ავტორი:

მასკი აცხადებს, რომ Starlink-ს არასდროს გაუთიშავს უკრაინას - "ეს არ იქცევა ვაჭრობის საშუალებად"

მასკი აცხადებს, რომ Starlink-ს არასდროს გაუთიშავს უკრაინას - "ეს არ იქცევა ვაჭრობის საშუალებად"

“როგორც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდე უკრაინის პოლიტიკას, Starlink-ი არასოდეს გამორთავს თავის ტერმინალებს", - ამის შესახებ მილიარდერმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა, SpaceX-ის და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.

  • ამით აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უპასუხა. რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინისთვის Starlink-ის საფასურს მათი ქვეყანა იხდის.

“ძალიან გასაგებად რომ ვთქვა, როგორც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდე უკრაინის პოლიტიკას, Starlink-ი არასოდეს გამორთავს თავის ტერმინალებს. მე მარტივად ვამბობ, რომ Starlink-ის გარეშე უკრაინული ხაზები მწყობრიდან გამოვიდოდა, რადგან რუსებს შეუძლიათ ყველა სხვა კომუნიკაციის ჩახშობა. ჩვენ არასდროს გავაკეთებდით ასეთ რამეს და არ გამოვიყენებდით მას, როგორც ვაჭრობის საშუალებას“, - წერს მასკი.

  • მანამდე კი მას “პატარა კაცი“ უწოდა:

“ჩუმად იყავი, პატარა კაცო, თქვენ იხდით ღირებულების მცირე ნაწილს. Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს“, - მიმართა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა სიკორსკის.

  • საჯარო პირებს შორის განცხადებებით დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ თუ SpaceX რომ Starlink-ი “უკრაინის არმიის ხერხემალია“ და თუ მას გამოურთავს, ფრონტის მთელი ხაზი ჩამოიშლება.

აღნიშნულს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უპასუხა. მისი თქმით, “თუ SpaceX უკრაინისთვის არასაიმედო მიმწოდებელი აღმოჩნდება, ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ“.

“უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთის გაციფროვნების სამინისტრო წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის გარდა, თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, სხვა მომწოდებლები მოვძებნოთ“, - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

  • თუმცა, პოლონეთის საჯარო პირის განცხადება არც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

“ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იქნებოდნენ“, - დაწერა რუბიომ სიკორსკის განცხადების საპასუხოდ.

იხილეთ ასევე: