ავტორი:

"არაფერი დამიშავებია, რომ ეთიკის კომისიას უნივერსიტეტიდან გავეშვი" - თეატრალური უნივერსიტეტის პროტესტანტ სტუდენტებს სტატუსი შეუჩერეს

"არაფერი დამიშავებია, რომ ეთიკის კომისიას უნივერსიტეტიდან გავეშვი" - თეატრალური უნივერსიტეტის პროტესტანტ სტუდენტებს სტატუსი შეუჩერეს

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეუწყვიტეს, ინფორმაცია მოძრაობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

"დღეს, პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიღებული წერილში წერია, რომ გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ მიიღო:

"როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია, 3 სამუშაო დღის ვადაში რექტორთან, წერილობითი მიმართვის საფუძველზე".

9 მარტს, სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა დატოვეს. ამ დღეს, შენობაში პოლიცია სამჯერ იყო გამოძახებული.მეორე გამოძახებაზე შენობაში მყოფ სტუდენტებს 5000-5000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. პროტესტი უნივერსიტეტის ფოიეში 80 დღეზე მეტი გრძელდებოდა.

პოლიციის მისვლის მომენტში შენობაში 20-ზე მეტი სტუდენტი იყო. ადვოკატის თქმით, დაჯარიმებულია ცხრა მათგანი.

მაშო მაყაშვილი, ერთ-ერთია ვისაც ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული მეილი მიუვიდა. Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებლად გააპროტესტებს

"83 დღე ვიყავი უნივერსიტეტის შენობაში უწყვეტ პროტესტში. სტუდენტების რაოდენობა სულ იცვლებოდა. ყველა ღამეს ვათენებდით. თავდაპირველად ადმინისტრაციის მხრიდან იყო მოლაპარაკებების მცდელობები, მაგრამ ბოლო ერთი თვეზე მეტია არანაირი კონტაქტი არ ყოფილა ბოლო დღეებამდე. გუშინ, ცხრა სტუდენტი დაგვაჯარიმეს. რა თქმა უნდა, გავაპროტესტებთ, როგორც ჯარიმას, ასევე უნივერსიტეტიდან გამოგდების ფაქტსაც.

- თქვენ რომელ კურსზე სწავლობთ?

- წესით დამთავრებული უნდა მქონდეს უნივერსიტეტი, მაგრამ ჩემმა ხელმძღვანელმა ვერ მოახერხა ჩატეულ დროში სპექტაკლის დადგმა, ამიტომ დამატებითი სემესტრის აღება მომიწია. ახლა ვიგებ, რომ უნივერსიტეტიდან გამიშვეს.

- დღეს რა ხდება პროტესტთან დაკავშირებით?

- უნივერსიტეტში ვერავინ ვეღარ რჩება, მაგრამ პროტესტი გრძელდება. გარეთ გამოვალთ და უფრო მძაფრს დონეს მიიღებს ეს პროტესტი.

- სულ რამდენ სტუდენტს მოგივიდათ მეილი?

- ახლა ვითვლით, ჯერჯერობით რაც ვნახეთ, 8-9 სტუდენტს და მგონია, უფრო მეტი არიან.

- ეს ხართ ის სტუდენტები ვინც შენობაში გამართულ საპროტესტო ტალღაში მონაწილეობდით?

- დიახ, მხოლოდ ის სტუდენტები ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენს აქტივობას ვაბრალებთ. პირადად მე ამ დროის განმავლობაში არაფერი დამიშავებია, რომ ეთიკის კომისიას უნივერსიტეტიდან გავეშვი.

იხილეთ ასევე: