მეწყერი მთაში, კონკრეტულად თუშეთში არავის უკვირს, მაგრამ არსებობს დიდი და მცირე მეწყერი. 2019 წელის მაისში ძლიერმა სეტყვამ და რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ, თუშეთში ისეთი მეწყერი დაძრა, ადგილობრივების მონაყოლით, მხოლოდ 80 წლის წინ რომ ყოფილა. ამ სტიქიურ მოვლენას თბილისიდან წასული ჯგუფი შეესწრო - ადამიანები უდიდესი განსაცდელის პირისპირ აღმოჩნდნენ. ჯგუფში 5 კაცი იყო.
"ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" თანამშრომლების მიზანი იყო, იქ ზამთრის შემდეგ, ბარიდან ცხვრის აყვანისა და ადგილზე დაბინავების შესახებ სტატიაც მოემზადებინათ და ყველაფერი ფოტოებზე, ვიდეოზეც აესახათ. ისინი მეცხვარეებს გაჰყვნენ...
ნიკოლოზ მჭედლიძე, არქიტექტორია, რომელსაც ფოტოგრაფია უკვე წლებია მეორე პროფესიად ექცა და აღნიშნულ ჯგუფში ისიც იყო.
ნიკოლოზ მჭედლიძე:
- ეს პროექტი "ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან" ჩემი პირველი თანამშრომლობა იყო. გზას თუშეთისკენ გავუყევით. იქ ცხვრების ბარიდან ასვლა-ჩამოსვლა, მეცხვარეების ცხოვრების მთელი ციკლი, მათ შორის, ყველის მომზადება უნდა გადაგვეღო. 5 კაცი ვიყავით, ოპერატორი, მე - ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და კიდევ ორი ადამიანი.
- სანამ წახვიდოდით, ალბათ მეცხვარეებთან შეათანხმეთ და მათგან შესაბამისი ინფორმაციაც მიიღეთ...
- ქარსამაულების შთამომავლობით მეცხვარეების ოჯახი იყო, მამას იმ გზაზე შვილიც მიჰყვებოდა. მანამდე პირველი გასვლა შირაქის ველზე გვქონდა, სადაც მეცხვარეები ზამთარში ცხვარს უშვებენ ხოლმე და სადაც ბინავდებიან. ხოლო ის ამბავი, რაც მერე მოხდა, უკვე აბანოს უღელტეხილზე იყო. მოკლედ, საზაფხულო საძოვრებზე თუშეთში ცხვრის ასვლა - ეს მონაკვეთი უნდა გადავეღო. 4-5 დღე ერთ-ერთ სოფელში უნდა ვყოფილიყავით და შემდეგ უკან ვბრუნდებოდით. ეს იყო ჩვენი მიზანი და გეგმა, მაგრამ მოხდა წარღვნა.
- მაშინვე აღმოჩნდით სტიქიის პირისპირ?
- ალვანიდან სოფელ ფშაველამდე მივედით. მეორე დღეს ჩვეულებრივად ვიარეთ, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა და აბანოს უღელტეხილზე, სადღაც შუაში, გზაზე დავბანაკდით, ის საშინელება იქ მოხდა. ღამე სეტყვა მოვიდა და ამინდი რადიკალურად შეიცვალა. არადა, 8 მაისი იყო, მაგრამ სეტყვისა და სიცივისგან ცხვარი დაიხოცა, მეწყრებიც დაიწყო და უკან დავბრუნდით. ფაქტობრივად, მეწყრების ზონაში მოვხდით, რაც ყველაზე საშიში აღმოჩნდა. ყველაფერი ჩვენ წინ წვებოდა... იქ ტრაქტორი სულ არის, მეგზევეების პუნქტია, რომლებიც დაგვეხმარნენ. 3-4 დღე მათთან მოგვიწია გაჩერებამ. სულ 15 მეწყერი ჩამოწვა.
- მოკლედ, კატასტროფის ეპიცენტრში აღმოჩნდით...
- კი, უბრალოდ კარგი ის იყო და იმაში გაგვიმართლა, რომ ცოტა ზემოთ მოვხდით და არა შუა ზონაში, სადაც ყველაზე სახიფათო ადგილი იყო, სადაც მიწის დიდი ნაწილი ჩამოიშალა... თავიდან ასე დაიწყო - ღამის 4 საათზე კარავში ვიყავით და ჭექა- ქუხილი გაისმა. ძალიან ძლიერი იყო, იქ ვეღარ გავჩერდებოდით. კარავი ავიღეთ მანქანაში შევდეთ, ჩვენც დავსხედით და დიდი წვიმა წამოვიდა. რამდენიმე ხნის მერე მეწყერიც დაიძრა. არ ჩერდებოდა და რამდენჯერმე გადავრჩით, რომ მანქანა არ წაიღო. ბოლო მეწყერი, ყველაზე დიდი, რომელიც ჩამოწვა, მისგან უბრალოდ დამუხრუჭებამ გვიხსნა და გადაგვარჩინა... 30 კილომეტრიანი ხეობაა, დიდი, გზა ქვემოთ მთაზეა. იმ მთის წვერზე დაბანაკებულები ნელ-ნელა ხეობაში ჩამოვედით, რომ გზები გვენახა, ყველაფერი განადგურებულები იყო. მსგავსი კატასტროფა არასდროს მინახავს.
- და, როგორც მითხარით, არც ასეთი შიში განმიცდია ცხოვრებაშიო...
- კი. გზა, რომელიც გამოვიარეთ, აღარ იყო. ჩამოსვლისას ყველაფერი განადგურებული დაგვხვდა. ვინაიდან სხვა გამოსავალი არ გვქონდა, იძულებული ვიყავით, იქ დავრჩენილიყავით. ადგილი მოვნახეთ, სადაც პატარა ინფრასტრუქტურა იყო და გავჩერდით. მერე გამოიდარა, - 2-3 დღე კარგი ამინდი იყო. მეცხვარეებმა რაც შეძლეს, დახოცილი ცხვარი გაატყავეს და ხორცად შეინახეს... უმძიმესი სანახავი აღმოჩნდა, ცხვრები ჩვენს თვალწინ კვდებოდნენ. სულ 150 სული დაიხოცა. სიცივეს და სეტყვას ვერ უძლებდნენ. ისე უცებ აცივდა, თან ახალი გაკრეჭილები იყვნენ, საზაფხულოდ გამზადებული - იმ სიცივეს ვეღარ გაუძლეს... მერე ადგილობრივებს რომ შევხდით, იხსენებდნენ, ასეთი ამბავი 80 წლის წინ იყო, მას მერე მსგავსი მძიმე მეწყერი თუშეთის გზაზე არ ყოფილაო.
- თუმცა იქ მეწყერი, როგორც ვიცი, ყოველ წელს არის...
- კი, მაგრამ ასეთი არ ყოფილა. მერე გზაზე ფეხით რომ მოვდიოდით და სულ შლამი იყო, დამეწყრილი იყო ყველაფერი... დაბლობზე, სოფელ ფშაველთან გზებს ძირი ჰქონდა გამოცლილი. იმ გზაზე იმ სტიქიის წინ პირველები ვიყავით, ვინც წავედით... რაიონის ხელმძღვანელობას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ხეობაში „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ექსპედიცია იმყოფებოდა, 5 კაცის შემადგენლობით, მაგრამ ჩვენთან კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, რადგან კავშირიც გაწყვეტილი იყო. ვერავის ვეკონტაქტებოდით... მერე როგორღაც კავშირი აღდგა. ყველას მივაწვდინეთ ხმა, რომ კარგად ვიყავით. რომ ჩამოვედით, დაგვხვდნენ, მოგვხედეს... მოკლედ, რომ გვეგონა, უბრალოდ ცხვარი სოფელ ვესტომთაში უნდა გაგვერეკა, სადაც მათი დაბინავების საინტერესო ეპიზოდები გადაგვეღო და უკან დავბრუნებულიყავით. არ დაგვცალდა, ასეთი კატასტროფა მოხდა.
- და სტიქია გაგიხდათ გადასაღები...
- კი, მაგრამ რაღაცები უბრალოდ ვერ გადავიღეთ, არ იყო ამის დრო და საშუალება, რადგან ეს არც ისე უსაფრთხო გახლდათ... ვიდეოზე არის გადაღებული, მანქანაში რომ ვსხედვართ და დიდი ზვავი ჩამოდის, ცხვრები რომ კვდებიან...
- ემოცია როგორი იყო?
- მთაში სიარულში გამოცდილი ვარ, ლაშქრობებში ბავშვობიდან დავდიოდი. რთულ ამბებშიც ვყოფილვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში შიში იმან გაამძაფრა, რომ ზემოთ წასასვლელი არ იყო, იმიტომ, რომ გზა აღარ არსებობდა. ქვემოთ ჩამოსვლისას კი ის უდიდესი მეწყერი რომ ჩამოწვა, - ეს იყო ყველაზე საშიში რამ. რამდენიმე წამით ჩქარა რომ გვევლო, მანქანას დაეჯახებოდა. მეწყერი და მანქანა თითქოს ერთად გაჩერდაო. წამებით ადრე იქ გადარჩენის შანსი ნული იყო... აბსოლუტური გამართლება ის აღმოჩნდა, რომ ცოტა სწრაფად არ მივდიოდით. ამას იმ მომენტში ასე ვერ აანალიზებ, ინსტინქტით მანქანა ძალიან სწორად დავხიეთ, რომ მეწყრის ზონას გავცლოდით, რომელიც ძალიან დამრეცი ხეობა იყო.
მერე ცოტა ნაკლებად დამრეცში გადავინაცვლეთ. მოკლედ ყველანაირი გზა ჩაკეტილი იყო. ამას წინა დღეს ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ წინა ღამეს რომ გავხედეთ, კახეთიდან წამოსულ ღრუბლებს, რომელსაც კახეთში საშინელი ჭექა-ქუხილი მოჰყვა, ვხდებოდით, ჩვენკენ მოიწევდა, მაგრამ ასეთ უბედურებას მაინც არ ველოდით. მეწყერი ეკრანზე, ვიდეოში ალბათ ყველას გვინახავს, მაგრამ ე.წ. ლაივში და ასე - არა.
მიწა ჩამოდის, იმას არ აინტერესებს გზა არის თუ არა. როგორც ვთქვით, მეწყრები თუშეთში არ უკვირთ, მაგრამ ტრაქტორისტი, რომლებიც იქ სულ მუშაობენ, გაგიჟებულები იყვნენ, ვერაფერს გავასწორებთო... მერე სახელმწიფო ჩაერთო და თვე-ნახევარი მოუნდნენ გზის გაკეთებას, ყველაფერი თავიდან გაკვალეს. როგორც კი გააკეთეს, იმავე ზაფხულს თუშეთში ისევ ავედით და რაც იმ პერიოდში ვერ გადავიღეთ, მათ შორის, ყველის დამზადება, ქარსამაულებთან გადავიღეთ. სტატიაც გამოქვეყნდა და ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა, მსოფლიოს 12-მა ქვეყანამ გადათარგმნა მსოფლიოში. ფოტომასალაც კარგი გვქონდა.
ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე