FBI-მ 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც კანადელი ოლიმპიური სნოუბორდერისა და საერთაშორისო ნარკოკარტელის ლიდერის, რაიან ვედინგის დაკავებას შეუწყობს ხელს.
FBI-ის განცხადებით, ვედინგი მექსიკაში იმალება.
"ჯილდოს გაზრდა უნდა იყოს სიგნალი, რომ ვედინგისთვის უსაფრთხო თავშესაფარი არ არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ალან ჰამილტონმა.
43 წლის ვედინგი, რომელიც ონტარიოს პროვინციის ქალაქ თანდერ ბეიში გაიზარდა, კანადის ნაკრების სახელით 2002 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. ოთხი წლის შემდეგ, 2006 წელს, ვედინგის სახელი ფიგურირებდა ბრიტანეთის კოლუმბიაში, მარიხუანას მოყვანასთან დაკავშირებულ საქმეში, თუმცა მას ბრალი არ წაუყენეს.
წლების განმავლობაში, ვედინგი ძლიერი და სასტიკი ტრანსნაციონალური ნარკოკარტელის ლიდერად იქცა.
გასულ წელს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვედინგს ბრალი წაუყენა კოკაინის ტრეფიკინგსა და მკვლელობებში მონაწილეობისთვის.
ვედინგს ბრალი ედება კოლუმბიიდან მექსიკისა და სამხრეთ კალიფორნიის გავლით, კანადაში ასეულობით კილოგრამი კოკაინის ტრანსპორტირებაში. ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადებით, მის ორგანიზაციას აშშ-ისა და კანადის ქალაქებში ყოველთვიურად "ხუთი ტონა ფენტანილი“ გადაჰქონდა.