხოვრობენ. მათ სოფელ ვაკიჯვარში, ბახმაროს მთის მისადგომებთან თავისი სავანე შექმნეს...

ამჯერად ორივე გურიაში იმყოფებოდნენ, მიშა არობელიძე მოხალისეებთან ერთად იმ ადამიანების დახმარებაში იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც დიდთოვლობის შედეგად უმძიმესი რეალობა ჰქონდათ...

- ჩვენ ოზურგეთში ვცხოვრობთ და რასაკვირველია მოვლენებს თავიდანვე ვადევნებდით. პირველი რამდენიმე დღე ქალაქი სრულიად პარალიზებული იყო. ცენტრალური ქუჩების წმენდა გვიან დაიწყო და მეორეხარისხოვანი ქუჩები თუ მათზე გამსვლელი ჩიხები სრულიად გაუკვალავი დარჩა, რამაც დიდი პრობლემა შექმნა გადაადგილების თვალსაზრისით. ამას ემატებოდა ისიც რომ, მთავარი ქუჩის გაწმენდის შედეგად მიყრილი თოვლის გროვა ისედაც გაუკვალავ მონაკვეთზე მოსახლეობისათვის ქმნიდა წარმოუდგენელ სირთულეს, უბრალოდ გზამდე რომ მიეღწიათ. ფაქტი ის არის, რომ რეგიონი მოუმზადებელი შეხვდა ამ სტიქიას, რის შედეგადაც შემდგომი რეაქცია დაგვიანებული იყო.

სამწუხაროდ ვერ მოხერხდა წარსულის გამოცდილებაზე სწავლა.1985 წლის დიდთოვლობას თუ არ ჩავთვლით, გურიაში არც სხვა წლებში გვაკლდა მსგავსი მოვლენები. მაგალითად 90- იან წლებში დიდთოვლობა ხშირად იყო. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ყველასთვის ნათელია, ჩვენს რეგიონში თოვლი იშვიათი სულაც არ არის და ამიტომ მზადყოფნა უნდა ყოფილიყო შესაბამისი. მიუხედავად იმისა რომ ოზურგეთში თოვლის სიმაღლე ღობეებს ფარავდა, რამაც უამრავი პრობლემა შექმნა როგორც ზემოთ აღვნიშნე, მთავარი გამოწვევა მაინც მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდათ, რადგან თოვლის სიმაღლე ორ მეტრს აღემატებოდა და გზებიც გაუკვალავი იყო. არ იყო ელექტროენერგია, გაზი და წყალი. ადამიანები საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩნენ. სასწრაფოს ეკიპაჟისთვის შეუძლებელი იყო დროულად პაციენტამდე მისვლა უგზოობის გამო.

6 - 7 საათი იყო საჭირო ადგილზე მისასვლელად. ისიც უნდა ითქვას, რომ სამაშველო სამსახური დიდ დახმარებას უწევდა სასწრაფო დახმარებას.მინდა მოხალისეების მიმართ გამოვხატო მადლიერება, თანადგომისთვის და იმ წარმოუდგენელი სამუშაოსთვის, რაც მათ გასწიეს. მდგომარეობის განსამუხტად დაუღალავი შრომისთვის. უბრალოდ ენა ვერ იტყვის იმას, რა საქმეც მათ გააკეთეს. მხოლოდ მათ მოახერხეს მიუვალ ადგილებში საკვების, წამლებისა და აუცილებელი ნივთების მიწოდება ხალხისთვის. ეხმარებოდნენ სახურავების გადათოვლაში. ახლანდელი რეალობა კი ასეთია: კრიტიკულმა მონაკვეთმა ჩაიარა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი.

- თქვენი იაპონელი მეუღლე როგორ უყურებდა ამ ყველაფერს?

- ჩიკასთვის აქაური რეაგირება სტიქიასთან მიმართებაში ცოტა გაუგებარი იყო, რადგან იაპონიაში რასაკვირველია მსგავს კონტექსტში პროცესები სხვაგვარად იმართება. ჩემი აზრით მათი სტიქიასთან გამკლავება საერთოდ ცალკე განხილვის საკითხია. ის, თუ როგორ ხდება ზარალის პრევენცია, ორგანიზება და ასე შემდეგ. ბუნებრივია მისი გაკვირვება რადგან, მსგავსი მასშტაბის სტიქია მან პირველად ნახა გურიაში და შესაბამისი იყო რეაგირების ხარისხიც. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ის ადამიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობა მოხალისეებისაგან დავინახეთ, ემპათია და სოლიდარობა ერთი მეორის მიმართ, მისთვის გასაოცარი იყო.

- როგორც ვიცი, თავად იყავით ჩართული, უმწეო მდგომარეობაში მყოფ ხალხს დახმარებოდით...

- დიახ, ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩამოსულები მოხალისედ და მე გარკვეული დროით მათთან ერთად მიწევდა გადაადგილება. არაერთ სოფელში ვიყავით, საკვებს და მედიკამენტს ვაწვდიდით, გზად ჩარჩენილ ადამიანებს ვეხმარებოდით. ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ერთ-ერთ სოფელში, შედარებით მაღალმთიანში, უნდა მივსულიყავით და ტელეფონით მომიხდა ლაპარაკი დამხვედრის ნათესავთან, რომელმაც გვითხრა რომ გამოსული იყო უკვე ადამიანი და შეგვხვდებოდა გზად. მახსოვს ისიც თქვა მეექვსე სახლი არის, მოსახვევის შემდეგ აღმართშიო.

ეს სახლები ერთი მეორისგან ალბათ ნახევარი კილომეტრით მაინც იქნებოდა დაშორებული, ან ღამით ასე ჩანდა გაუკვალავ თოვლში. როცა ადგილზე მივედით, არც სახლი ჩანდა და არც გზა გრძელდებოდა . საბოლოოდ მას დავუკავშირდით ვისთვისაც უნდა გადაგვეცა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ გურული ვარ, კაცი ისე სწრაფად ლაპარაკობდა ერთი სიტყვაც ვერ გავიგე.

შემდეგ ჩემს ადგილობრივ მეგობარს გადავაწოდე ტელეფონი, იქნებ მას მაინც გაეგო რამე, თუმცა უშედეგოდ. ბევრი წვალების შემდეგ როგორც იქნა ავედით დანიშნულების ადგილამდე, საიდანაც საყვარელი ბაბუ გამოსულიყო და სახლის კართან იდგა. ჭიშკრამდე გამოსვლაც კი წარმოუდგენელი რამ იყო მისთვის თოვლის სიმაღლიდან გამომდინარე. ამ დროს ჩვენი მანქანა თოვლში ჩარჩა, ორად გავიყავით და მანამ გზას ვასუფთავებდით, ბიჭებმა ბაბუს შეუტანეს საკვები და მედიკამენტები. ეს ამბავი მოსაყოლად მარტივია, თუმცა რეალობაში არც თუ ისე ადვილი იყო... ამით იმისი თქმა მინდა რომ, ამ ბიჭების შემყურემ დავინახე, თუ რამხელა ძალა აქვს და რისი გაკეთება შეუძლია ადამიანის კეთილ ნებას.