სირიის უსაფრთხოების ძალებმა 300-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ სირიის ომის მონიტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 524 ადამიანს აღწევს, მათ შორის, 213 უსაფრთხოების ძალების წევრი და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი მებრძოლია.
შეტაკებების დაწყების შემდეგ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს „ახალი სირიის გამოცდა სურთ“.
„სირია ერთიანია. თუ ერთ პროვინციას ზიანი მიადგება, მას ყველა სხვა პროვინცია დაიცავს. ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაყოფა აღარ არსებობს, სირია ყველას ეკუთვნის და ისინი, ვინც ხალხს თავს ესხმიან, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - განაცხადა ალ-შარაამ.