ავტორი:

მორაგბე შეყვარებული და მონაწილეობა "ოცნების" მხარდამჭერ კონცერტებში - რა არის ცნობილი მომღერალზე, რომელიც, სავარაუდოდ, "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით იმღერებს

მორაგბე შეყვარებული და მონაწილეობა "ოცნების" მხარდამჭერ კონცერტებში - რა არის ცნობილი მომღერალზე, რომელიც, სავარაუდოდ, "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით იმღერებს

გასულ კვირას, მომღერალმა თათია კობალაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ საქართველოს წელს "ევროვიზიაზე“ მარიამ შენგელია წარადგენდა, სიმღერით "ანა ბანა“. თათია თავადაც მონაწილეობდა წინა შესარჩევ კონკურსში, თუმცა წელს კონკურსის გარეშე დარჩა.

"პირველი არხს" ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, რომ მარიამ შენგელია ნამდვილად წარდგება "ევროვიზიაზე". სიმღერა და კონკურსანტი, სავარაუდოდ, 15 მარტისთვის გახდება ცნობილი.

  • ვინ არის 22 წლის მარიამ შენგელია

წარმოშობით ზუგდიდელი გოგონა 2018 წელს მუსიკალური კონკურსებში გამოჩნდა. ბოლო წლებია შენგელიას თავისი ბენდი, სახელად "მიქსტურა“ ჰყავს, რომელიც, ძირითადად, ცნობილი სიმღერების ქავერებს ასრულებს.

"მეხუმრებიან ხოლმე, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინე, საიდან ხარო. დავიბადე სამეგრელოში, გავიზარდე თბილისში. 12 წლიდან, ოჯახური პრობლემების გამო, რამდენიმე წლით ისევ სამეგრელოში მომიწია წასვლა. არც იქ გავჩერებულვარ, იქაც ვმღეროდი. 15-16 წლის ვიყავი, როცა ისევ თბილისში წამოვედი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ", - ამბობს მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • პირადი ცხოვრება

მარიამი პირად ცხოვრებაზე ნაკლებად ლაპარაკობს, თუმცა ცნობილია, რომ მისი შეყვარებული მომღერალზე ათი წლით უფროსი, მორაგბე გიორგი მჭედლიშვილია. წყვილის საერთო ფოტოები სოციალურ ქსელში რამდენიმეჯერ გავრცელდა, თუმცა ამ დროისთვის მარიამის "ინსტაგრამის" პროფილზე ეს სურათები აღარ იძებნება.

"როდესაც შეყვარებული ვარ, ისეთი ბედნიერი, რომ ყველა საქმეს ორმაგად კარგად ვაკეთებ. აქამდე კარიერასა და პირადს ვერ ვუთავსებდი ერთმანეთს, მაგრამ თურმე, როცა გიყვარდება, სულ სხვანაირად ხდება. დღეს კარიერაში ზუსტად იმიტომ ვარ კარგად, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც მაძლევს ძალას ყველაფრის საუკეთესოდ გასაკეთებლად. თურმე, კარიერა სიყვარულს არ გამორიცხავს, ამ ადამიანმა დაამსხვრია ჩემი წარმოდგენები...“ - ამბობს ის რამდენიმე თვის წინ, ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

  • პოლიტიკური სკანდალი

მარიამ შენგელია რამდენიმე თვის წინ, "ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მხარდამჭერ კონცერტებზე გამოჩნდა. 2024 წლის აგვისტოში, ონში გამართულ კონცერტზე განაცხადა: "ჩემი მთავარი გზავნილია მშვიდობა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. შეგახსენებთ, რომ ეს იყო მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი.

ჯგუფი „მიქსტურა“ ოლიმპიელებთან ერთად

23 ოქტომბერს კი, თავისუფლების მოედანზე "ოცნების" მხარდამჭერ დასკვნით კონცერტზე გამოსვლისას მედიასთან პირად ემოციებზე ისაუბრა.

"ორ თვეში შემოვიარე მთელი საქართველო და ხალხისგან მივიღე უდიდესი სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუხრა ყველა რეგიონს მისთვის. დღეს რომ აქ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამხელა აუდიტორიის წინაშე უნდა წარვდგე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი. მშვიდობით უნდა შევინარჩუნოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა მომღერალმა.

არჩევნების შემდეგ კი, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე მარიამი ერთ-ერთი იყო იმ მომღერლებს შორის, ვისაც აქციის მონაწილეების მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს. მას სოციალურ ქსელებში ხელისუფლების ფავორიტ მომღერლად მოიხსენიებენ.