ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის სოფელში, 2025 წლის 3 მარტს, ადგილობრივი დროით დღის ორ საათზე, ციდან ორი ქვა ჩამოვარდა. ასტრონომიისა და კოსმოსური მეცნიერებების ცენტრის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს ობიექტები ნამდვილად მეტეორიტებია.
"ობიექტების სიმძიმის, მაგნიტური თვისებებისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, ისინი, სავარაუდოდ, ასტეროიდის მცირე ფრაგმენტებია, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა. კვლევას ვაგრძელებთ,“ – განაცხადა ცენტრის დირექტორმა, დოქტორ შრინიას აუნდჰკარმა.
მეტეორიტების საერთო წონა დაახლოებით 280 გრამია. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ქვები შეხებისას ცივი იყო.
მსგავსი შემთხვევა 2023 წლის 24 იანვარს ბოჯადეს სოფელშიც დაფიქსირდა, რომელიც პუნედან დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარეობს. იმ დროს მეტეორიტი რამდენიმე ფრაგმენტად დაიშალა და ადგილობრივის საძინებლის იატაკზე 50 მილიმეტრიანი ნაჭდევი დატოვა. შეგროვებული ნიმუშების საერთო მასა 1 კილოგრამს იწონიდა.
ინდოეთში 1621 წლიდან დღემდე 700-ზე მეტი მეტეორიტის ჩამოვარდნაა დოკუმენტირებული. თითოეული ასეთი მოვლენა მნიშვნელოვან მონაცემებს მატებს პლანეტარულ მეცნიერებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ე.წ. ჩვეულებრივ ქონდრიტებს, რომლებიც ყველა ცნობილი მეტეორიტის 85%-ს შეადგენენ და მათ უნიკალური მინერალური და ქიმიური შემადგენლობის გამო ფართოდ იკვლევენ.