ავტორი:

როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ქარი და ცივი ამინდი - "კვირის ბოლოს ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს"

როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ქარი და ცივი ამინდი - "კვირის ბოლოს ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს"

გუშინდელი დღიდან მთელს ქვეყანაში დაბალი ტემპერატურა და ძლიერი ქარია. როდის გამოიდარებს და დათბება - გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი უახლოესი დღეების პროგნოზს გაგვაცნობს...

- არქტიკული ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის დაკლება და დიდთოვლობა გამოიწვია. ცივი ჰაერის მასების ზეგავლენა რამდენიმე დღე გაგრძელდა. საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერი ჯერ არ არის საკმარისად თბილი, შესაბამისად დასავლეთის მიმართულების ქარით გამოწვეული სიცივის შეგრძნება ბუნებრივია. ქარი აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება 7 მარტის დღის პირველ ნახევრამდე, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან შესუსტდება.

- ტემპერატურის მატებას როდიდან უნდა ველოდოთ?

- მიმდინარე კვირაში ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს, ყოველ დღე დაახლოებით +2, +3 გრადუსით, რაც მკვეთრ მატებას არ ნიშნავს. კვირის ბოლოსთვის ტემპერატურამ როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა +18+20 გრადუსს მიაღწიოს.

- ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ისევ თოვლია, მაღალი ტემპერატურა, თოვლის სწრაფი დნობა საშიში არ იქნება?

- თოვლის დნობა ნელა მიმდინარეობს და ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. მიმდინარე კვირაში დაბალი წნევის არეს ჩაანაცვლებს მაღალი წნევის არე, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ამინდს. უახლოეს დღეებში ნალექი მოსალოდნელი არ არის, ჰაერის ტემპერატურა კი ნელ-ნელა მოიმატებს

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკვე გაზაფხული მოვიდა?

- რა თქმა უნდა, გაზაფხულია, მაგრამ ვიცით, რომ მარტს ცვალებადი ხასიათი აქვს.