ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი საყვარელი მომღერალი კაცი ან პოლიტიკოსი, მოულოდნელად შეიცვალა, უფრო სიმპათიური გახდა ან წონაში საგრძნობლად დაიკლო. წარმოიდგინეთ, ეს შეიძლება სულაც არ იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით მიღებული შედეგი და მან პლასტიკურ ქირურგს მიაკითხა.
ცნობილი პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე სულამანიძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ბოლო დროს კაცების მხრიდან პლასტიკური ოპერაციების მიმართ ინტერესი გაიზარდა. გარდა ბოტოქსისა და რინოპლასტიკის, ისინი ხშირად იკეთებენ ბლეფაროპლასტიკას (თვალის ქუთუთოს პლასტიკა) და ლიპოსკულპტურას, ეს მაშინ თუ კაცს სურს უფრო მასკულინური და ნატურალური სხეულის ფორმები ჰქონდეს.
როგორც პლასტიკური ქირურგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მას ხშირად მიმართავენ პოლიტიკოსები, მსახიობები და ბიზნესმენები. რა მოლოდინებს აქვთ მამაკაცებს პლასტიკური ოპერაციების მიმართ და რომელი პროცედურებია პოპულარული, ამ და სხვა საინტერესო დეტალებს ინტერვიუში წაიკითხავთ:
- ბატონო კოტე, როგორია ბოლო წლებში მამაკაცების დაინტერესება პლასტიკური ოპერაციების მიმართ საქართველოში?
- პლასტიკური ქირურგია ყოველთვის იყო საინტერესო როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, მაგრამ ბოლო წლებში მამაკაცებში უფრო გაიზარდა დაინტერესება, რადგან დაიხვეწა ახალი მეთოდები ლიპოსაქციისა და ლიპოსკულპტურის, რომელთან საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მასკულინური სხეულის შექმნა.
- ჩვენ რომ გვგონია, კაცმა ვარჯიშით მიაღწია ამ შედეგს, შეიძლება ლიპოსაქციის შედეგი იყოს?
- დიახ, თუმცა შეიძლება ორივეს კომბინაციაც იყოს. ბევრი ამბობს, რომ მარტივია ოპერაციის გაკეთება და აღარ უნდა ვარჯიშო, მაგრამ არანაკლებად რთულია ოპერაციაც. ბევრი ისეთებიც იკეთებენ მსგავს ოპერაციას ვინც ვარჯიშობენ.
- რა ფაქტორები უბიძგებთ მამაკაცებს, რომ ესთეტიკური ჩარევები გაიკეთონ?
- მოდაშია ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრება, სპორტი, ვარჯიში. ეს რთულია, როდესაც დაკავებული ხარ, სამსახური გაქვს, ოჯახი, ამიტომ გჭირდება ძალა და ბრძოლა, რომ კარგი ტანი დაიყენო. იციან, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. თან ერთი რომ გაიკეთებს ოპერაციას, შემდეგ სხვებსაც უყვებიან. პირად მაგალითზე გეტყვით, როდესაც ლიპოსაქცია გავიკეთე, ჩემს რამდენიმე მეგობარს გავუკეთე იგივე პროცედურა.
- რა სახის პროცედურაა?
- ქალების შემთხვევაში თუ კეთდება წელის მაქსიმალური გამოყვანა და დუნდულაში ცხიმის შეყვანა, კაცის შემთხვევაში უფრო მასკულინური ტიპით კეთდება. ვიღებთ ცხიმს მუცელზე, დიაგონალზე, ცენტრალურ ხაზში და შეგვყავს კუნთის შრეში. მაგალითად დიდი მკერდის კუნთი, ბიცებში, ტრიცებში, იქაც ხდება ცხიმის შეყვანა და მამაკაცური ფორმები უფრო ძლიერდება. ზოგიერთ პაციენტს უნდა, რომ რაც შეიძლება ნავარჯიშები ფორმები შევუქმნათ და ზოგიც ამბობს, უცებ არ მინდა მოხდეს, რომ ღიპიანი მოვედი და აქედან აპოლონი გავიდე, რადგან შემეტყობაო.
- პოსტოპერაციული პერიოდის გადატანა არ უჭირთ?
- ჩვენ კი ვამბობთ, რომ ძლიერი სქესი ვართ და ქალები სუსტები არიან, სინამდვილეში პირიქით არის. ქალები უფრო ყოჩაღად იტანენ ასეთ ოპერაციებს. ქალის ორგანიზმი ბუნებრივად მიჩვეულია სტრესს, ორსულობის, მშობიარობის გამო, კაცების შემთხვევაში ცოტა უფრო რთულია რეაბილიტაცია, მაგრამ მაინც ინდივიდუალურია. ჩემთვის მაგალითად მარტივი იყო. ჯერ მე გავაკეთე სამი ლიპოსაქცია და შემდეგ მე გამიკეთეს. სამ დღეში გავედი და ოპერაციებზე დავდექი.
- მამაკაცებში სახის პლასტიკა უფრო მოთხოვნადია თუ სხეულის კორექცია?
- სახის პლასტიკაში გამოვარჩევდი ბლეფაროპლასტიკას, ქუთუთოების ოპერაციას. ძალიან ბევრია მათ შორის პოლიტიკოსი, ბევრი მსახიობი, ვარსკვლავი. შემდეგ იღებს ათდღიან შვებულებას და გამოდის შემდეგ ეკრანზე. ეს არის მამაკაცური ტიპის ფტოზი, რომელსაც დაღლილობის ეფექტი აქვს და ეს არის ძალიან ხშირი ოპერაცია მამაკაცებში. ასევე ხშირია რინოპლასტიკა, გამოწეული ყურების კორექცია.
- ბოტოქსი, ფილერი თუ ლიფტინგი, რომელი ლიდერობს?
- ბოტოქსის მსოფლიოში ნომერ პირველი ესთეტიკური პროცედურაა. მსოფლიოში ყოველწლიურად ათ მილიონზე მეტი პროცედურა ტარდება, პროცენტულად მამაკაცები 25-30 პროცენტია, საქართველოში დაახლოებით 20 პროცენტი. ფილერებს მამაკაცები არ იკეთებენ, არ აინტერესებთ ტუჩების დაბერვა. ბოტოქსით ძირითადად შუბლისა და თვალის ნაოჭებს ისწორებენ.
- რისი ეშინიათ კაცებს ოპერაციამდე?
- არაბუნებრიობის ეფექტი, ფემინიზაციის ეფექტი, ქალური ფორმები არ მიიღონ, ასევე ვინმემ რომ არ შეატყონ. შემდეგ მოდის უკვე ნარკოზი, მაგრამ თანამედროვე ნარკოზი ისეთ დონეზეა ასული, რომ ანესთეზიოლოგი პირიქით იცავს პაციენტს ქირურგისგან, აღარ არის ისეთი დრო, როდესაც მეხსიერებაზე მოქმედებდა ან თმის ცვენას იწვევდა. და ცხადია, კონფიდენციალურობა. ისინი ძირითადად დღის ბოლოს მოდიან, ასევე პალატაში მარტო რჩება.
- უჩვეულო თხოვნებით თუ მოდიან...
- პლასტიკურ ქირურგიაში ითვლება, რომ როდესაც პაციენტი მოდის მოთხოვნით და ამბობს, მინდა, ბრედ პიტის სახე მქონდეს, ეს უკვე არასწორია. რაც არ უნდა გააკეთოს ქირურგმა, ამ პაციენტს ქვეცნობიერად აქვს მოთხოვნა, რომ ბრედ პიტი გახდეს და შემდეგ უჩნდება უკმაყოფილების შეგრძნება. პლასტიკური ქირურგი ჯადოსნობა არ არის და ჩვენ მხოლოდ გაუმჯობესება შეგვიძლია.
ასევე როცა მამაკაცი მოდის კონსულტაციაზე ძგიდის პრობლემა მაქვს და სუნთქვის გასწორება მინდა, შემდეგ მიაყოლებს რომ მოდი, პლასტიკურიც გავიკეთოთ და შემდეგ კითხულობს ლიპოსაქციაც ხომ შეიძლება ამ პროცედურებთან ერთან და ბოლოს შევჯერდებით ხოლმე რომ ლიპოსაქციას იკეთებს. თუმცა გამონაკლისები მაინც არსებობენ, მაგალითად ჩვენს კლინიკაში 85 წლის მამაკაცს გავუკეთეთ სახის აჭიმვის ოპერაცია, რომელიც დასაოჯახებლად ემზადებოდა.
- ქართველი იყო?
- აღარ გავაგრძელებ, რომ არ მოხდეს მისი იდენტიფიცირება. მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. პაციენტი თუ ჯანმრთელია, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.
- პოლიტიკა, შოუბიზნესი და ბიზნესი, რომელი სფეროდან უფრო გაკითხავენ მამაკაცები?
- ნომერ პირველი პოლიტიკაა, ეს არის ხალხი, რომელსაც უწევს სულ ეკრანზე ყოფნა. მაგალითად მსახიობს შეუძლია ლამაზად დაბერდეს, მას მაინც ექნება როლი და იქნება პოპულარული. მაგრამ დაღლილი სახით რომ გამოდის პოლიტიკოსი და ცუდად გამოიყურება, მისი იმიჯისთვის არ არის კარგი. გაიხსენეთ სილვიო ბერლუსკონი, რამდენიმეჯერ აქვს სახე აჭიმული. ბევრი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ და საქართველოში იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს.
- წინასაარჩევნოდ ხომ არ გააქტიურდებიან ხოლმე?
- (იცინის) არ ვიცი, არ ვიცი... დავაკვირდეთ და მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად ბაიდენსაც ჰქონდა ორჯერ სახის ლიფტინგი გაკეთებული. არჩევნების წინ კიდევ გაიკეთა რაღაცები.
- რამდენად ჯანმრთელი სახის კანი აქვთ ქართველ კაცებს?
- ჩვენ უფრო მძიმე ქსოვილი გაქვს, ძლიერი კუნთოვანი მასა. ერთის მხრივ კარგია, ნაოჭების გაჩენის ნაკლები შანსია, მაგრამ ემოციური ხალხი ვართ, სიცილი გვიყვარს და ეს აისახება ვიზუალზე. ამის პრევენციაა ბოტოქსი. ემოციური ტიპის დაბერება გვახასიათებს.
- მარტო მოდიან თუ პარტნიორი ან მეუღლე ახლავთ.
- არის შემთხვევები როდესაც მეუღლესთან ერთად მოდიან, ამ დროს ქალს უკვე გაკეთებული აქვს ოპერაციები და შემდეგ მოჰყავს, ოჯახის წევრები, მეგობრები და ბოლოს მეუღლე. ამ დროს კაცი ზის ჩუმად და ქალი ლაპარაკობს, ეს გავასწოროთ, ის გავასწოროთ, ამ დროს ვეკითხები მამაკაცს, ეს ნამდვილად თქვენ გინდათ?
- რა ასაკის მამაკაცები ჭარბობენ პლასტიკურ ოპერაციის თხოვნით.
- რინოპლასტიკას უფრო ახალგაზრდები იკეთებენ, 20-25 წლის. მაგრამ უფრო პოპულარულია 40 წლიდან, როცა მამაკაცმა უკვე რაღას მიაღწია, აქვს დრო, ფინანსური შესაძლებლობა.
- ქალებს ნებისმიერი კოსმეტიკური თუ პლასტიკური პროცედურა გვაბედნიერებს. კაცები რამდენად გამოხატავენ ემოციებს.
- ძირითადად უფრო მეტადაც უხარიათ, არ სჯერათ, რომ შეიძლება ასეთი შედეგის მიღება. ქალები უფრო ინფორმირებულები არიან, კაცები მოდიან პირდაპირ, თუ ექიმს ენდობა, არც შეხედავს არაფერს.
წაიკითხეთ ასევე: