ავტორი:

"მსოფლიო გადის უდიდეს პოლიტიკურ მიწისძვრას, ამის შედეგად ყალიბდება რამდენიმე ძალის ცენტრი - აშშ, რუსეთი, ჩინეთი..." - იქნება თუ არა ახალი ძალის ცენტრი ევროპის ტერიტორიაზე?

"მსოფლიო გადის უდიდეს პოლიტიკურ მიწისძვრას, ამის შედეგად ყალიბდება რამდენიმე ძალის ცენტრი - აშშ, რუსეთი, ჩინეთი..."  - იქნება თუ არა ახალი ძალის ცენტრი ევროპის ტერიტორიაზე?

თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მომხდარ სკანდალსა და უკრაინის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ჩაშლას შედეგად მოჰყვა ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინისთვის გაწეული ყველა სახის სამხედრო დახმარება შეაჩერა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ახლახან აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა. როგორც ჩანს, ტრამპი ნებისმიერ ფასად ცდილობს მიაღწიოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, ოღონდ არა სამშვიდობო შეთანხმებით და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ცეცხლის შეწყვეტით, რაც კონფლიქტს ღიად, ხოლო უკრაინის მომავალს გაურკვეველს ტოვებს. 11 მარტს საუდის არაბეთში დაგეგმილია ამერიკა-უკრაინის მხარეების შეხვედრა და საინტერესოა, რაზე შეთანხმდებიან მხარეები.

ტრამპისა და პუტინის პირობებით ამ უსამართლო ომის დასრულება, ცხადია, ევროპისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც ტრამპის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა და განცხადებებმა ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე სერიოზულად დააფიქრა. ევროპამ აშშ-სგან დამოუკიდებელი ძალის ცენტრად ჩამოყალიბებისთვის სამზადისი გადაიარაღებით დაიწყო.

6 მარტს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება და მსოფლიოს აუწყა, რომ ევროკავშირი თავდაცვის დაფინანსებას 800 მილიარდი ევროთი ზრდის. ერთი დღით ადრე კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში სერიოზული გზავნილები გაავრცელა. მაკრონის თქმით, რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არ ქრება და ის მთელს ევროპას ეხება საფრანგეთის ჩათვლით. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება უკრაინის ხარჯზე და რომ არ შეიძლება რუსეთს მიეცეს პირობების კარნახის უფლება.

"ევროპის მომავალი არ უნდა წყდებოდეს არც ვაშინგტონში და არც მოსკოვში“, - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ევროპა მზად არის "კონკურენციისთვის როგორც აშშ-სთან, ისე რუსეთთან“. მაკრონის თქმით, ის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან თავის დასაცავად მათ მიერ საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების იდეას.

"ევროპა ახალ ეპოქაში შედის, რუსეთის მხრიდან საფრთხე ყველას გვემუქრება. რუსეთის ქმედებების გამო არსებული მდგომარეობა ჩვენთვის ძალიან საშიშია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან მშვიდობას საკუთარი პირობების შესაბამისად მიაღწიოს. მშვიდობა არ შეიძლება იყოს რუსეთის პირობებით. ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს - მან დაარღვია მინსკის შეთანხმებები. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ აშშ შესაძლოა ჩვენს მხარეს აღარ იყოს. მშვიდობის ხელმოწერა ვერ მოხდება ვაშინგტონში ან მოსკოვში. ჩვენ გავაძლიერებთ ევროპის არმიას და დავიცავთ საკუთარ თავს. ჩვენ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით იარაღს, რათა უკრაინა და ევროპა სხვებზე დამოკიდებული არ იყვნენ. ჩვენი არმია ყველაზე ეფექტიანია ევროპაში და გვაქვს ბირთვული იარაღი, რომელიც გვიცავს..."- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მოახერხებს თუ არა მოკლე დროში დონალდ ტრამპი დაპირებული რუსეთ-უკრაინის სამწლიანი უსამართლო ომის დასრულებას, რას უქადის უკრაინას აშშ-ს პოლიტიკა და შეავსებს თუ არა ჰეგემონი სახელმწიფოს თამაშიდან გასვლით წარმოქმნილ ვაკუუმს ევროპა, ამ საკითხებზე ambebi.ge-ს ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე ესაუბრება:

- რთული სათქმელია, როგორ დასრულდება და საერთოდ, დასრულებადია თუ არა ეს ომი მოკლე ხანში იმიტომ, რომ აქ არა მარტო აშშ-ს და უკრაინის, რუსეთის პოზიციაც საინტერესოა. რუსეთს შეიძლება ომის საბოლოოდ დასრულების მაინც და მაინც მაღალი სურვილი არ ჰქონდეს. მისი მოთხოვნაა ომი ისე დასრულდეს, რომ მან ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს და თუკი მისთვის სხვაგვარ მშვიდობაზე იქნება საუბარი, ეს რუსეთს არ აწყობს. რუსეთისთვის მხოლოდ ორი პირობაა მისაღები:

1. თუკი ის უკრაინის ტერიტორიებს შეინარჩუნებს;

2. თუკი უკრაინა გარანტიებს ვერ მიიღებს, რითაც რუსეთს სამომავლოდ ომის ნებისმიერ შემთხვევაში განახლების საშუალება ექნება.

უკრაინაც არ დათანხმდება, უბრალოდ, მშვიდობას გარანტიების გარეშე და ტერიტორიების ჩაბარებით. უკრაინამ დიდი მსხვერპლი გაიღო საიმისოდ, რომ გადარჩენილიყო, როგორც სახელმწიფო, მაგრამ მეორე მხრივ, ეს გადარჩენა ხომ არ გულისხმობს იმას, რომ მალევე ისევ პრობლემები გაჩნდეს, მას გარანტიები სჭირდება, ესაა მთავარი აზრი - თუკი გარანტიები არ იქნა, უკრაინელები ასე მარტივად არ დათანხმდებიან სიმბოლურ მშვიდობას, რომელსაც რეალურად მშვიდობასთან საერთო არაფერი ექნება.

რაც შეეხება ამერიკის პოზიციას, ნათელია, რომ ტრამპი უფრო მეტად ფინანსურ-ბიზნეს რესურსებზეა ორიენტირებული, მისთვის სტრატეგიულ მშვიდობას, პოლიტიკურ გრძელვადიან მიზნებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მას ჰგონია, რომ ამერიკა არის ყოვლისშემძლე, ამერიკას უჭირავს ყველანაირი რესურსი, მის დღის წესრიგს მიჰყვება მთელი მსოფლიო, რაც მას სჭირდება, იმ რესურსებს დაუდებენ და სხვა ძლიერ ძალებთან ერთად ის გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა - არასწორი. ეს არის, პრაქტიკულად, ცივი ომისეული სურათის დანახვა, ოღონდ, ცოტა უფრო სხვა პრიზმაში - უფრო მეტად ეკონომიკურ-ფინანსურ პრიზმაში. ის ფიქრობს, რაც მომინდება, ჩემია ყველა რესურსი და თუკი შენ არ მაძლევ მას, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ ხარ. ამიტომაც უნდა ტრამპს არა მხოლოდ უკრაინის საკითხის გადაწყვეტა, არამედ რუსეთთან გარკვეული ურთიერთობების აღდგენა. უკრაინაში ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებოდა, თუ მას ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე რესურსებზე აბსოლუტური წვდომა ექნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყანა ამერიკისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი აღარ იქნება. ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს - ან ეკონომიკურად მაწყობს შენთან ყოფნა, ან არ მაწყობს გრძელვადიანი სტრატეგიული კავშირები. ამით სარგებლობს რუსეთი და ამიტომაც ევაჭრება აშშ-ს. ახლა რაც ნათელია ის, რომ ევროპა მხოლოდ აშშ-ს იმედზე აღარ უნდა იყოს.

- რა შეუძლია ახლა ევროპას, მოახერხებს თუ არა ის საბოლოოდ მოკლე დროში დამოუკიდებელი ძალის ცენტრად ჩამოყალიბებას? სკეპტიკოსები ავითარებენ აზრს, რომ აშშ-ს გარეშე ევროპა ვერაფერს გახდება.

- ევროპას სხვა გზა არც აქვს. ერთ-ერთი გამოსავალი ახლა საკუთარი თავის გაძლიერებაა. რამდენიმე წელიწადში თუკი ევროპისგან - ცალკეული სახელმწიფოებისგან, ან ევროკავშირისგან არ მივიღებთ ძლიერ ძალას, ევროპას მეტი შანსი აღარ ექნება. მსოფლიო რეალურად გადის უდიდეს და გარდამტეხ პოლიტიკურ მიწისძვრას და ამის შედეგად ყალიბდება რამდენიმე ძალის ცენტრი - აშშ, რუსეთი, ჩინეთი და საინტერესოა, იქნება თუ არა ახალი ძალის ცენტრი ევროპის ტერიტორიაზე.

თანამეგობრობასთან ერთად ბრიტანეთი ალბათ ევროპასთან ერთად უნდა მოვიაზროთ იმიტომ, რომ მისი ინტერესები უსაფრთხოების გაგებით, ყოველთვის ემთხვეოდა ევროპის ინტერესებს, ევროპაში ძალთა ბალანსი ბრიტანეთისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული მიზანი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ევროპა აშშ-ს გარეშე ვერ მოახერხებს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მე ამას წარსულ დროში ვიტყოდი - ევროპას ეს ადრე არ შეეძლო, ახლა მას ყველაფერი აქვს საამისოდ. ბრიტანეთსა და საფრანგეთს ამერიკისგან დამოუკიდებლად პოლიტიკური ნება ჰქონდა 1950-იან წლებში, როცა ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ ეს ქვეყნები ეგვიპტეში შეიჭრნენ. ეს პოლიტიკური ნება მათ შემდგომ, 1960-იანების დასაწყისში დაკარგეს და მთლიანად გადავიდნენ ამერიკის ქოლგის ქვეშ. თუკი მათ პოლიტიკური ნება დაიბრუნეს, იმაზე საუბარი, რომ ევროპას სამხედრო ძალა არ გააჩნია, დიდი სისულელეა, პირიქით, დიდი რაოდენობით აქვს და ასევე გააჩნია წარმოება. ფული არსებობს და მისი მობილიზების შემთხვევაში ყველაფერი გამოვა. როგორც ვხედავ, ევროპული ელიტა ნელ-ნელა ხვდება, რომ მათთვის ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე, რასაც აქამდე არ აღიქვამდნენ. მათ შორის ამ სამ წელსაც ისინი მყიფედ აღიქვამდნენ, ძალიან ნელა და ფრთხილად ახორციელებდნენ რეფორმებს. ახლა დაინახეს, რომ უკვე მსოფლიო სრულიად შეიცვალა, მარტონი დარჩნენ და უწევთ დიდი რესურსების მიმართვა იმისკენ, რაც ყველაზე მთავარია. იმის ნიშნებიც არსებობს, რომ ნელ-ნელა ევროპის პოლიტიკურ სივრცეში ამბიციური პერსონები გამოჩნდებიან, მაგ. მაკრონს სულ ჰქონდა ევროპის ლიდერობის ამბიცია და შესაძლოა ასეც იყოს.

- მაკრონის და გერმანიის სავარაუდო კანცლერის მერცის განცხადებებმა, კერძოდ, რუსეთის მხრიდან საფრთხისგან თავის დასაცავად მათ მიერ საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების იდეამ კრემლი ისტერიკაში ჩააგდო..

- დიახ ისტერიკაში არიან კრემლი და მისი მოკავშირეები, ისინი, ვისთვისაც ძლიერი ევროპა არის საფრთხობელა, არავის უნდა ძლიერი ევროპის ხილვა, მათი სურვილია ძლიერი რუსეთი. სამწუხარო რეალობაა და მიმაჩნია, საქართველოს არცერთ მოქალაქეს ეს არ უნდა უნდოდეს იმიტომ, რომ თუკი რუსეთი უკრაინის შემდეგ ვინმეს გადაყლაპვას აპირებს, ეს საქართველო და მისი მსგავსი სახელმწიფოებია - რუსეთის მიზანია პირველ რიგში მოასუფთაოს სამეზობლო ველი, მას ტერმინიც აქვს ასეთი - "ახლო სამეზობლო“. მისი მოსუფთავების შემდეგ კი ის გადის შორეულ სამეზობლოზე, ევროპის ხელში ჩაგდების მისი გეგმები არსად გამქრალა. მსგავსი რიტორიკა, რომ რუსეთს ნეოიმპერიალისტური მიზნები არ აქვს, სისულელეა, ამაზე რუსეთში დღესაც მუშაობენ, დუგინმა გუშინაც დაწერა, ევროპას მალე დავშლითო. ფაქტია, რუსეთს აქვს ძალზე შორსმიმავალი გეგმები და ამაში ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავს. ამიტომაცაა, რომ ევროპის გამოფხიზლება დაიწყო, მას შეიარაღებისთვის საჭირო მექანიზმი გააჩნია - ქარხნებიც არსებობს, ფინანსებიც, ტრადიციაც, სამხედრო ძალაც, ანუ ყველაფერი არსებობს, ხოლო პოლიტიკური ნება ახლა იწყებს მობილიზებას. ურსულა ფონ დერ ლაიენმა დააანონსა, რომ ევროპული სახელმწიფოები თავდაცვისთვის 800 მილიარდ ევროს დახარჯავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ძალიან სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს.

- "ევროპის მომავალი არ უნდა წყდებოდეს არც ვაშინგტონში და არც მოსკოვში“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. თქვენი პროგნოზით, უკრაინის ბედი სად და როგორ გადაწყდება?

- წიაღისეულის დიდი მარაგი რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, შესაბამისად, რა მინერალებზეცაა საუბარი, მათგან მხოლოდ ნახევარია უკრაინის ხელში. თუკი ეს შეთანხმება ნამდვილად მოხდა, აქ კიდევ უნდა იყოს არა მარტო ამერიკა-რუსეთის, არამედ კიდევ ორი მხარის თანხმობა - მთავარია ისიც, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრაინა და ევროპა. ევროპისთვის ნათელია, რომ გამოთავისუფლებული რესურსები, რომელიც რუსეთს ექნება - დრო, ენერგია, ფული, ამ ყველაფერს ის ევროპის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებს და აუცილებლად წარმატებას მიაღწევს იმიტომ, რომ ევროპა ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ ადგეს და ერთ ღამეში გადაეწყოს, ამას დრო სჭირდება, ეს არ არის იალტის კონფერენციის პერიოდი. თუკი უკრაინის ბედს მართლა მხოლოდ აშშ და რუსეთი გადაწყვეტენ, ეს მარტო უკრაინისთვის და ევროპისთვის კი არ იქნება დიდი დარტყმა, არამედ იქნება სიგნალი ჩინეთისთვის, რომ მას კარტბლანში აქვს და სანამ მსოფლიოს გადაწყობა მოხდება, შეუძლია ომის წარმოების უფლება გამოიყენოს და თავს დაესხას ტაივანს. სხვათა შორის, ჩინეთს ტაივანზე ბევრად მეტი უფლება აქვს, ვიდრე რუსეთს - უკრაინაზე. ეს პრეცედენტი შეიქმნება და მერე ამას სხვა სახელმწიფოები მიბაძავენ. თუკი უკრაინა გარანტიებს ვერ მიიღებს და ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს დარჩება, ეს მარტო მსოფლიო წესრიგს კი არ დააყენებს თავდაყირა, ეს ომებს დააბრუნებს საერთაშორისო პოლიტიკაში და მერე უკვე ვინ რას და როგორ იმოქმედებს, ეს სრულიად არაპროგნოზირებადი იქნება, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი საერთოდ აღარ იარსებებს. მარტო რუსეთს კი არ აქვს უკრაინისადმი პრეტენზია, უამრავი სახელმწიფოა, რომელთაც პრეტენზიები აქვთ თავის სამეზობლოში და ძალისმიერ მეთოდს მიმართავენ, ვინ რას აუკრძალავს, ან რა მექანიზმით? ეს არ არის 1940-იანი წლები, მით უმეტეს, იალტის კონფერენცია მას შემდეგ წარიმართა, რაც ნაცისტური გერმანია - აგრესორი დაისაჯა და ახლა რა, მსხვერპლი უნდა დაისაჯოს? და თუ ასე მოხდა, ეს ხომ კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება? მგონია, ეს შეთანხმება თუ მართლაც შედგა, უკრაინა გარანტიების გარეშე არ დათანხმდება. გარანტიების მიღების შემთხვევაში კი სრულიად სხვანაირად იცვლება რეალობა.

- ამ შემთხვევაში როგორ იცვლება რეალობა?

- თუკი უკრაინას გარანტია ექნება, მისი მილიტარიზაცია ძალიან დიდი ტემპებით გაგრძელდება და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შანსი მინიმუმი იქნება. შეიძლება მხოლოდ ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმება არ დაიდება. ომი ცეცხლის შეწყვეტით კი არ მთავრდება, არამედ მაშინ, როცა სამშვიდობო შეთანხმება იდება, მანამდე კონფლიქტი ღიად და ნელი ინტენსივობის კონფლიქტად რჩება. ცეცხლის შეწყვეტა უფრო მარტივია, ხოლო სამშვიდობო შეთანხმებას უფრო რთული მექანიზმის აღსრულება სჭირდება. ვფიქრობ, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას გარანტიებისა და აქტიური სამხედრო დახმარების გარეშე უბრალოდ არ დათანხმდება.

უ აშშ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს, მისი ჩამანაცვლებლები აუცილებლად იარსებებენ - როდესაც ჰეგემონი თმობს პოზიციებს, ამ ვაკუუმს სხვები ავსებენ, ეს არის ორჯერ-ორი ოთხი. ამის მცდელობები იქნება და უკვე ჩანს - საფრანგეთი ცდილობს ნელ-ნელა შეავსოს ის ვაკუუმი, რომელიც ამერიკის ეტაპობრივი გასვლისა და ეტაპობრივი ზურგშექცევის ფონზე გაჩნდა ევროპაში და თუ არ გამოუვიდა, მერე შეიძლება უკვე რუსეთმა შეავსოს სხვადასხვა მეთოდებით. რადგან ამერიკა აღარ იქნება, ეს იმას არ ნიშნავს, უკრაინას აღარავითარი საშუალება არ ექნება, მით უფრო, მას თავისი სამხედრო წარმოება აქვს და თუკი მას ექნება ფული, ეს სამხედრო წარმოებაც გაგრძელდება. ერთ-ერთი მთავარი რაცაა, უკრაინა აწარმოებს იარაღს არა მარტო უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ პოლონეთის ტერიტორიაზეც და ეს პატარა ამბავი არაა.

არ დაგვავიწყდეს თურქეთიც, ვისთვისაც შავ ზღვაზე რუსეთის გაბატონება გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება - მას დიდი ხანია ამბიციები და მიზნები აქვს ეგეოსის ზღვაში და ახლა გამოდის, მან ფოკუსი უნდა შეცვალოს და ეგეოსის ზღვიდან გადმოვიდეს შავ ზღვაზე, რათა შეაკავოს რუსეთი, რომელიც იქნება დომინანტი შავ ზღვაში და საბოლოო ჯამში, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მარტო თურქულ უსაფრთხოებას, არამედ ნატოს ქვეყნების უსაფრთხოებას, მათ შორის - რუმინეთის და ბულგარეთის.

იხილეთ ასევე: