პატარა თვითმფრინავი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, კვირას ლანკასტერის აეროპორტთან ახლოს, პენსილვანიაში, ავტოსადგომზე ჩამოვარდა. ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ერთძრავიან თვითმფრინავ Beechcraft Bonanza-ს ინციდენტი ლანკასტერის ოლქში, 9 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე შეემთხვა.
როგორც ოლქის სახანძრო დახმარების ხელმძღვანელმა, სკოტ ლიტლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვითმფრინავში მყოფი ხუთი ადამიანი გადარჩა და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პილოტისა და მგზავრების მდგომარეობის შესახებ მას დეტალები არ გაუვრცელებია.
ლიტლის თქმით, მიწაზე არავინ დაშავებულა და თვითმფრინავს არც შენობები დაუზიანებია. თუმცა, თვითმფრინავმა, რომელიც აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, საკურორტო Brethren Village-ის ავტოსადგომზე სულ მცირე, თორმეტი მანქანა დააზიანა.
სოციალურ მედიაში გაზიარებულ ვიდეოკადრებში ჩანდა შავი კვამლი, რომელიც ნამსხვრევებიდან ამოდიოდა და რამდენიმე დაპარკინგებული მანქანა, რომელიც ცეცხლში იყო გახვეული. ავარიის ადგილი ფილადელფიიდან დასავლეთით, დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარეობს.
როგორც პენსილვანიის გუბერნატორმა, ჯოშ შაპირომ განაცხადა, ადგილობრივ პირველადი რეაგირების სამსახურებს სახელმწიფო პოლიცია ეხმარება.
მომხდარს წინ უსწრებდა ავიაკატასტროფების სერიას, რამაც საზოგადოების გვარიანად შეშფოთა. იანვრის ბოლოს, American Airlines-ის თვითმფრინავი აშშ-ის არმიის ვერტმფრენს ვაშინგტონის მდინარე პოტომაკის თავზე შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე საჰაერო ხომალდში მყოფი 67 ადამიანი დაიღუპა.
ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური პირები კვლავ იძიებენ ვაშინგტონის ავარიას, ისევე, როგორც სამედიცინო რეაქტიული თვითმფრინავის ავარიას ფილადელფიაში, რომელიც ასევე იანვარში მოხდა და 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოძიება მიმდინარეობს თებერვალში მომხდარ ინციდენტზე ალასკაშიც, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.