მსოფლიოში ბოლო დროის ყველაზე აქტუალური და განხილვადი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებები და განცხადებებია. რუსეთ-უკრაინის ომისადმი მისმა დამოკიდებულებამ, უკრაინისთვის შეჩერებულმა დახმარებამ ბევრ ძალიან სერიოზულად დააფიქრა უსაფრთხოების იმ ქოლგის საიმედოობაზე, რასაც აშშ-ში წლების განმავლობაში საკუთარ პარტნიორებს სთავაზობდა. დონალდ ტრამპი გაუთავებლად ლაპარაკობს ომის დასრულებისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე, მაგრამ მისი ე.წ. სამშვიდობო პოლიტიკა დღემდე გაუგებარი და მიუღებელია ბევრი უკრაინელისა თუ ევროპელისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროპა საკუთარი უსაფრთხოების გაზრდაზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე იწყებს ფიქრს - 6 მარტს ბრიუსელში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა იქ ჩასულ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს და თავდაცვის ხარჯების ზრდაზე შეთანხმდნენ. პარალელურად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპელებს ატომურ თავდაცვაზე საუბარს სთავაზობს, გერმანია კი სამხედრო ხარჯებს ზრდის. „ეს წყალგამყოფი მომენტია ევროპისთვის და უკრაინისთვის, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის წევრისთვის“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრისა გახსნისა. „ევროპა ცხადი და არსებული საფრთხის წინაშეა“, - დასძინა მან. სამიტამდე ორი დღით ადრე მან ევროკავშირის ლიდერებს ევროპის გადაიარაღების გეგმა წარუდგინა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საკუთარი თავდაცვისთვის ჯამში 800 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ეს მოიცავს 150 მილიარდ ევრომდე ღირებულების მექანიზმსაც, რომლიდანაც ბრიუსელი წევრ სახელმწიფოებს სესხს მიაწვდის გადაიარაღების დასაფინანსებლად. 6 მარტის შეკრებაზე ევროპელმა ლიდერებმა ამ გეგმას მხარი დაუჭირეს. როგორ შეიძლება შეფასდეს შექმნილი ვითარება, რას ცდილობს დონალდ ტრამპი და რამდენად საიმედო შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომზე შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების სერიოზული გარანტიების მიცემის გარეშე? - ამ თემებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:
“ტრამპის მოქმედებები, სამწუხაროდ, ანგრევს იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც დღემდე აშშ-ის სიძლიერესა და პირველობაზე იდგა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, მას არა აქვს გრძელვადიანი სტრატეგია და მხოლოდ ტაქტიკურად მოქმედებს, დაახლოებით ასე - რაც მოეპრიანება, იმას აკეთებს. მერე აღმოაჩენს, რომ ეს არ ამართლებს, და ცვლის და ა.შ., თანაც ამერიკის პრეზიდენტის სიტყვამ დაკარგა ძალა, ერთ დღეს ამბობს, რომ ზელენსკი დიქტატორია, მეორე დღეს უკვირს, მე ვთქვი ეგ? არ ვიტყოდიო... რუსეთს ჯერ ლამის მშვიდობის მტრედად აცხადებს, მეორე დღეს კი სანქციებით ემუქრება. ისე, მე არ მჯერა, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. მეტიც, იმ ოქროს ბარათების 5 მილიონ დოლარად გაყიდვის ინიციატივით, ფაქტობრივად, რუს ოლიგარქებს მიეცემათ საშუალება თავისუფლად იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში და ყოველგვარ სანქციებს აუარონ გვერდი...
ამასთანავე, ტრამპი რუსეთზე დამუქრებით ცდილობს ერთგვარი ხარკი გადაუხადოს იმ კონგრესმენებსა და სენატორებს, ვინც მის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ხომ ნახეთ, უკვე რესპუბლიკელი კონგრესმენები აუჯანყდნენ და გამოვიდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მოთხოვნით. მოკლედ, იმ ძირითად დოქტრინებს - ადამიანის უფლებებს, მის თავისუფლებას და ა.შ., რაზეც დგას აშშ-ის დემოკრატია, ტრამპი ფარატინა ქაღალდად აქცევს. ამიტომაც მგონია, რომ ტრამპის პრეზიდენტობა არ დასრულდება კეთილად. არ გამოვრიცხავ, მისი იმპიჩმენტიც ვიხილოთ. თუ ასე გააგრძელა, მასა და ამერიკელების მნიშვნელოვან ნაწილს შორის დიდი ბზარი გაჩნდება, რაც რღვევად შეიძლება გადაიქცეს. ჩემი აზრით, ტრამპის გაპრეზიდენტება ნეგატიური, მეტიც, ანტიამერიკული მოვლენა იყო, რაც ცხადყოფს თვითონ ამერიკელ საზოგადოებაში არსებულ ძალიან დიდ პრობლემებს...
რომის პაპის ტახტი ცარიელი არასდროს რჩება” - საფრანგეთსაც აქვს თავისი ამბიციები და მაკრონმა რაკი დაინახა, რომ ტრამპის ხელში აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიცია ირყევა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საფრანგეთს ერთგვარად ნაპოლეონისებური მნიშვნელობა დაუბრუნოს. ნებისმიერ მოვლენას, როგორც იანუსს, ორი სახე აქვს - კარგი და ცუდი. ტრამპის პოლიტიკის ნათელი მხარე სწორედ ის არის, რომ ევროპა გამოაღვიძა. დღეს მიდის ევროპის შეკავშირება. ნახავდით, ალბათ, რომ მაკრონის ოპონენტმა მარინ ლე პენმაც კი დაგმო ტრამპის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება და ევროპის გადაიარაღებას დაუჭირა მხარი. წაიკითხეთ სრულად